ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ივნ/2104

სასამართლომ ეგვიპტის მოქალაქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი დააკმაყოფილა

2021 წლის 3 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად განიხილა და დააკმაყოფილა ეგვიპტის მოქალაქის  სარჩელი საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

მოსარჩელე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეა, რომელიც წარმოშობის ქვეყანაში მისი რელიგიური მრწამსისა და სექსუალური ორიენტაციის გამო იდევნება. სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მას ემუქრება არაადამიანური მოპყრობის, წამების, ასევე, ჯანრმთელობის და სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე. წარმოშობის ქვეყანაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდა, რასაც მოჰყვა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი. ეგვიპტის სასამართლომ სასჯელის სახით მას თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა განუსაზღვრა.

განმცხადებელმა საქართველოში თავშესაფარი 2017 წელს მოითხოვა. მაშინდელმა თავშესაფრის შესახებ განაცხადების განმხილველმა უწყებამ, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დაადგინა, რომ განმცხადებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ საფრთხე რეალური იყო ეგვიპტის არაბულ რესპუბლიკაში მისი დაბრუნების შემთხვევაში. სამინისტრომ დაადასტურა, რომ არსებობდა ყველა აუცილებელი წინაპირობა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისათვის, თუმცა მაინც უარყოფითი გადაწყვეტილება გამოიტანა. აღნიშნული განაპირობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უარყოფითმა დასკვნამ, რომლის თანახმად, მოსარჩელის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს. აღნიშნული გადაწყვეტილება განმცხადებელმა სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ ახალი აქტის გამოცემის მიზნით, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს.

2020 წელს მიგრაციის დეპარტამენტმა კვლავ უარი განაცხადა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, ამჯერადაც სახელმწიფო უსაფრთხოების მოტივით. გადაწყვეტილება კვლავ სასამართლოში გასაჩივრდა. მოსარჩელის პოზიციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უარყოფითი რეკომენდაცია საფუძველს მოკლებული იყო, ხოლო მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გაითვალისიწნა განმცხადებლის სასარჩელო მოთხოვნები და მათ საფუძვლად არსებული არგუმენტები. შესაბამისად, სასამართლომ მის სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება და სრულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნები. სასამართლომ ბათილად ცნო მიგრაციის დეპარტამენტის უარი და დაავალა მას ახალი აქტის გამოცემა -  განმცხადებლისთვის  საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭება.

მოსარჩელის ინტერესებს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) 2017 წლიდან იცავს.

 

TDI ბენეფიციარებს იურიდიულ დახმარებას უწევს პროექტის "რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა სტრატეგიული სამართალწარმოების გზით" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)" პროექტის ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.