სიახლეები
TDI
მაისი/2006

TDI-ს ანგარიში: რელიგიის თავისუფლება საქართველოში

6 მაისს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) გამოაქვეყნა ანგარიში რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში (2010-2019). 

ანგარიშში შეფასებულია 2010-2019 წლებში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის პრობლემატიკა და ტენდენციები. ასევე წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები. სხვა საკითხებთან ერთად, განხილულია: 

  • სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის პრობლემა; 
  • რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მანდატი და როლი;
  • რელიგიური გაერთიანებების დაფინანსება და მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებული პრივილეგიები; 
  • რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო ინიციატივები და დისკრიმინაციული კანონმდებლობა; 
  • საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცენდენტული გადაწყვეტილებები;
  • რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულები და სახელმწიფოს რეაგირება; 
  • საკუთრებასთან, რელიგიური დანიშნულების ნაგებობების მშენებლობასთან და დაბრუნებასთან  დაკავშირებული საკითხები; 
  • საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალობის დარღვევისა და დისკრიმინაციის პრობლემა. 

საქართველოში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემების დიდი ნაწილი სისტემური ხასიათისაა. სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა საქართველოს საპატრიარქოსთვის ფინანსური, სამართლებრივი და სოციალური პრივილეგიების მინიჭებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამო. მეორე მხრივ, სახელმწიფო თვითნებურად ერევა რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში. 2017 წელს სახელმწიფო შეეცადა კონსტიტუციური რეფორმის ფარგლებში რელიგიის თავისუფლება შეეზღუდა ისეთი არაგანჭვრეტადი და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო კრიტერიუმით, როგორიცაა “სახელმწიფო უსაფრთხოება”. პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოქმედი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დეკლარირებული პოლიტიკა და პრაქტიკა ასევე მიმართულია არა რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის დაცვის, არამედ მათი დიფერენციაციისა და სახელმწიფო კონტროლის გაზრდისკენ. 

2019 წელს აქტიურად განიხილებოდა რელიგიისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ სპეციალური კანონის მიღების საკითხი.  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, და ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაცია “სპეციალური რეგულაციების” აუცილებლობაზე საუბრობდნენ, მაშინ როდესაც კანონმდებლობაში რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის დამატებითი რეგულირების საჭიროება არ არსებობს და სახელმწიფო არ უნდა განსაზღვრავდეს ,,რელიგიისა” და ,,რელიგიური გაერთიანებების” ცნებებს. საქართველოს კონტექსტისა და სახელმწიფოს რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გათვალისწინებით, არსებობს მაღალი რისკი, რომ მსგავსი კანონმდებლობის არსებობა გამოიწვევს კონფესიების იერარქიზაციასა და მათ დაყოფას სხვადასხვა ნიშნით.

ანგარიშის მომზადების პროცესში ემპირიული მასალის მოპოვებისა და დამუშავებისთვის გამოყენებულია სხვადასხვა კვლევითი ინსტრუმენტი: სამაგიდო კვლევა,  საქართველოს კანონმდებლობის, სახელმწიფო დოკუმენტების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ანგარიშების, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის, TDI-ის მიერ განხორციელებული სამართალწარმოების შედეგების, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და რელიგიურ გაერთიანებებთან ჩაწერილი ინტერვიუების ანალიზი. 

რელიგიის თავისუფლების კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკა და პრაქტიკა შეფასებულია ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით. 

ანგარიში ქართულ ენაზე: http://tdi.ge/sites/default/files/tdi-angarishi-religiis_tavisupleba_sakartveloshi_2010-2019.pdf

ანგარიში ინგლისურ ენაზე: http://tdi.ge/sites/default/files/tdi-report-freedom_of_religion_in_georgia_2010-2019.pdf

ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია და განხილვა: https://bit.ly/2SFytpS