TDI რასობრივი შეუწყნარებლობის ფაქტის შესახებ

საქართველოში მცხოვრები ბრიტანეთის მოქალაქე აარონ ჩარლზი ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორჯერ გახდა რასისტული თავდასხმის მსხვერპლი. პირველად, 20 ივნისს, მას სუპერმარკეტ „სმარტში“ კანის ფერის გამო  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო მეორედ, 28 ივნისს, მეტრო მარჯანიშვილთან მდებარე "მაკდონალდსის" რესტორანში ცემითაც დაემუქრნენ. აღნიშნული ინციდენტების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელისა და მედიის საშუალებით გავრცელდა.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) აარონ ჩარლზს ახსნა-განმარტება ჩამოართვა. დაზარალებულის თქმით, „სმარტში“ უცნობმა მამაკაცმა აარონს და მის მეგობარს უსაფუძვლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის წევრები ადგილზე იმყოფებოდნენ, მათ ინციდენტზე რეაგირება არ მოუხდენიათ. რაც შეეხება მაკდონალდსის შემთხვევას, აარონ ჩარლზის თქმით, ორმა უცნობმა პირმა რასისტული შეუწყნარებლობის ნიადაგზე, სცადა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა. შემთხვევის ადგილზე დაცვის პოლიცია მივიდა, თუმცა პოლიციის თანამშრომლები საქმის დეტალების გარკვევის ნაცვლად, აარონის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ავლენდნენ - უსვამდნენ კითხვებს მისი წარმომავლობის შესახებ, რომლებსაც გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. აარონის თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა მას ნათლად არ განუმარტეს მისი უფლებები, რის გამოც, დაზარალებულმა საჩივრის დაწერისგან თავი შეიკავა.

აღნიშნული ინციდენტები რასისტული შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი სამართალდაღვევის ნიშნებს შეიცავს, რაც გამოძიების შედეგების მიხედვით, შეიძლება წარმოადგენდეს ხულიგნობის დანაშაულს ან წვრილმანი ხულიგნობის სამართალდარღვევას.
მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიუხედავად, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება არ დაუწყია. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში“.

მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულს ჯერ კიდევ არ მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისთვის, მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია საკმარისია იმისთვის, რომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და პირს შესაბამისი ადმინისტრაციულსამართლებრივი ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოში რასობრივი შეუწყნარებლობის ნიადაგზე ადამიანების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების რაოდენობა შემაშფოთებლად გაიზარდა. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, დაიცვას საქართველოში მცხოვრები განსხვავებული რასისა და კანის ფერის მქონე ადამიანების უსაფრთხოება.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, დროული და მკაცრი რეაგირება მოახდინონ რასობრივი დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ სამართალდარღვევებზე.

ივლ/1401