ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საქართველოში - მიზნები და გამოწვევები

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. იგი ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. 

მიმდინარე წელი საქართველოში განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის პრინციპებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის კუთხით. დღითიდღე საფუძველი ეცლება ისედაც მყიფე დემოკრატიას, ილახება ადამიანების ღირსება და თავისუფლება, განსხვავებული იდენტობის, რელიგიური მრწამსის თუ ეთნიკური კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები განიცდიან დევნასა და დისკრიმინაციას. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, პლურალიზმი და საზოგადოების ტოლერანტული განვითარების პერსპექტივა უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. ხელისუფლების არადემოკრატიული მმართველობის პირობებში ნებისმიერი განსხვავებული ჯგუფისა და პოლიტიკური ოპონენტისადმი სიძულვილმა და მტრობამ, ძალადობრივი და ექსტრემისტული ჯგუფების გაძლიერებამ და დაუსჯელობამ, გამოიწვია საზოგადოების უკიდურესი პოლარიზება და შეუწყნარებლობის გაღვივება.

ამ დაძაბულ და კრიტიკულ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფუნდამენტური ღირებულებების მნიშვნელობის შეხსენება, რომელთა გარეშეც ვერ იარსებებს დემოკრატიული საზოგადოება, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა და მომავალი. 

ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაციაში, რომელიც იუნესკომ 1995 წელს 16 ნოემბერს მიიღო, აღნიშნულია, რომ უპირველეს ყოვლისა, ტოლერანტობა აქტიური დამოკიდებულებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს სხვა ადამიანების საყოველთაო უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარება. ტოლერანტობა თავისუფლებაა მრავალფეროვნებაში და ეს არა მხოლოდ მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაცაა. ტოლერანტობა პასუხისმგებლობაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფლებების, პლურალიზმის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას.

2021 წელს ჩვენ ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევის, შეუწყნარებლობის, დევნისა და სისტემური დისკრიმინაციის არაერთი შემთხვევის მომსწრე გავხდით საქართველოში. მიმდინარე მოვლენების ფონზე მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ უღალატა დასავლურ კურსს, დაიწყო პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების რეპრესიები და ავტორიტარული მმართველობის გზას დაადგა. ხელისუფლების მიერ მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით დევნამ, ღირსების შემლახავმა და არაადამიანურმა მოპყრობამ საფრთხე შეუქმნა არამხოლოდ მის სიცოცხლესა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას, არამედ თითოეული ადამიანის თავისუფლებას, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სახელმწიფოს მიერ რელიგიური გაერთიანებების  სავარაუდო უკანონო მასშტაბურმა მიყურადებამ მიმდინარე წელს გამოავლინა, რომ რელიგიურ გაერთიანებებს, ორგანიზაციებს და იმ ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ საქართველოში კონსტიტუციისა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, მუდმივად აკონტროლებს ხელისუფლება და ცდილობს მათ დისკრედიტაციას. კოვიდ პანდემიის ფონზე განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა სახელმწიფოს დისკრიმინაციული რელიგიური პოლიტიკა, რომელიც არღვევს სეკულარობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანების მიმართ.   

2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ ღია განაცხადი გააკეთა ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის შესახებ, როდესაც გზა გაუხსნა ექსტრემისტულ მოძალადე ჯგუფებს, რომლებმაც პარლამენტის შენობის წინ ორჯერ დემონსტრაციულად ჩამოგლიჯეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა, არ დაიცვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ქალაქში მოძალადეების მობილიზების დროს ხელისუფლებამ და  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ საკუთარი განცხადებებით პირდაპირ წააქეზეს მოძალადე ჯგუფების ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები.

ხელისუფლების მსგავსად, სამწუხაროდ, დომინანტი რელიგიური ორგანიზაციის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები, სიყვარულისა  და შემწყნარებლობის ქადაგების ნაცვლად, ხშირად მიზანმიმართულად აღვივებენ ანტისემიტიზმს, შუღლსა და შეუწყნარებლობას რელიგიური, ეთნიკური უმცირესობების, ლგბტ თემის, მედიის, უფლებადამცველებისა და პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ.  2021 წელს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მხრიდან ძალადობრივმა ქმედებებმა, ჟურნალისტებზე თავდასხმამ, სიძულვილის ენის გავრცელებამ და ძალადობის წახალისებამ საგანგაშო ხასიათი მიიღო.

დღეს საქართველოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის პრინციპების დაცვა უნივერსალურ პასუხისმგებლობას  აკისრებს არამარტო  ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას და პოლიტიკოსებს, არამედ  თითოეულ მოქალაქეს. უკიდურესად შეუწყნარებელ და პოლარიზებულ გარემოში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია ადამიანის ღირსების, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად, ქვეყნის დემოკრატიული  წინსვლის პერსპექტივის გადასარჩენად. 

 

ნოე/2116