ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
იან/2226

რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და უსაფრთხოება: დისკუსიის მიმოხილვა

24 იანვარს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), სომხეთის ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან (EPF) ერთად, გამართა ონლაინ დისკუსია, სადაც ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა, რელიგიური გაერთიანებებისა და მედიის წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთში, ასევე ზოგადად რეგიონში რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და პრობლემები. ღონისძიების მიზანი იყო, რელიგიისა და რწმენის ფუნდამენტური უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული საფრთხეების ანალიზი, ასევე საქართველოსა და რეგიონში ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე მსჯელობა. 

მომხსენებლები იყვნენ: იზაბელა სარგისიანი, სომხეთის ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამების დირექტორი; არიანა აგანოვიჩი, ეუთო-ოდირის ასოცირებული ოფიცერი რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებზე; ბექა მინდიაშვილი, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი; ჯონ კინაჰანი, ონლაინ გამოცემა ფორუმ 18 ის რედაქტორი; მარიამ ღავთაძე, იურისტი, TDI-ის გამგეობის წევრი; საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის თბილელი მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი; ტარიელ ნაკაიძე, მუსლიმი თემის წარმომადგენელი და საქართველოს პარლამენტის წევრი; ლევან სუთიძე, ონლაინ მედია “ტაბულას” მთავარი რედაქტორი და რელიგიის მიმომხილველი. დისკუსიას მოდერაციას უწევდა TDI-ს დირექტორი ეკა ჭითანავა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ რელიგიური გაერთიანებები საქართველოდან და სომხეთიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 

დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს, თუ რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაპირისპირების ჭრილში განხილვა, როგორია ამ კუთხით საერთაშორისო სტანდარტები, როგორია საქართველოსა და რეგიონში პოლიტიკა რელიგიური გაერთიანებების მიმართ და როგორ ხედავენ განსხვავებული რეჟიმები უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების ურთიერთმიმართების საკითხებს. 

სომხეთის ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF) პროგრამების დირექტორმა იზაბელა სარგისიანმა წარმოთქვა მოსასალმებელი სიტყვა და  ხაზი გაუსვა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, სომხეთსა და ქართულ მხარეებს შორის მრავალწლიან თანამშრომლობას, მათ შორის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მიმართულებით. იზაბელა სარგისიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოში ხშირად მსგავსი ტენდენციებია და მნიშვნელოვანია, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება. მაგალითად, სომხეთში, ამჟამად იგეგმება საკონსტიტუციო ცვლილებები. ამ კუთხით საინტერესო იქნება, სომეხი სამოქალაქო საზოგადოებისა და რელიგიური გაერთიანებებისთვის  იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება კონსტიტუციიდან რელიგიისა და რწმენის თავისუფლების “სახელმწიფო უსაფრთხოების” საფუძველზე შეზღუდვის ამოღებას გაუწიონ ადვოკატირება, რათა იგი ჩანაცვლდეს “საზოგადოებრივი წესრიგით”.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ასოცირებულმა ოფიცერმა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებზე, არიანა აგანოვიჩმა ისაუბრა უსაფრთხოებასა და რელიგიის თავისუფლებასთან მიმართებით ეუთოს სტანდარტებსა და მიდგომებზე. მან აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირს აქვს ჰოლისტური მიდგომა უსაფრთხოებასთან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ ადამიანის უფლებებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის მათი ვალდებულება, არამედ იმისთვის, რომ მიაღწიონ უსაფრთხოების უფრო მაღალ ხარისხს. სახელმწიფოს ვალია, დაიცვას ყველა თემი მათი სამართლებრივი სტატუსის (რეგისტრირებულია თუ არარეგისტრირებული, უმრავლესობაა თუ უმცირესობა, ტრადიციულია თუ არატრადიციული) მიუხედავად.

აგანოვიჩის თქმით, ზოგჯერ სახელმწიფოები ზღუდავენ რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას “ეროვნული”, “სახელმწიფოს უსაფრთხოების”, “მშვიდობიანი თანაცხოვრების”, “სოციალური სტაბილურობის”, ან “სოციალური ჰარმონიის” არგუმენტებით. ეუთოს მიდგომით, ადამიანის უფლებების დარღვევა უსაფრთხოების სახელით, სინამდვილეში ძირს უთხრის უსაფრთხოებას. 

ეუთოს რეგიონში არსებობს რელიგიის თავისუფლების დაცვის, მრავალფეროვნების მიმღებლობისა და პატივისცემის კუთხით ბევრი გამოწვევა. მეორე მხრივ ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის, ტერორიზმის საფრთხის კონტექსტში, რელიგია არასწორად გაიგივდა ამ პრობლემების მთავარ გამომწვევ მიზეზად, რამაც გაართულა რელიგიისა და რწმენის, აზრის, სინდისის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის მჭიდრო კავშირის დანახვა. რელიგიის თავისუფლებისა და უსაფრთხოების ურთიერთდაპირისპირების გამოწვევა ჩნდება მაშინ, როდესაც მაგალითად, სახელმწიფოები წყვეტენ, მისცენ თუ არა გარკვეულ რელიგიურ ორგანიზაციებს რეგისტრაციის უფლება, განსაზღვრავენ “ექსტრემისტულ” გამოხატვას, ატარებენ რელიგიური დანიშნულების ნაგებობების ჩხრეკას, კრძალავენ რელიგიის ან რწმენის შეცვლის პრაქტიკას, ან მსჯელობენ, საშიშია თუ არა რელიგიური ორგანიზაციების კავშირები საზღვარგარეთ.

ეუთოს მტკიცებით, უსაფრთხოება არ შეიძლება განხილული იყოს რელიგიისა და რწმენის ფუნდამენტურ უფლებასთან დაპირისპირების ჭრილში, პირიქით, ეს ორი უფლება ერთმანეთს ავსებს და ამტკიცებს.  

ფორუმ 18-ის რედაქტორმა ჯონ კინაჰანმა აღნიშნა, რომ საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილება ისეთ ჭრილში, რომელიც ზიანს აყენებს ორივე უფლებას. “პირველი კითხვა რაც უნდა დავსვათ რელიგიის თავისუფლების შესახებ არის შემდეგი: ვის უსაფრთხოებას ვგულისხმობთ? საქმე ეხება ხალხის უსაფრთხოებას, რომლებიც საკუთარი უფლებებით სარგებლობენ თუ ვლაპარაკობთ ხელისუფლების უსაფრთხოებაზე, რომელსაც სურს საზოგადოების კონტროლი?” - თქვა კინაჰანმა. აგანოვიჩის მსგავსად, ბატონმა კინაჰანმა გაამახვილა ყურადღება, რომ რელიგიის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას აქვს საერთო და ურთიერთდამხმარე მიზნები, ეს ორი უფლება ერთმანეთს არ ეწინააღდეგება. მან ასევე მიმოიხილა რეგიონში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და “უსაფრთხოების” სახელით, ავტორიტარული რეჟიმების მიერ ადამიანების დევნის შემთხვევები,  მაგალითად, ყაზახეთში სათანადო მტკიცებულების გარეშე ადამიანებისთვის “ტერორიზმის” იარლიყის მიკერებისა და მათი უკანონო დაპატიმრების, მკვლელობის ფაქტები. მისი თქმით, ხელისუფლება ასევე დევნის მუსლიმებს, რომლებსაც არ ჩაუდენიათ დანაშაული ან რაიმე სახის ექსტრემიზმი, კანონმდებლობაში “რელიგიური შუღლის გაღვივებისა” და “ტერორიზმის პროპაგანდის” მუხლების საფუძველზე. ასევე ადამიანებს არ შეუძლიათ რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით სარგებლობა ლოცვისა და შეკრებისას სახელმწიფოს ნებართვის გარეშე. იმ გაერთიანებებსაც, რომლებიც სახელმწიფოს ნებართვით ფუნქციონირებენ, სჭირდებათ ცალკე ნაბართვა, თუ სად და როგორ შეიკრიბონ, ხოლო მათ, ვინც “დაუკითხავად” იკრიბება სალოცავად, სახელმწიფო სჯის. 

ბატონი კინაჰანის თქმით, თუკი გვინდა, რომ წვლილი შევიტანოთ ქვეყნების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში, უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შეგვიძლია დავიცვათ უკლებლივ ყველას მიერ ადამიანის უფლებებით განუხრელი სარგებლობა. 

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა და TDI-ს სტრატეგიული სამართალწარმოებისა და ადვოკატირების პროგრამების ხელმძღვანელმა მაკო ღავთაძემ მიმოიხილეს საქართველოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობა და სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის პრობლემატიკა, უსაფრთხოებისა და რელიგიის თავისუფლების საკითხები, რა გავლენას ახდენს სახელმწიფოს პოლიტიკა ადამიანის უფლებებზე, რელიგიურ გაერთიანებებსა და რელიგიის თავისუფლების დამცველ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. 

ბექა მინდიაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ბოლო წლებში მცდელობა ჰქონდა, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფერო სახელმწიფო უსაფრთხოების მოტივით საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე შეეზღუდა, მაშინ როდესაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლით რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას გამორიცხავს. მანვე აღნიშნა, რომ თავზარდამცემია სახელმწიფო უსაფრთხოების მასალების გამოქვეყნება - სუს-ის სავარაუდო უკანონო მასალების მიხედვით, თვალთვალისა და მიყურადების ობიექტები არიან რელიგიური გაერთიანებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და ის ადამიანები, რომლებიც რელიგიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს იცავენ. 

მისი თქმით, ზოგადად პრობლემურია სახელმწიფოს დეკლარირებული დისკრიმინაციული პოლიტიკა, და ეს კარგად გამოჩნდა 2021 წლის 5 ივლისს, როდესაც სახელმწიფომ ვერ დიაცვა “თბილი პრაიდის” მონაწილეთა და ჟურნალისტთა შეკრების თავისუფლება და ჯანმრთელობა. ამ კუთხით განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ არ აპირებს უმცირესობების უფლებების დაცვას და საქართველოში უმცირესობები ვერ განსაზღვრავენ უმრავლესობის დღის წესრიგს. ეს მიმართვა ეხებოდა ყველა უმცირესობას და არა მხოლოდ სექსუალური ორიენტაციით განსხვავებულს. მინდიაშვილის თქმით, სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკა უმცირესობების მიმართ ასევე აისახება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პოლიტიკასა და რიტორიკაზე, რომელიც ასევე ეფუძნება  უსაფრთხოების იმგვარად გაგებას, რომ თითქოს უმცირესობები შესაძლოა წარმოადგენდნენ საფრთხეს. ეს ჩანს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ დოკუმენტებშიც.  მინდიაშვილის თქმით, დისკრიმინაცია ქმნის უსაფრთხოების უზარმაზარ პრობლემას და არა პირიქით - სახელწიფო უნდა ეფუძნებოდეს ყველა ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციის უპირობო დაცვას. 

მაკო ღავთაძის თქმით, ყველა ადამიანს აქვს უფლება რომ მისი პირადი უსაფრთხოება იყოს დაცული და ამის უზრუნველყოფა ეკისრება სახელმწიფოს. ასევე ყველა ადამიანს აქვს რწმენისა და რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებით სრულყოფილად სარგებლობის უფლება და ამის დაცვის უზრუნველყოფაც ეკისრება სახელმწიფოს. ზოგიერთ სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს სტრატეგიები უსაფრთხოების დასაცავად და მისი მიზანი არ იყოს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა, ამას აკეთებდეს უსაფრთხოებისთვის და წინასწარი განზრახვის გარეშე ლახავდეს რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას, რაც ასევე დაუშვებელია, მაგრამ გვაქვს შემთხვევები, როდესაც გარკვეული რეჟიმები განგებ მიზანში იღებენ რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას, რელიგიურ ჯგუფებს, განსაკუთრებით უმცირესობაში მყოფ რელიგიურ გაერთიანებებს მათ ტერიტორიებზე და მუდმივად დევნიან და ავიწროებენ მათ. მსგავსი მიდგომა შეფუთულია ხოლმე ისეთი ფრაზებით, როგორიცაა “მშვიდობიანი თანაცხოვრების დაცვა”, “ჰარმონიის დაცვა”, “ტერორიზმთა, ექსტრემიზმთან ბრძოლა” და სხვ.  სამწუხაროდ  ეს რეჟიმი საქართველოშიც არის მზარდი, და უფრო და უფრო იკიდებს ფეხს. ბოლო წლებში საქართველოში ვხედავთ როგორ იკლებს რწმენისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის ხარისხი, და სისტემურად ილახება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. 

ღავთაძის თქმით, პრობლემურია ის გარემოება, რომ არ არის სათანადო დისკუსია რწმენისა და რელიგიის თავისუფლების დაცვასა და მის მნიშვნელობაზე და არც მედია უთმობს სათანადო ყურადღებას ამ საკითხებს აღნიშნული რაკურსით. მაგალითად სავარაუდო სუს-ის ჩანაწერების შესახებ დისკუსიის დროს არ გაკეთდა აქცენტი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, ამ ყველაფრის დაუშვებლობაზე, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობაზე, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს რელიგიური გაერთიანებები და მათი წევრები, თუნდაც მათი აღსარების საიდუმლოება რამდენად არის დაცული? აგრეთვე მნიშვნელოვანია უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივიზმის საკითხი, რომელიც ასევე არის სავარაუდო თვალთვალისა და კონტროლის სამიზნე სახელმწიფოს მხრიდან. 

შეხვედრაზე რელიგიური გაერთიანებების პოზიცია გამოხატეს თბილელმა მიტროპოლიტმა მალხაზ სონღულაშვილმა (საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია)  და მუსლიმი თემის წარმომადგენელმა ტარიელ ნაკაიძემ.  

ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ რელიგიური ორგანიზაციების წინაშე არსებული პრობლემები გამოწვეულია არა საკანონმდებლო ხარვეზებით, არამედ სახელმწიფო ნების არარსებობით, რომ დაცული იყოს უმცირესობების უფლებები. მან ისტორიულ ჭრილში განიხილა საქართველოში არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებული გამოწვევები და აღნიშნა, რომ რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფო რეგრესს განიცდის. ეპისკოპოსმა აგრეთვე ისაუბრა რელიგიის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობაზე სხვა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონტექსტში. 

ეპისკოპოსმა მოხსენებაში ყურადღება აგრეთვე დაუთმო სავარაუდო უკანონო ჩანაწერების გავრცელების ფაქტსა და მის საგანგაშო ხასიათს და აღნიშნა, რომ ამ მოვლენით ცხადი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც მაკონტროლებელი ინსტრუმენტის როლი საზოგადოებაში. ეპისკოპოსმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის მნიშვნელობას და როლს კონსტიტუციით დაცული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისთვის ბრძოლაში. მალხაზ სონღულაშვილმა ასევე ისაუბრა სახელმწიფოსა და რელიგიური გაერთიანებების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე პანდემიის პერიოდში. 

მუსლიმი თემის წარმომადგენელმა ტარიელ ნაკაიძემ ისაუბრა რელიგიური უმცირესობების აქტიურობის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს მხრიდან უმცირესობების, მათ შორის მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციაზე. ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ჯერ კიდევ საბჭოთა პოლიტიკას იყენებს უმცირესობებთან დამოკიდებულებებში და რელიგიურ თუ ეთნიკურ უმცირესობებს განიხილავს სახელმწიფო უსაფრთხოების ჭრილში. მომხსენებლმა ასევე ისაუბრა რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს როლზე, როგორც რელიგიური ორგანიზაციების მაკონტროლებელ ორგანოზე. მისი თქმით, სახელმწიფო მუსლიმი თემის საქმიანობაში უკვე მრავალი წელია ერევა. ნაკაიძემ ისაუბრა მუსლიმ თემში რელიგიური ლიდერების არჩევის პროცესში სახელმწიფოს ჩარევაზე, “ბათუმის მეჩეთის” საქმეზე და მუსლიმი თემის ბრძოლაზე საკუთარი უფლებებისთვის. ტარიელ ნაკაიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა გავრცელებული სავარაუდო უკანონო ჩანაწერების როლზე სახელმწიფოს მიერ მუსლიმი თემისა და ლიდერების დისკრედიტაციის პროცესში. 

“ტაბულას” მთავარმა რედაქტორმა  ლევან სუთიძემ საქართველოში რელიგიისა და მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მომხენებელმა ყურადღება გაამახვილა სუს-ის სავარაუდო უკანონო ჩანაწერებზე, რელიგიური ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლების და სამოქალაქო ორგანიზაციების კონტროლის მასშტაბებზე და ფორმებზე, რომელიც მისი თქმით, ცხადი სწორედ ჩანაწერების მეშვეობით გახდა. ლევან სუთიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მედიისთვის გამოწვევა აღმოჩნდა აღნიშნული სავარაუდო უკანონო ჩანაწერების გაშუქება და სწორი აქცენტების დასმა. მომხსენებელმა მსმენელებს პირადი გამოცდილება გაუზიარა ჩანაწერებში მის შესახებ არსებული ინფორმაციის ხასიათთან და უკანონო მიყურადების მასშტაბებთან დაკავშირებით. სუთიძემ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობა, გარემოებათა გათვალისწინებით, შეუძლებელია და ვერ იქნება შედეგის მომტანი, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო აქტორებისთვის. 

ონლაინ ღონისძიების ჩანაწერი ქართულად:

 https://www.facebook.com/tdi.ge/videos/496363225168892