სასამართლოს გადაწყვეტილებით ეგვიპტის მოქალაქეს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭება
რამდენიმე წლიანი ბრძოლა ეგვიპტელი თავშესაფრის მაძიებლის უფლებებისთვის გამარჯვებით დასრულდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირს, რომელიც წარმოშობის ქვეყანაში რელიგიური მრწამსისა და სექსუალური ორიენტაციის გამო იდევნებოდა, საქართველოში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა. ბენეფიციარის უფლებებს TDI 2017 წლიდან იცავს.
2021 წლის 16 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს სასამართლოს გადაწყვეტილებით პირდაპირ დაევალა გამოსცეს აქტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
წარმოშობის ქვეყნაში ეგვიპტის მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდა, რასაც მოჰყვა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი. ეგვიპტის სასამართლომ სასჯელის სახით მას თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა განუსაზღვრა. ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის გათვალისწინებით, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრებოდა.
ვ.ე.-მ თავშესაფრისათვის საქართველოს სახელმწიფოს 2017 წლის იანვარში მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ იგი აკმაყოფილებდა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო საერთაშორისო მოთხოვნებს, საქართველომ მას უარი სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის საბაბით უთხრა. გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდა და ვ.ე.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქმე ხელახლა განსახილველად და ახალი გადაწყვეტილების გამოსატანად დაუბრუნდა თავშესაფრის მინიჭების საკითხის განმხილველ უწყებას (ამჟამად, შსს მიგრაციის დეპარტამენტი). თუმცა, 2020 წელს, განმცხადებელს განმეორებით ეთქვა უარი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.
2021 წლის 3 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელმეორედ განიხილა და ამჯერად უკვე სრულად დააკმაყოფილა ეგვიპტის მოქალაქის სარჩელი საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 16 დეკემბერს კი სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. საქმე სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ავლენს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის საბაბით თავშესაფრის მინიჭებაზე დაუსაბუთებელი უარის მანკიერ პრაქტიკას. გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოებმა იხელმძღვანელეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, მათ შორის, საქმეში “ჩაჰალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ” დადგენილი სტანდარტებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და ის გამოცხადებისთანავე შევიდა კანონიერ ძალაში.
TDI სამართლებრივ დახმარებას უწევდა ვ.ე-ს და 2017 წლიდან მოყოლებული, იცავდა მის ინტერესებს სასამართლოში.
2016-2021 წლებში TDI იურიდიულ დახმარებასა და სტრატეგიულ სამართალწარმოებას ახორციელებდა USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით. მიმდინარე სტრატეგიულ სამართალწარმოებას TDI ახორციელებს EED-ს ფინანსური მხარდაჭერით.