მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით
დღეს, 28 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აკადემიურმა ინსტიტუტებმა და იურისტებმა საქართველოს პრეზიდენტს მივმართეთ, გამოიყენოს ვეტო კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის იმ ნაწილთან მიმართებით (მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი), რომელიც რელიგიის თავისუფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს აუარესებს.
„მოგმართავთ, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურსა და ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტს, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლებამოსილება, არ მოაწეროთ ხელი კონსტიტუციის პროექტის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტში წარმოდგენილ ცვლილებებს და ვენეციის კომისიის, რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო და აკადემიური ორგანიზაციებისა და იურისტების პოზიციების გათვალისწინებით, მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოთ საქართველოს პარლამენტს განსახილველად, რათა არ დაუშვათ რელიგიის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუარესება“.
2017 წლის 26 სექტემბერს, რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტმა მესამე მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. საკონსტიტუციო ცვლილებები კონსტიტუციის მე-19 (ახალი რედაქციით მე-16 მუხლი) მუხლსაც შეეხო, რომლითაც დაცულია რწმენის, სინდისის და აღმსარებლობის თავისუფლება.
საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, რწმენის, სინდისის და აღმსარებლობის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის არღვევს სხვათა უფლებებს. ამჟამად კი, ცვლილებების პროექტი რელიგიის თავისუფლებაში ჩარევის ექვს საფუძველს ითვალისწინებს, რომელთაგან “სახელმწიფო უსაფრთხობა”, “დანაშაულის თავიდან აცილება” და “მართლმსაჯულების განხორციელება” არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და რელიგიის თავისუფლებაში გაუმართლებლად ჩარევის მაღალ რისკს წარმოშობს. ამასთან, იზრდება საფრთხე, კონსტიტუციური დებულება რელიგიის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდეს.
ვენეციის კომისიამ, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ ორჯერ გამოაქვეყნა საკუთარი მოსაზრება (2017 წლის 19 ივნისს და 2017 წლის 22 სექტემბერს). კომისიის ორივე მოსაზრებაში, ნეგატიურად იყო შეფასებული საქართველოს კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული ცვლილებები.
ამასთან ერთად, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველმა, სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ, აკადემიურ-კვლევითმა ინსტიტუტებმა და იურისტებმა არაერთხელ შეაფასეს კრიტიკულად რელიგიის თავისუფლების შესახებ კონსტიტუციურ პროექტში წარმოდგენილი დებულებები. მათ შორის, მიმართეს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
ვენეციის კომისიის 2017 წლის 19 ივნისის მოსაზრების თანხმად, კომისიამ სახელმწიფოს მოუწოდა, დაეკონკრეტებინა რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები და პროექტის მე-16 მუხლი მოეყვანა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლთან შესაბამისობაში.
კონსტიტუციის ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას, საქართველოს პარლამენტმა რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლები კი არ დააკონკრეტა, არამედ პირიქით, გააფართოვა და გასცდა ვენეციის კომისიის მიერ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს. შეზღუდვის ფარგლები გასცდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ (რელიგიის თავისუფლების) შეზღუდვის ფარგლებსაც.
საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიის, რელიგიური გაერთიანებების, იურისტების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებათა სრული უგულებელყოფით, კანონპროექტის მიღებულ ვერსიაში გააუარესა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტი და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფართო შესაძლებლობა შექმნა გაუმართლებელი საფუძვლებით. კერძოდ, თუ მოქმედი რედაქციით, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მათი გამოვლენა ლახავს სხვათა უფლებებს, ახალი რედაქცით, ამ ფუნდამენტური უფლების შეზღუდვა დაიშვება “სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით”.
ვენეციის კომისია, 22 სექტემბერს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში, ადგილობრივი ორგანიზაციების მსგავსად აღნიშნავს, რომ “სახელმწიფო უსაფრთხოება” “დანაშაულის თავიდან აცილება” და “მართლმსაჯულების განხორციელება” არ არის რელიგიის თავისუფლების დაცულ სფეროში ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლები.
ვენეციის კომისიის მოსაზრებით „სახელმწიფო უსაფრთხოება“ ან „მართლმსაჯულების განხორციელება“ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის გაგებით, უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ მიზანს არ წარმოადგენს. კონვენციაში წარმოდგენილი ლეგიტიმური მიზნები ზუსტ ინტერპრეტაციას მოითხოვს. ისინი არ უნდა იყვნენ გაფართოებულნი სხვა ცნებებით. რაც შეეხება კონკრეტულად „ეროვნული უსაფრთხოების“ საკითხს, თავის საქმეში ნოლანი და კ. რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა რომ სახელმწიფოს არ შეუძლია „ეროვნული უსაფრთხოების“ დაცვის მიზეზით შეზღუდოს ადამიანის რელიგიური გამოხატვა/მანიფესტაციის უფლება. იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდვის საფუძვლები მკაცრ და შეზღუდულ ინტერპრეტაციებს ექვემდებარება, რეკომენდირებულია რომ მოხდეს მე-16 (3) მუხლი ფორმულიების შეცვლა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად.”
უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი კრიტერიუმებით რელიგიის თავისუფლების დაცულ სფეროში ჩარევას, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გარდა, ასევე კატეგორიულად არ უშვებს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი და არც ევროპის ქვეყნების კონსტიტუციების აბსოლუტური უმრავლესობა.
ხელმომწერები:
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF)
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)
თანასწორობის მოძრაობა
იდენტობა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი
კონსტანტინე კუბლაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ზედელაშვილი - კონსტიტუციონალისტი
გიორგი მელაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი
ლევან რამიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი
თამარ გურჩიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი
გიორგი ბურჯანაძე - იურისტი
გიორგი ჩიტიძე - იურისტი
დიმიტრი გეგენავა - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი
მიხეილ შარაშიძე - იურისტი
ამავე თემაზე, იხილეთ:
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იურისტების ერთობლივი მიმართვა საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს, ვენეციის კომისიასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით (02.08.2017) http://tdi.ge/ge/statement/arasamtavrobo-organizaciebisa-da-iuristebis-mimartva-konstituciashi-religiis-tavisuplebis
არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური ინსტიტუტებისა და იურისტების განცხადება კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით (24.09.2017) http://tdi.ge/ge/statement/gancxadeba-konstituciashi-religiis-tavisuplebis-shezgudvastan-dakavshirebit
რელიგიათა საბჭოს წევრი გაერთიანებების მიმართვა საქართველოს პარლამენტს (02.08.2017) http://www.ombudsman.ge/ge/news/religiata-sabchos-wevri-gaertianebebis-mimartva-saqartvelos-parlaments.page