ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

არასამთავრობოები რელიგიის საკითხთა სააგენტოს გაუქმების შესახებ

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს მთავრობის ინიციატივას სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებისა და მისი ფუნქციების შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ინტეგრირების თაობაზე. ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად ეხმიანება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართ დაგროვებულ კრიტიკას, თუმცა მოვუწოდებთ მთავრობას მიმდინარე პროცესს არ მისცეს მხოლოდ ფორმალური სტრუქტურული ცვლილების ხასიათი და არსებითად გადასინჯოს რელიგიის თავისუფლების დაცვის სფეროში მთავრობის პოლიტიკა.

2014 წელს სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) შექმნა, ისევე როგორც მისი შემდგომი საქმიანობა მკვეთრად იყო გაკრიტიკებული ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე რელიგიური გაერთიანებების მიერ. საწყის ეტაპზევე რელიგიის თავისუფლების საკითხებზე არამონაწილეობითი ცენტრალიზებული ბიუროკრატული რგოლის გაჩენა, ასევე უწყების მიერ წარმოდგენილისტრატეგიის დოკუმენტის პროექტი და მისი ხელმძღვანელობის წარსული გამოცდილება აჩენდა ეჭვებს, რომ აღნიშნული უწყება რელიგიის თავისუფლების დაცვის სფეროში უსაფრთხოების, კონტროლის  მიდგომებს გააძლიერებდა და რეგრესული გამოცდილებების დამკვიდრებას შეუწყობდა ხელს. 4 წლის განმავლობაში აღნიშნული უწყების საქმიანობის შეფასების შედეგები არსებულ კრიტიკას არსებითად ადასტურებს, მათ შორის: 

-უწყება, მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, მათთვის ქონებრივი ბენეფიტების მინიჭებით ცდილობდა რელიგიური ორგანიზაციების ლოიალობის ან მათზე კონტროლის მოპოვებას, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში ადგილობრივ თემს/მრევლსა და ფორმალურ რელიგიურ ინსტიტუციას შორის გაუცხოების მძიმე სოციალური შედეგი მოჰყვა;

-პრემიერ-მინისტრის უშუალოდ დაქვემდებარებაში ფუნქციონირებისა და კონფლიქტების რეგულირების პირდაპირი მანდატის მიუხედავად, უწყებამ ვერ შეძლო მიმდინარე რელიგიური ხასიათის დავების სამართლიანი გადაწყვეტა. მათ შორის, დღემდე ვერ მოხერხდა სამთაწყაროში,მოხეში,ქობულეთში მუსლიმი თემის უფლებრივი მდგომარეობის ჯეროვანი აღდგენა; 

-ოთხი რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსება, რომელიც სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავდა, მისი დისკრიმინაციული შინაარსისა და არასეკულარული ანაზღაურების და ხარჯვის კონტროლის მიდგომების გამო პრობლემურია და რელიგიური ორგანიზაციების შიდა საქმეებში ჩარევის მაღალ რისკებს შეიცავს. დაფინანსების არსებული პრაქტიკა არა ერთი კრიტიკის მიუხედავად, არ გადასინჯულა; 

-სააგენტოს მიერ ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაციისთვის ისედაც მოქმედი საკულტო ნაგებობების დროებითი სარგებლობის უფლებით გადაცემის პრაქტიკა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნება (რესტიტუცია), რადგან სახელმწიფოს არადომინანტი რელიგიური გაერთიანებებისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების ნება არ გამოუვლენია, ასევე არ მომხდარარესტიტუციის ვალდებულების  კანონმდებლობის დონეზე მოწესრიგება. მეტიც, ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმაში გაწერილი ცალკეული ვალდებულებების მიუხედავად,სააგენტოს არ შეუქმნია პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც რესტიტუციის პოლიტიკის ხედვას გაწერდა.არა ერთი დავისა და რეკომენდაციის მიუხედავად, მთავრობის მიერ ასევე არ გამოინახასადავოდ გამხდარი ისტორიული საკულტო ნაგებობების საკითხის გადაჭრის გზები და მექანიზმები. მიმდინარე წლებში მოხეში მდებარე ისტორიული შენობის კონფესიურ წარმომვალობასთან დაკავშირებული დავის, ასევე თბილისში მდებარე ისტორიული სომხური ეკლესიის - თანდოიანცის ყოველგვარი შესწავლის გარეშე საპატრიარქოსთვის თვითნებური გადაცემის ფაქტები, არსებული დისკრიმინაციული და თვითნებური პოლიტიკის შედეგი და ნათელი მაგალითებია;

-საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სააგენტოს ე.წ. სარეკომენდაციო როლი, რელიგიის თავისუფლებაში სახელმწიფოს ჩარევის და მშენებლობის ნაბართვის მოპოვების სეკულარული წესის შეზღუდვის იარაღი გახდა. ამ პირობებში, მაგალითად, მუსლიმი თემი წლების განმავლობაში ვერ ახერხებს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას. მედიაციური მანდატის მიუხედავად, სააგენტომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესში პოზიტიური და ადამიანის უფლებების მხარდამჭერი როლის შესრულება ფორმალურადაც კი ვერ მოახერხა; 

-კვლევითი სამუშაოების ჩატარების ვალდებულების მიუხედავად უწყებას არ შეუქმნია რელიგიის თავისუფლების კუთხით უფლებრივი მდგომარეობის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც არადომინანტი რელიგიური ჯგუფების გამოწვევებს, საჭიროებებს, წუხილებსა და ინტერესებს ასახავდა. სააგენტო არასდროს გამხდარა რელიგიური ორგანიზაციების დემოკრატიული და თავისუფალი მონაწილეობის სივრცე;

-კანონმდებლობის რევიზიაზე მუშაობის მანდატის მიუხედავად, სააგენტოს არ უღიარებია ისეთი დისკრიმინაციული ჩანაწერების არსებობა კანონმდებლობაში, რომელზეც წლების განმავლობაში სახალხო დამცველი თუ სხვა ავტორიტეტული სააერთაშორისო ორგანიზაციები უთითებს და როელიც მათ შორის დადასტურდა, 2018 წლის 3 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ორი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებით;

-უწყების მიერ დაორგანიზებული ცნობიერების ამაღლების სამუშაოები ფრაგმენტული ხასიათის იყო და არსებითად ვერ უზრუნველყო საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობა და ამავდროულად ორგანიზებული კამპანიები რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზების ნიშნებს შეიცავდა;

-საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების არა ერთი რეკომენდაციის მიუხედავად, უწყებამ ვერ მოახერხა სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან თანამშრომლობის პლატფორმების შექმნა და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებით საკუთარი პოლიტიკის დაგეგმვა და წარმართვა.  

სამწუხაროა, რომ რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული არა ერთი გამოწვევის მიუხედავად, რომელმაც კიდევ უფრო ფართედ დააყენა არადომინანტი რელიგიური ჯგუფების პოლიტიკური და სოციალური გარიყულობის პრობლემა, ეს საკითხები მთავრობის დღის წესრიგში სათანადოდ არ დამდგარა და არც ჯეროვანი რეაგირების საგანი გახდა. რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები მთავრობის მიერ არსებითად მხოლოდ სააგენტოს გადაებარა, რამაც ამ უწყების პრობლემური მიდგომების გათვალისწინებით, შექმნილი მდგომარეობის ადამიანის უფლებებზე და თანასწორობაზე დაფუძნებული მიდგომებით შეცვლის შესაძლებლობები კიდევ უფრო შეზღუდა და ჩაკეტა.  

ზემოთ აღნიშნული კრიტიკული შეფასებების გათვალისწინებით აშკარაა, რომ პრობლემურია არა მხოლოდ სააგენტოს მსგავსი ცენტალიზებული, არამონაწილეობითი ინსტიტუციური რგოლის არსებობა მთავრობაში, არამედ მისი საქმიანობის სტრატეგია და მიდგომები, რომელიც მთავრობის მიერ სათანადოდ უნდა იქნას გააზრებული და შეცვლილი.

ამ მიზნით ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ მთავრობასა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ინტენსიურიკონსულტაციები გამართოს სახალხო დამცველთან და მასთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან, ასევე ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან რელიგიის თავისუფლების სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევის გზებთან და უკვე სახელმწიფო მინისტრის აპარატის შიგნით მონაწილეობითისამუშაო პროცესის ორგანიზების ფორმებთან დაკავშირებით. 

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

თანასწორობის მოძრაობა

მედია განვითარების ფონდი (MDF)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

 

ივლ/1804