სიახლეები
TDI
იან/2025

განათლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

24 იანვარს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) გამართა განათლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება საქართველოს სკოლებში“. 

მშვიდობასა და განვითარებაში განათლების როლის აღსანიშნავად, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2018 წელს 24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში მააიკე ვან კოლდმანმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლმა.  

ღონისძიება გაიხსნა გამოფენით - „გამბედაობის ვექტორი“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პოსტერები იმ თორმეტი ადამიანის მოღვაწეობის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში, საქართველოსა და მსოფლიოში დაუპირისპირდნენ უმრავლესობის შეუწყნარებლობას. 

ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა მააიკე ვან კოლდმანმა ისაუბრა ჰოლანდიის წინააღმდეგობის გმირ დიიტ ემანზე,  მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის (CIPDD) წარმომადგენელმა ელენე ნოდიამ წარადგინა უფლებადამცველი ემილ ადელხანოვი, მუსლიმი თემის წარმომადგენელმა ჰურიე აბაშიძემ ისაუბრა მეცნიერ ალექსანდრე (საბა) კლდიაშვილზე, ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელმა ოქტაი ქაზუმოვმა ილაპარაკა ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილის წვლილზე, რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია წარადგინა სომეხთა თემის წარმომადგენელმა,  სმისონიანის ინსტიტუტის მკვლევარმა მილენა ოგანესიანმა.

კონფერენციის პირველი სესია საქართველოს სკოლებში ტოლერანტობასა და რელიგიურ–ეთნიკური მრავალფეროვნების საკითხებზე მსჯელობას დაეთმო. 

პირველი პანელი ეხებოდა სკოლებში ტოლერანტული ღირებულებების დანერგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. მომხსენებლები იყვნენ: ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენელი მაკო ღავთაძე, ფსიქოლოგი ჰურიე აბაშიძე, მშვიდობის ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ტუმასიანი და თბილისის 94–ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ეკა სიმსივე.

კონფერენციის მეორე პანელზე, მრავალფეროვნების სწავლების სტრატეგია სკოლებში, ისაუბრეს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენელმა ეკა ჭითანავამ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარიამ ჩიქობავამ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ, საქართველოს ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა ოქტაი ქაზუმოვმა. 

კონფერენციის მესამე ნაწილი დაეთმო სამოქალაქო საზოგადოების იმ ინიციატივების გაცნობას, რომლებიც საგანმანათლებლო სივრცეში ტოლერანტული ცნობიერების დანერგვას ისახავს მიზნად. საკუთარი პროექტები მიმოიხილეს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა, საქართველოს გაეროს ასოციაციამ, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორის ურთიერთობების ცენტრმა, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტმა (CIPDD), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ (GDI), მედიის განვითარების ფონდმა (MDF), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA) და წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე სოციალურმა საწარმომ, გუმბათი.  

კონფერენციის დასკვნით ნაწილში TDI–ს წარმომადგენელმა ნინო ცინცაძემ აუდიტორიას გააცნო TDI-ის მიერ მომზადებული დამხმარე სასწავლო რესურსი მასწავლებლებისთვის „ტოლერანტობის გაკვეთილები“

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის მასწავლებლები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები,  საელჩოების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები. 

კონფერენცია ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის “რელიგიური ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა საჯარო სკოლებში” ფარგლებში.