ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება „იმედის ფესტივალთან“ დაკავშირებით

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით “იმედის საერთაშორისო ფესტივალთან” დაკავშირებით განვითარებულ  მოვლენებს და მიგვაჩნია, რომ ფესტივალის გამართვისთვის ხელშეშლა ღონისძიების ორგანიზატორ რელიგიურ გაერთიანებებსა და ფესტივალის მონაწილეებს უზღუდავს რელიგიის თავისუფლებას და შეიცავს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ნიშნებს.   

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2014 წლის 6-8 ივნისს, დაგეგმილი იყო „იმედის საერთაშორისო ფესტივალის“ გამართვა, რომელშიც ადგილობრივი და საერთაშორისო ქრისტიანულ-ევანგელური გაერთიანებები და მრავალი სხვა სტუმარი იღებდა მონაწილეობას. ღონისძიებას, ფესტივალის ორგანიზატორები, ერთი წლის განმავლობაში უწევდნენ ორგანიზებას. ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო სამი დღის მანძილზე, სპორტის სასახლეში, რომლის დირექციასთან ორგანიზატორებმა, დიდი ხნით ადრე, გააფორმეს ხელშეკრულება და გადაიხადეს მომსახურების თანხა. ფესტივალის თაობაზე რეკლამის განთავსების მიზნით შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა სარეკლამო კომპანია აუთდორ.ჯი-სთან. მომსახურების თანხა ორგანიზატორებმა წინასწარ გადაიხადეს.

შეთანხმებების მიუხედავად, ფესტივალის ორგანიზების პროცესში ორგანიზატორები კონტრაქტორებთან არაერთ ბარიერს წააწყდნენ. შექმნილი წინააღმდეგობების გამო, ამ დროისთვის, ფესტივალის გამართვა ღია საჯარო სივრცეში საერთოდ შეუძლებელი გახდა. კერძოდ:

ფესტივალის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, სარეკლამო კომპანია „აუთდორ.ჯი“ -მ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და ჩამოხსნა გარე რეკლამის დიდი ნაწილი, რომელიც მედიისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან საკითხით დაინტერესების შემდეგ აღადგინეს.[1]

2 ივნისს, „იმედის ფესტივალთან“ დაკავშირებით განცხადება გააკეთა არაერთი ექსტრემისტული ქმედების მონაწილე  გიორგი გაბედავამ,  რომელმაც აღნიშნა, რომ ის არ დაუშვებს ფესტივალის ჩატარებას და სირცხვილის კორდონს მოაწყობს სპორტის სასახლეში მიმსვლელი ადამიანებისთვის. [2]

3 ივნისს, ფესტივალის საზეიმო გახსნამდე სამი დღით ადრე, ორგანიზატორებისთვის ცნობილი გახდა, რომ სპორტის სასახლის ერთ-ერთი ფლიგელის სახურავზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც უმოკლეს დროში ჩააქრეს. თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის განცხადებით, ხანძარს მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია. აღნიშნულის მიუხედავად, როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ხანძრიდან რამდენიმე საათში, შენობის მდგრადობის შეფასების გარეშე, სპორტის სასახლის დირექტორმა მათ განუცხადა, რომ შენობის უსაფრთხოების რისკების გამო, სპორტის სასახლეში ღონისძიების გამართვა შემდეგი 6-7 დღის განმავლობაში შეუძლებელი იქნებოდა.

მომდევნო დღეს, შენობის მდგრადობის შეფასების მიზნით, ჩატარდა სახელმწიფო ექსპერტიზა, თუმცა, საკითხზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, მისი შედეგების გამოქვეყნება ფესტივალის ჩატარებამდე ვერ მოხერხდა. სპორტის სასახლის დირექციამ კი, უსაფრთხოების რისკებზე მითითებით, ფესტივალის ორგანიზატორებს არ მისცა შენობაში შესვლისა და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა. იმ პირობებში, როცა ხანძარის მასშტაბი მცირე იყო და ორგანიზატორები, ისევე როგორც სახალხო დამცველისა და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხანძრის მომდევნო დღეებში შეუზღუდავად შედიოდნენ შენობაში, ადმინისტრაციის პასუხი აშკარად დაუსაბუთებელი ჩანს. ცხადია, ეს გარემოება აძლიერებს ფესტივალის ჩატარებისთვის ხელოვნურად ხელშეშლის თაობაზე გაჩენილ ეჭვებს.

ფესტივალის ორგანიზატორების მითითებით, სპორტის სასახლეში ხანძრის გაჩენის შემდეგ, მათი ყველა მცდელობა მოეპოვებინათ ალტერნატიული საჯარო ადგილი ფესტივალისთვის  (მაგალითისთვის, ლოკომოტივის სტადიონი, დინამო, ავჭალის სტადიონი, ცირკი) უშედეგო აღმოჩნდა და ძირითადად იმ მიზეზით, რომ სასურველ დროს აღნიშნული ადგილები თავისუფალი არ იყო, ყველა სივრცემ უარი განაცხადა.

„იმედის ფესტივალის“ ორგანიზატორებს ჰქონდათ კომუნიკაცია ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან, მათ შორის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან, თუმცა, აღნიშნულ ურთიერთობებს რაიმე შედეგი არ მოჰყოლია და ფესტივალის გამართვა ადეკვატურ  საჯარო სივრცეში კვლავაც შეუძლებელი ხდება.

გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში, ყველა მსგავს საჯარო ღონისძიებას მუდმივად ექმნებოდა წინააღმდეგობა, ამასთან, ბოლო პერიოდში რელიგიის თავისუფლების  შეზღუდვის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა, საჯარო სივრცეების ინდოქტრინაციის ტენდენცია და სხვადასხვა ექსტრემისტული ჯგუფის გაძლიერება აჩენს კითხვებსა და ეჭვს, რომ ის ბარიერები, რასაც „იმედის ფესტივალი“ წააწყდა, რელიგიური შეუწყნარებლობითაა მოტივირებული და ხელოვნურადაა წარმოქმნილი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ „იმედის ფესტივალის“ გამართვის ხელშეშლასთან დაკავშირებული ფაქტები სავარაუდოდ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს და საჭიროებს სათანადო შეფასებას დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონით გათვალისწინებული მანდატის ფარგლებში, სახალხო დამცველისა და ასევე, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია

-     გამოძიებულ იქნას ხანძრის გამომწვევი მიზეზები;

-     ფესტივალის ორგანიზატორებს დაუყოვნებლივ მიეცეთ შესაძლებლობა სპორტის სასახლეში ჩაატარონ ექსპერტიზა ხანძრის გამომწვევი მიზეზებისა და შენობის მდგრადობის შემოწმების მიზნით, რათა მომხდართან დაკავშირებით სიმართლე დადგინდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ინფორმირებული იყო ფესტივალის ხელშეშლასთან დაკავშირებული ფაქტების თაობაზე, მან არ მიიღო ეფექტური ზომები ფესტივალის მხარდაჭერის მიზნით. შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას დახმარება აღმოუჩინოს ორგანიზატორებს ფესტივალის დარჩენილი დღეების განმავლობაში მაინც, ღია, საჯარო სივრცეში ღონისძიების გამართვისთვის და ამით აჩვენოს მისი ნება და მზაობა დაიცვას რელიგიის თავისუფლება და მრავალფეროვნება ქვეყანაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მხარდაჭერას ვუცხადებთ „იმედის საერთაშორისო ფესტივალის“ ორგანიზატორებსა და ყველა მონაწილეს, ისარგებლონ კონსტიტუციით აღიარებული რწმენისა და აღმასრებლობის თავისუფლებით და ჩვენი რესურსების გათვალისწინებით, მათ მიმართ სამართლებრივ და სამოქალაქო მხარდაჭერას გამოვხატავთ.

განცხადება ღიაა ხელმოწერისთვის.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);

კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

მედიის განვითარების ფონდი (MDF);

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI).

“სტუდენტური მულტიმედია ჯგუფი რეაქტორი”

იდენტობა

[1] იხ: http://www.tabula.ge/ge/story/83551-imedis-festivalis-bilbordebi-autdorji-m-aeroportis-gzidan-chamoxsna

[2]იხ: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/284334-giorgi-gabedava-qimedis-festivalisq-monatsileebs-qsirckhvilis-koridorisq-motsyobith-emuqreba.html?ar=A

ივნ/1406