ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
დეკ/2117

ECRI-ს მოსაზრება “რასიალიზაციასთან” დაკავშირებით

TDI-ს არაოფიციალური თარგმანი

 

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) მოსაზრება “რასიალიზაციის” ტერმინთან დაკავშირებით (მიღებული ECRI-ს 87-ე პლენარულ შეხვედრაზე, 2021 წლის 8 დეკემბერს[1])

 

1. სამეცნიერო მტკიცებულებამ აჩვენა, რომ ადამიანთა რასები, როგორც ბიოლოგიურად განსხვავებული ჯგუფები არ არსებობს.  თეორიები, რომელთა მიხედვითაც ადამიანთა სახეობა განსხვავებული „რასებისგან“ შედგება, ასევე უარყოფილია. ამასთან დაკავშირებით, ECRI აცხადებს, რომ ყველა ადამიანი კაცობრიობას მიეკუთვნება და ღირსებითა და უფლებებით თანასწორია. 

2. შეთანხმებამ, რომ „რასები“ წმინდა სოციალური კონსტრუქტია და არა ბიოლოგიურ თავისებურებებზე დაფუძნებული მოცემულობა, ხელი შეუწყო ისეთ ინიციატივებს, სადაც „რასა“, როგორც დისკრიმინაციის საფუძველი და ნიშანი ქრება ევროპის საბჭოს ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს კონსტიტუციასა თუ სხვა სამართლებრივ ნორმებში.

ამგვარი ინიციატივების დასაბუთების გათვალისწინებით, ECRI მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, „რასა“ შენარჩუნდეს, როგორც [დისკრიმინაციის] საფუძველი და ნიშანი, იმისათვის, რომ ყველა ადამიანზე, რომელიც ზოგადად ან შეცდომით აღიქმება „განსხვავებული რასის“ წარმომადგენლად, გავრცელდეს კანონითა და სხვა სტანდარტებით გარანტირებული უფლებები. ამგვარი მიდგომა თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, მაგალითად - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლთან, რომელიც დისკრიმინაციის აკრძალვას გულისხმობს და N12 ოქმთან, რომელიც ასევე მოიცავს რასას, როგორც აკრძალულ საფუძველს.  ამასთანავე, ECRI გარკვევით ამბობს, რომ მის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში „რასა“ ბიოლოგიური თავისებურების აღნიშვნის შინაარსით არ გამოიყენება.

3. ECRI-ს დაკვირვებით, ბოლო წლების განმავლობაში დამკვიდრდა ტერმინი „რასიალიზაცია“. ამ ტერმინის გამოყენების მომხრეები ამბობენ, რომ ეს ცნება იძლევა საშუალებას, დავინახოთ სოციალური და იდეოლოგიური პროცესები, რომლებიც იწვევს ადამიანთა მრავალფეროვანი იდენტობების რასობრივი კუთხით სტერეოტიპულ და გამარტივებულ აღქმას, რაც თავის მხრივ ძალაუფლების გამოყენებაა. მათი აზრით, რასიალიზაციის პროცესში ადამიანთა პოპულაციას (ფენოტიპით ან კულტურული განსხვავებით გამორჩეულ ადამიანებს) მიეწერება გარკვეული ნიშან-თვისებები, რომლებიც წარმოჩენილია როგორც ამ ჯგუფის ყველა წევრის ბუნებრივი, უკვე დადგენილი თვისება. მიუხედავად იმისა, თუ საიდან არის ადამიანი წარმომავლობით ან რა გამოცდილება აქვს, როგორც კი ეს ადამიანი წარმოჩნდება ჯგუფის წევრად, ის უკვე იზიარებს ამ ჯგუფის მახასიათებლებად მიჩნეულ ყველა ნიშანს, მაგალითად, კანის ფერს, ეთნიკურ თუ ეროვნულ წარმომავლობას ან რელიგიას. ეს პროცესი ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებს ერთგვაროვან ჯგუფად აქცევს და მისი წევრები „სხვები“ ხდებიან.

4. ეს მიდგომაც, რომელსაც ტერმინის გამოყენების ალტერნატივად მცდარად მიიჩნევდნენ, ასევე გახდა კრიტიკის საგანი. ზოგიერთი ოპონენტის აზრით, „რასიალიზაცია“ იძლევა არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას, რადგან საზოგადოებები შეიძლება გამარტივებულად დაიყოს ორ ჯგუფად: ერთი მხრივ, მსხვერპლებად („რასიალიზებული“ ჯგუფები), და მეორე მხრივ, ჯგუფებად, რომელთაც აქვთ დომინანტური სტატუსი ან არიან ისეთ მჩაგვრელ ინსტიტუციებში, სადაც მიზანმიმართულად თუ უნებურად, პირველი ჯგუფის „რასიალიზაციას“ ახდენენ. ამის პასუხად კი, ისინი, ვინც ცნების ფართოდ გამოყენებას უჭერს მხარს, მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია იმ სოციალური და იდეოლოგიური პროცესების გამოვლენა, რომლებიც სტრუქტურულ  ან ინსტიტუციურ რასიზმს და რასობრივ დისკრიმინაციას განაპირობებს.

5. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ECRI დარწმუნებულია, რომ სწორად გამოყენებისა და სათანადო ახსნის შემთხვევაში, ცნება „რასიალიზაცია“ შეიძლება დაგვეხმაროს უკეთესად გავიგოთ, გამოვავლინოთ და პროაქტიულად რეაგირება მოვახდინოთ იმ გარემოებებზე, რომლებიც ხელს უწყობს რასისტული აზროვნების, დისკურსისა და პრაქტიკის გავრცელებას დღევანდელ ევროპაში და მის მიღმა. რასიალიზაციამ ხელი შეუწყო გარკვეული ჯგუფების მიმართ უარყოფითი წინასწარგანწყობების გავრცელებას, უთანასწორობის გაღრმავებას,  გარიყულობის ლეგიტიმაციასა და მტრობას. ევროპის ისტორია გაჯერებულია გარკვეული ჯგუფის წარმომადგენლების, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ შავკანიანების, ბოშების, ებრაელების, მუსლიმებისა და სიქჰების, მკვიდრი მოსახლეობის რასიალიზაციის მაგალითებით.

მუშაობის კონტექსტიდან გამომდინარე, ECRI „რასიალიზაციას“ განმარტავს, როგორც პროცესს, როცა გარკვეული ნიშან-თვისებები და მახასიათებლები ადამიანთა ჯგუფს ბუნებრივად მიეწერება, რაც საბოლოოდ ქმნის “რასასთან” დაკავშირებულ  ყალბ სოციალურ იერარქიებს და იწვევს გარიყვასა და მტრობას. „რასიალიზაციის“ ტერმინის გამოყენებას აქვს პოტენციალი, დაგვეხმაროს, დავინახოთ რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის განმაპირობებელი პროცესები, გავიგოთ რასიალიზებული ჯგუფების ხმა და გავითვალისწინოთ ისინი, განსაკუთრებით ცნობიერების ამაღლების, საგანმანთლებლო საქმიანობისა და პოლიტიკის დაგეგმვის დროს.

 

 

 

 

[1] ECRI’s opinion on the concept of “racialisation” (adopted at ECRI’s 87th plenary meeting on 8 December 2021), shorturl.at/ioKMY