სემინარი რელიგიის ან რწმენის თავისუფლებაზე სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის
2023 წლის 25 იანვარს, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) და ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სემინარი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, რელიგიური გაერთიანებებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის.
სემინარი “რელიგიის ან რწმენის თავისუფლება ყველასთვის” ფარავდა შემდეგ თემებს: რელიგიისა ან რწმენის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტები, რელიგიის ან რწმენის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური და არალეგიტიმური მიზნები, სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის პრინციპი, რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიურობის მნიშვნელობა, რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და უსაფრთხოება.
სესიებს უძღვებოდნენ დოქტორი ტიეგო ალვეს პინტო (ოქსფორდის უნივერსიტეტი და ოსლოს კოალიცია რელიგიის ან რწმენის თავისუფლებაზე), მარიამ ღავთაძე (ადამიანის უფლებების იურისტი, TDI) და ეკატერინე ჭითანავა (TDI).
ეუთო/ოდირის ასოცირებულმა ოფიცერმა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებში არიანა აგანოვიჩმა მონაწილეებს გააცნო ეუთოს საქმიანობა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების და უსაფრთხოების მიმართულებით და გზამკვლევი “რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და უსაფრთხოება”, რომელიც ცოტა ხნის წინ ქართულ ენაზეც გამოიცა.