ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ნოე/2216

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საქართველოში

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. იგი ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. 

ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის პრინციპებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის კუთხით ვითარება საქართველოში სულ უფრო მძიმე და პრობლემური ხდება. ყოველდღიურად ილახება ადამიანების ღირსება და თავისუფლება, განსხვავებული იდენტობის, რელიგიური მრწამსის თუ ეთნიკური კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები განიცდიან დევნასა და დისკრიმინაციას. ძალადობრივი  და ექსტრემისტული ჯგუფების გაძლიერება და დაუსჯელობა კი, კიდევ უფრო მეტად აღვივებს შეუწყნარებლობას.

თვალსაჩინოა, რომ ადამიანის უფლებების რეალური დაცვა და პატივისცემა ხელისუფლების დღის წესრიგში არ დგას. საპირისპიროდ, სულ უფრო მკაფიო ხდება რწმენისა და რელიგიის თავისუფლების და თანასწორუფლებიანობის საკითხების ფუნდამენტური უფლებების სივრციდან კონტროლის, შანტაჟის, ჩაგვრისა და დევნის სივრცეში გადატანის მცდელობა.  

არადემოკრატიული მმართველობის პირობებში, სადაც რელიგიურ ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, მედიას და პოლიტიკოსებს უკანონოდ უსმენენ, უთვალთვალებენ, აშანტაჟებენ და ავიწროებენ, ხელისუფლების ნებისმიერი განცხადება ტოლერანტობასა და ადამიანის უფლებებზე შინაარსს მოკლებულია. 

დღეს საქართველო ევროინტეგრაციის შესაძლებლობის ისტორიულ გზაგასაყარზეა. ევროპა, უპირველეს ყოვლისა, არის ღირებულებების, თავისუფლების, მრავალფეროვნების, ადამიანის ღირსებისა და უფლებების პატივისცემის სივრცე. ეს ღირებულებები და ტრადიციები, რასაც ფსევდონაციონალისტური ჯგუფები დღეს საფრთხედ წარმოაჩენენ, ქართული კულტურისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ხელისუფლება კი, საკუთარი არადემოკრატიული მმართველობითა და შეუწყნარებლობით, ღალატობს საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას და თავისუფლების იდეას.

ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაციაში, რომელიც იუნესკომ 1995 წელს 16 ნოემბერს მიიღო, აღნიშნულია, რომ უპირველეს ყოვლისა, ტოლერანტობა აქტიური დამოკიდებულებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს სხვა ადამიანების საყოველთაო უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარება. ამიტომ, დღეს არსებული გლობალური და ადგილობრივი გამოწვევები, ტოლერანტობის იდეის დაცვის და მოქმედების პასუხისმგებლობას თითოეულ მოქალაქეს აკისრებს.