TDI კონფესიების დაფინანსების შესახებ

საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 27 იანვრის დადგენილების თანახმად, მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გარდა, დამატებით ოთხ რელიგიურ გაერთიანებას აუნაზღაუროს საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი.

ამავდროულად, როგორც ცნობილი გახდა,  ამ ფუნქციას მომავალში საჯარო სამართლის იურიდიული პირი - რელიგიის  საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეითავსებს, რომლის შექმნის შესახებაც  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა 7 თებერვალს საჯაროდ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებებს წინ რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნაც  უძღოდა.

მთავრობის ამ მიმართულებით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები შემაშფოთებელია და მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს, რომელთაგან უმთავრესია შემდეგი:

  • რა გახდა იმის მიზეზი, რომ მთავრობა ამგვარ მეტად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ფორსმაჟორულ, დაჩქარებულ რეჟიმში იღებს?
  • რატომ ხდება გადაწყვეტილების მიღება „დახურულ კარს მიღმა“, ერთპიროვნულად, რელიგიური გაერთიანებების ფართო სპექტრთან, სახალხო დამცველთან,  რელიგიური უმცირესოებების უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გარეშე?
  • ხომ არ არის ეს გადაწყვეტილებები შეთანხმებული სქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან, რომელიც დასახელებული ოთხის გარდა, სხვა რელიგიური გაერთიანებებისადმი გაცხადებული შეუწყნარებლობით გამოირჩევა?
  • გადაწყვეტილებების „ცალმხრივი“ ხასიათიდან და შინაარსობრივი ბუნდოვანებიდან გამომდინარე, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: რეალურად, რა მოტივაცია და საბოლოო მიზანი ამოძრავებს მთავრობას რელიგიურ უმცირესოებებთან დაკავშირებით?  ამ გზით ხომ არ აპირებს სახელმწიფო რელიგიური გაერთიანებების გაკონტროლებასა და მათი თავისუფლების შეზღუდვას?
  • არის თუ არა ამ გადაწყვეტილებათა მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მთავრობის მხრიდან საქართველოს მუსლიმთა წინაშე არსებული პრობლემების მიჩქმალვისა და მუსლიმი თემის დამორჩილების სურვილი, რის შესახებაც ღიად საუბრობებენ სხვადასხვა ავტორიტეტული მუსლიმური ორგანიზაციის წარმომადგენლები?

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა უწყებათშორისი სამთავრობო კომისიის შესახებ უკვე გამოთქვა თავისი შეხედულება.  წინამდებარე განცხადებით  კი, უშუალოდ დაფინასების საკითხს შევეხებით.  შეიძლება ერთმნიშვნელოვნად ითქვას, რომ მთავრობის მიერ შერჩეული ფორმით ოთხი რელიგიური გაერთიანების დაფინასება  რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზის გამო ატარებს უსამართლო,  დისკრიმინაციულ  და გაუგებარ ხასიათს.

დადგენილების პირველ მუხლში საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, სხვა რელიგიური გაერთიანებებიც დაზარალდნენ.  შესაბამისად, ზიანი ნაწილობრივ აუნაზღაურდებათ 2014 წლის 27 იანვრამდე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებებს“.  თუმცა, გაურკვეველია, რა კრიტერიუმის გამოყენებით, ან რა ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით შეირჩა მხოლოდ ეს ოთხი კონფესია მაშინ, როცა საბჭოთა კავშირში ეზიდები, ლუთერელები, სახარების რწმენის ქრისტიანები (ორმოცდაათიანლები), იეჰოვას მოწმეები, კრიშნაიტები და სხვა რელიგიური ჯგუფები ანალოგიურად იდევნებოდნენ. მხოლოდ ოთხი კონფესიით შემოფარგვლა  საბჭთა რეპრესიებგამოვლილი სხვა რელიგიური გაერთიანებებისადმი აშკარა უსამართლობის გამოვლინებაა, რაც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს დისკრიმინაციას, ხელს შეუწყობს რელიგიური სორტირების მანკიერი პრაქტიკის გაჩენას და უმცირესობათა დიდი ნაწილის კიდევ უფრო მარგინალიზებას  ვინაიდან, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ გამორჩეული ოთხი რელიგიური ჯგუფი აღიქმება, როგორც პრივილეგირებული სტატუსის მქონე გაერთიანებები. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს და გაურკვეველია რა ობიექტური და გონივრული დასაბუთება აქვს მთავრობას მის გასამართლებლად.

დადგენილებაში ასევე პრობლემურია დაზარალებული პირის განსაზღვრის წესი. დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა რეჟიმის დროს დაზარალებულ გაერთიანებებთან და თემებთან სამართლებრივი კავშირი არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა აპირებს ზიანი აუნაზღაუროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებას, რომელიც აღიარებს ზემოთხსენებული ოთხი აღმსარებლობიდან ერთ-ერთს „და/ან მას აქვს აღმსარებლობითი მემკვიდრეობა დაზარალებული რელიგიური გაერთიანებებისგან.“ გასაგებია, რომ ამჟამად არსებულ რელიგიურ ორგანიზაციებს სამართლებრივი კავშირი ვერ ექნებათ საბჭოთა კავშირის დროს არსებულ რელიგიურ გაერთიანებებთან: მათი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრაცია მხოლოდ სამი წლის წინ გახდა შესაძლებელი. ამის მიუხედავად, მთავარი არის ის, რომ დადგენილება ეხება ზიანის ანაზღაურებას და სამართლებრივად ანაზღაურებადია ზიანი, რომელიც ადგებათ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს ან პირთა ერთობას. დადგენილების მიხედვით კი, ზიანი აუნაზღაურდება ყველა რელიგიურ გაერთიანებას, რომელიც იმავე მოძღვრებას ქადაგებს, რასაც საბჭოთა რეჟიმის დროს დაზარალებული რელიგიური გაერთიანება, თუნდაც საერთოდ არანაირი ისტორიული კავშირი არ ჰქონდეს მასთან. სავარაუდო ბენეფიციარებს არც მოეთხოვებათ  დაზარალებულ რელიგიურ გაერთიანებებთან ან თემებთან რაიმე ინსტიტუციური ისტორიული კავშირის მტკიცება. თუ მთავრობა ნამდვილად ზიანის ანაზღაურებას ცდილობს, მართებული იქნებოდა შემუშავებულიყო კრიტერიუმების ერთობლიობა, რომლითაც დადგინებოდა დაზარალებული პირის ისტორიული და ინსტიტუციური მემკვიდრე რელიგიური გაერთიანება.
სამართლებრივად აბსურდულია, რომ სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებებისთვის ამ ნიშნით თანხის გადაცემას ზიანის ანაზღაურებას უწოდებენ. როდესაც ვსაუბრობთ „მატერიალური და მორალური ზიანის“ ანაზღაურებაზე,  ეს აჩენს ზოგადად ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ მოლოდინებს. ზიანის ანაზღაურება ემსახურება კონკრეტული პირისთვის  სამართლებრივად დაცული ინტერესის შელახვის გამოსწორებას: პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, ან კომპენსაციას. ამისთვის, საჭიროა  განისაზღვროს კონკრეტული ისტორიული მოვლენით ან მოვლენებით დაზარალებული პირი ან პირები, ქმედებები, რომლებმაც უშუალოდ გამოიწვიეს ზიანი და ბოლოს დადგინდეს ზიანის ოდენობა. მთავრობის განსახილველი დადგენილება არც ერთ ამ ელემენტს არ შეიცავს. მთავრობა არ დაინტერესებულა  იმის გარკვევით, კერძოდ რომელ რელიგიურ გაერთიანებებს მიადგათ ზიანი საბჭოთა რეჟიმის დროს და თვითნებურად შეარჩია ოთხი რელიგიური აღმასარებლობა - ანუ დაზარალებულ პირთა წრე განისაზღვრა ისტორიული კრიტერიუმების გვერდის ავლით.
გაურკვეველია ისიც, თუ თვისობრივად და რაოდენობრივად რა ოდენობის ზიანი ანაზღაურდება ქვეყნის ბიუჯეტიდან. დადგენილებაში ნათქვამია,  „რომ უცნობია .... ზიანის ზუსტი ოდენობა და ამდენად ზიანის ანაზღაურება განხორციელდება სიმბოლურად ... სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის ყოველწლიურად გამოყოფის გზით.“  ზიანის ანაზღაურება განუსაზღვრელი ვადით ზიანის ანაზღაურების მიღებულ გაგებას ეწინააღმდეგება. შესაბამისად, აღნიშნულ რეგულირებაში გამოხატულია სურვილი, რომ ანაზღაურდეს საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი, მაგრამ შინაარსობრივი ანალიზი გვიჩვენებს, რომ რეალურად აქ ჩამოყალიბებულია ოთხი რელიგიური აღმსარებლობის ყოველწლიური დაფინანსების წესი, რომელსაც თვისობრივად ზიანის ანაზღაურებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მთავრობის მხრიდან, ზიანის ანაზღაურების ყველაზე ადეკვატური გზა იქნებოდა, თუკი სახელმწიფო ოთხივე კონფესიის წარმომადგენლებს საბჭოთა პერიოდის დროს მიტაცებულ ე.წ. სადავო საკულტო ნაგებობებს დაუბრუნებდა.
უაღრესად პრობლემატურია ისიც, რომ მთავრობამ თვითონ, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, სახსრები გამოუყოს ამა თუ იმ რელიგურ გაერთიანებას მაშინ, როდესაც დაფინანსების გაცილებით უფრო დემოკრატიული და ევროპულ ქვეყნებში აპრობირებული ფორმა არსებობს -ე.წ. საგადასახადო დაფინანსება.  დაფინანსების ამ მოდელით,  რელიგიური გაერთიანებები ფინანსდებიან მოქალაქეთა მიერ თავიანთ საგადასახადო ვალდებულებებში შესაბამისი გრაფის შევსებისა და საშემოსავლო გადასახადის მიზნობრივად მიმართვის შედეგად, რითაც მინიმალიზებულია ხელისუფლების როლი რელიგიური გაერთიანებების დაფინანსებაში და გათვალისწინებულია ყველა გადასახადის გადამხდელის ინტერესი, სურვილის შემთხვევაში, დააფინანსოს საკუთარი რელიგიური გაერთიანება, ათეისტური თუ სხვა ჯგუფი. დაფინანსების ამგვარი რეჟიმი გამორიცხავს შესაძლებლობას რომ ხელისუფლებამ,  ფინანსური მხარდაჭერის გამო,  უკანონო კონტროლი განახორციელოს და გავლენა მოახდინოს რელიგიურ გაერთიანებებზე. ამისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობის დადგენილება თვითნებური გადაწყვეტილების მიღების მაგალითს წარმოადგენს, რამაც საბიუჯეტო თუ სარეზერვო სახსრების  ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე კრიტერიუმების გამოყენებით განკარგვა შეიძლება გამოიწვიოს.
მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების კიდევ ერთი ხარვეზი მისი არადემოკრატიულობაა. მთავრობამ გადაწყვეტილება რელიგიურ სპექტრთან კონსულტაციის გარეშე და სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად მიიღო. იქედან გამოდინარე, რომ საპატრიარქო მყისიერად მიესალმა ამ გადაწყვეტილებას, უნდა ვივარაუდოთ, რომ კონსულტაციები გაიმართა მართლმადიდებელ ეკლესიასთან და საპატრიარქომ მისცა თანხმობა მხოლოდ ოთხი რელიგიური გაერთიანების დაფინანსებაზე. ეს ვითარება 2011 წელს რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესის ცვლილებასთან დაკავშირებულ პერიპეტიებს წააგავს. მაშინაც, საპატრიარქო მხოლოდ ოთხი რელიგიური გაერთიანებისთვის საჯაროს სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მიკუთვნებაზე იყო თანახმა და აპროტესტებდა სსიპ-ის სტატუსით რეგისტრაციის უფლების მიცემას რელიგიური ორგანიზაციების  გაცილებით უფრო ფართო წრისთვის.
პრობლამტურია დადგენილების ის ნაწილიც, სადაც ნათქვამია, რომ ზიანის ფულადი ანაზღაურების მისაღებად რელიგიური გაერთიანებები „2014 წლის 1 მაისამდე უნდა ა) რეორგანიზაციის გზით გაერთიანდნენ ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რომელიც უფლებამოსილი იქნება მიიღოს ანაზღაურება; ან ბ) შექმნან საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შევა ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი და რომელიც იქნება უფლებამოსილი აწარმოოს სახელმწიფო ორგანოებთან თავისი აღმსარებლობის სახელით ურთიერთობა და მიიღოს ანაზღაურება; ან გ) წერილობით დაადასტურონ რომელიმე მათგანის უფლებამოსილება, იყოს შესაბამისი აღმსარებლობის წარმომადგენელი სახელმწიფოსთან და მიიღოს ანაზღაურება.“ უნდა აღინიშნოს, რომ დაფინანსების მიღების მიზნით, ერთ კონფესიაში შემავალი სხვადასხვა ჯგუფის ხელოვნური გაერთიანების მოტივირება, რომლებიც რიგ საკითხებში შეიძლება ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ,  ქმნის მათ შორის განხეთქილების გაღრმავების, კონფლიქტის წარმოშობისა და საქართველოს მთავრობისადმი ნეგატიური განწყობების გაძლიერების  საფრთხეს. ასევე, გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელონ ერთ იურიდიულ პირად გაერთიანებულმა რელიგიურმა ჯგუფებმა სახელმწიფო დაფინანსების გადანაწილებისას.
როგორც მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს,  მუსლიმთა საბიუჯეტო დაფინანსების ერთ-ერთი მოტივი საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გაძლიერებაცაა. თუმცა, ამ ინიციატივით უკმაყოფილოა მუსლიმთა დიდი ნაწილი. როგორც წინა (სააკაშვილის), ასევე ახალი  ხელისუფლება მანამდე არაერთხელ უხეშად ჩაერია მათ შიდა საქმეებში, ეთნიკური ნიშნით დაყო საქართველოს მოქალაქე მუსლიმები, თვითნებურად გადააყენა საქართველოს შიიტების ძველი და დანიშნა ახალი შეიხი, ხოლო საქართველოს სუნიტ მუსლიმებს მუფთის თავისუფლად არჩევის შესაძლებლობა არ მისცა. მართალია, დაფინანსების ახალი წესი სწორედ ხელისუფლების ჩარევის შედეგად შექმნილი მუსლიმური ორგანიზაციების გასაძლიერებლადაა განკუთვნილი, მაგრამ „ფინანსური მხარდაჭერის“ საკითხი,  სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამძაფრებს მუსლიმი თემის შიგნით არსებულ დაპირისპირებასა და გააღრმავებს ხელისუფლებისადმი უნდობლობას.

ზემოთქმულზე დაყრდნობით,  ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) მიიჩნევს, რომ სეკულარობის, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის კონსტიტუციური პრინციპების დაცვისა და გადაწყვეტილების მიღებაში დემოკრატიული ჩართულობის აუცილებლობიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების „დახურულ რეჟიმში“ მიღება.

ამავდროულად, მოუწოდებს მას, რომ დაიწყოს კონსულტაციები რელიგიურ გაერთიანებების ფართო სპექტრთან, სახალხო დამცველთან და რელიგიის თავისუფლების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ხოლო კონსულტაციების შედეგად  (ა)  საჭიროების შემთხვევაში, გადახედოს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და (ბ) საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ტოლერანტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შეიმუშავოს რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის სტრატეგია.

თებ/1410