ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

განცხადება ბათუმის უნივერსიტეტის დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებაზე ინდოელი სტუდენტების მიმართ

ვეხმაურებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) რექტორის გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის “დიპლომირებული მედიკოსის” ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტების მიმართ, მათთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების მიზნით. ამ გადაწყვეტილებით, ბსუ-ს 150-ზე მეტ ინდოელ სტუდენტს, რომლებიც პანდემიისა და საქართველოს მთავრობის მიერ ინდოეთიდან მგზავრობაზე დადგენილი მკაცრი შეზღუდვების გამო, ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი. მთავრობის შეზღუდვებმა პირდაპირი გავლენა იქონია სტუდენტების მდგომარეობაზე.

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 20 აპრილის დადგენილებით განისაზღვრა,[1] რომ დისტანციურ სასწავლო პროცესში დაუშვას მხოლოდ საქართველოში მყოფი ბსუ-ს სტუდენტები. ამავე დადგენილებით, ის სტუდენტები, რომლებიც 2021 წლის 13-14 მაისს ვერ გამოცხადდებიან ფაკულტეტის დეკანის ოფისში აკადემიური რეგისტრაციის მოწმობაზე ხელის მოწერის მიზნით, მათ მიმართ დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ. შემდგომში კი უკვე გამოიცა უნივერსიტეტის რექტორის მიერ ბრძანება, რომლის თანახმად, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სტუდენტების მიმართ სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ.

უნივერსიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილება მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ და ობიექტურ დასაბუთებას. უნივერსიტეტი სტუდენტებს დისტანციურ (ონლაინ) სწავლებას სთავაზობს, ხოლო ამისთვის ითხოვს სტუდენტების საქართველოში ყოფნას და დეკანის ოფისში მისვლით, სარეგისტრაციო დოკუმენტზე ხელმოწერას. უნივერსიტეტი არ ითვალისწინებს სრულიად ობიექტურ გარემოებას, რომ შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და მთავრობის მიერ ინდოელი სტუდენტებისთვის საქართველოში შემოსვლაზე დადგენილი მკაცრი რეგულაციების გამო, სტუდენტები ვერ ახერხებენ დადგენილ ვადებში ინდოეთიდან საქართველოში ჩამოსვლას. ამ ფონზე, უნივერსიტეტმა მიიღო დისკრიმინაციული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და სტუდენტებს არ მისცა რეგისტრაციის ონლაინ გავლის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2021 წლის 15 აპრილიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლითაც ინდოეთიდან საქართველოში ჩამომსვლელ პირებსა და ინდოელ სტუდენტებზე განსხვავებული პირობები დაწესდა. სხვა აკრძალვებთან ერთად, ცვლილებით განისაზღვრა, რომ ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი სტუდენტების საქართველოში შემოსვლა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ჩარტერული რეისებით. აქედან გამომდინარე, გარდა დამატებითი ფინანსური სირთულისა, ინდოელი სტუდენტები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ჩამოვიდნენ საქართველოში მათთვის სასურველ დროს.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება სწორედ მთავრობის მიერ ინდოეთიდან სტუდენტების ჩამოსვლაზე დაწესებული შეზღუდვების შემდგომაა გამოცემული, რაც ამ გადაწყვეტილებას კიდევ უფრო არაჰუმანურს და შემაშფოთებელს ხდის.

მოვუწოდებთ:

  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, დაუყოვნებლივ გადახედოს ინდოელი სტუდენტების მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას და შეცვალოს ის პროპორციული და არადისკრიმინაციული ღონისძიებებით. გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილებები სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში, მისცეს სტუდენტებს რეგისტრაციის დისტანციური ფორმით გავლის შესაძლებლობა.

  • საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოენოვან სტუდენტებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები და მოახდინოს მათზე რეაგირება.

  • პანდემიის საკითხებზე შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, შეისწავლოს პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გავლენა სხვადასხვა ჯგუფებზე და უზრუნველყოს მათი არადისკრიმინაციული გამოყენება. იმსჯელოს უცხოელი სტუდენტების საჭიროებებზე და მიიღოს შესაბამის გადაწყვეტილებები.

 

 

[1] ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 სექტემბრის N06-01/59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ აკადემიური საბჭოს 2021 წლის 20 აპრილის N06-01/36 დადგენილება.

 

 

ივნ/2103