ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

განცხადება რელიგიის თავისუფლების მუხლის განხილვაზე

 

TDI  მიესალმება პრეზიდენტის და პარლამენტის მზაობას რელიგიის თავისუფლების მუხლზე მსჯელობის განახლებასთან დაკავშირებით

2017 წლის 26 სექტემბერს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ახალი რედაქციის თანახმად, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა ექვსი საფუძვლით გახდა შესაძლებელი, რომელთაგან სამი კრიტერიუმი არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს და სახელმწიფოს მხრიდან უფლებაში არამართლზომიერი ჩარევის მაღალ რისკს წარმოშობს.

TDI-მ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აკადემიურ დაწესებულებებთან და იურისტებთან ერთად, არაერთხელ მიმართა საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს, ვენეციის კომისიასია და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა არ დაეშვათ რელიგიის თავისუფლების დაცულ სფეროში არაგანჭვრეტადი საფუძვლებით ჩარევის შესაძლებლობა და საქართველოში ადამიანის უფლბებების მდგომარეობის გაუარესება[1]. ცვლილებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მიმართვა გაავრცელეს რელიგიურმა გაერთიანებებმაც[2].

ვენეციის კომისიამ, საკუთარ დასკვნაში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ წარმოდგენილი საფუძვლები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოუწოდა სახელმწიფოს, შეცვალოს კონსტიტუციის მუხლის ფორმულირება[3].

2017 წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით, ერთობლივად წარუდგინეს პარლამენტს 4 პუნქტიანი წინადადება. პარლამენტისათვის წარდგენილი შეთავაზება არ შეხებია  კონსტიტუციის პროექტის იმ ნაწილის გამოსწორებას, რომელიც რელიგიის თავისუფლების სტანდარტს აუარესებს.

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, პრეზიდენტი და პოლიტიკური ოპოზიცია მზად არიან იმსჯელონ რელიგიის თავისუფლების მუხლზეც, თუ საპარლამენტო უმრავლესობას ამის მზაობა ექნება.[4]

ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ მუხლზე განხილვის გაგრძელებას გეგმავს საპარლამენტო უმრავლესობაც.[5]

მივესალმებით პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოხატულ მზაობას, განაგრძონ საქართველოს კონსტიტუციის რელიგიის თავისუფლების მუხლზე მსჯელობა, რამდენადაც რელიგიის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება და ის პოლიტიკური შეთანხმების საგანს არ უნდა წარმოადგენდეს.

ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის, რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იურისტების პოზიციას და არ დაუშვებს საქართველოში რელიგიის თავისუფლების სტანდარტის გაუარესებას.

 

[1] იხ. 2017 წლის 2 აგვისტოს მიმართვა http://tdi.ge/ge/statement/arasamtavrobo-organizaciebisa-da-iuristebis-mimartva-konstituciashi-religiis-tavisuplebis ; 24 სექტემბრის მიმართვა http://tdi.ge/ge/statement/gancxadeba-konstituciashi-religiis-tavisuplebis-shezgudvastan-dakavshirebit ; 28 სექტემბრის მიმართვა პრეზიდენტს http://tdi.ge/ge/news/470-mimartva-sakartvelos-prezidents-konstituciashi-religiis-tavisuplebis-shezgudvastan

[2] სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მიმართვა პარლამენტს http://www.ombudsman.ge/ge/news/religiata-sabchos-wevri-gaertianebebis-mimartva-saqartvelos-parlaments.page

[3] ვენეციის კომისიის მოსაზრება საქართველოსკონსტიტუციის ცვილებებთან დაკავშირებით, პარ. 39, 2017 წლის 22 სექტემბერი http://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-PI(2017)006-e

[4] პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადება, 2017 წლის 5 ოქტომბერი

http://www.tabula.ge/ge/story/124922-prezidenti-da-opozicia-mmartvel-gunds-konstituciaze-4-tsinadadebas-stavazobs

[5] ირაკლი კობახიძე: “.. ხელახლა განვიხილავთ რელიგიისა და შეკრების თავისუფლებებთან დაკავშირებულ დებულებებს”, 2017 წლის 6  ოქტომბერი

http://www.interpressnews.ge/ge/politika/456163-irakli-kobakhidze-konstituciashi-shetanili-iqneba-cvlileba-sakonstitucio-sasamarthlosthan-dakavshirebith-aseve-khelakhla-ganvikhilavth-religiisa-da-shekrebis-thavisuflebebthan-dakavshirebul-debulebebs.html

ოქტ/1707