სიახლეები
TDI
იან/2031

შეხვედრა სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებთან

31 იანვარს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) გამართა სამუშაო შეხვედრა სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით. შეხვედრის მიზანია, ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში აისახოს რელიგიური და ეთნიკური ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობის, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპები და კულტურული მრავალფეროვნება.

მიმდინარე წელს მომზადდება, შეირჩევა და გრიფირებას გაივლის მერვე კლასის ახალი სახელმძღვანელოები. სწორედ ამიტომ, TDI–მ შეისწავლა მოქმედი მერვე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოები, რომელთა შინაარსის ანალიზის საფუძველზე ავტორებს, გამომცემლობებსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შესთავაზა შესაბამისი რეკომენდაციები. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, გეოგრაფიის საგნობრივი ექსპერტები, გამომცემლობების წარმომადგენლები და სახელმძღვანელოების ავტორები. 

TDI 2016 წლიდან აანალიზებს მოქმედი სასკოლო სახელმძღვანელოების შინაარსს და მათ შესაბამისობას ტოლერანტულ ღირებულებებთან და ადამიანის უფლებებთან. სახელმძღვანელოებში გამოვლინდა არანეიტრალური ენა და მიკერძოებული სარედაქციო პოზიცია, სიძულვილის ენის შემცველი ან სტერეოტიპული ტერმინოლოგია, ეთნოცენტრიზმის, არააკადემიური აღწერის მაგალითები და მცდარი ტერმინები. გარდა ამისა, საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება სრულფასოვნად არ იყო ასახული  და წარმოჩენილი დადებით კონტექსტში.

შესწავლილი სახელმძღვანელოებისა და გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე, ორგანიზაციამ 2018 წელს მოამზადა სპეციალური გზამკვლევი ავტორებისთვის. გზამკვლევის მიზანია ინტერკულტურული, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის ასპექტების შესწავლა, ხარვეზების იდენტიფიცირება და ავტორებისათვის შესაბამისი რეკომენდაცების შეთავაზება. 

2019 წლიდან განათლების სამინისტრომ დაიწყო სასკოლო საბაზო საფეხურის ახალი სახელმძღვანელოების გრიფირება. მისასალმებელია, რომ 2019 წელს განათლების სამინისტრომ საბაზო საფეხურის VII კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში, კონკურსში წარდგენილი სახელმძღვანელოების შეფასებისას, დარგობრივ სპეციალისტებთან ერთად, ჩართო ადამიანის უფლებების ექსპერტები. ადამიანის უფლებებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის კრიტერიუმი ითვალისწინებდა სახელმძღვანელოების შინაარსის შეფასებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების კულტურის ასახვის კუთხითაც.

TDI აქტიურად თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სახელმძღვანელოების გამომცემლობებთან და ავტორებთან, რათა გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება და ერთობლივად იმუშავოს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრასა და სახელმძღვანელოების ეთიკური, ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე.  

სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშრებულ სამუშაო პროცესს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ახორციელებს პროექტის “რელიგიური ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა საჯარო სკოლებში” ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. 

 

სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშრებულ სამუშაო პროცესს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ახორციელებს პროექტის “რელიგიური ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა საჯარო სკოლებში” ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.