ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
თებ/2317

სასულიერო პირების მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) შეფასება

2022 წლის 28 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ, დაანონსებული თავდაცვის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტს საქართველოს კანონთა პროექტები[1] წარუდგინა, მათ შორის, საქართველოს კანონის - “თავდაცვის კოდექსის” პროექტი, რომელიც მის ამოქმედებამდე არსებული რამდენიმე სამართლებრივი აქტის ერთიან დოკუმენტად კოდიფიკაციასა და სახელმწიფოს თავდაცვის ორგანიზების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, პაკეტი მოიცავს არაერთ ინიციატივას სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში განსახორციელებელი ცვლილების შესახებ, რომლებიც შესაძლოა პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებოდნენ სასულიერო პირების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის ვალდებულებისგან გათავისუფლებისა თუ მისი ალტერნატიული ფორმით მოხდის საკითხებს.

მთავრობის მხრიდან საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას წინ უძღოდა 2022 წლის 12 დეკემბერს პრემიერ-მინისტრ ი. ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რომ იგეგმებოდა ახალი “სამხედრო კოდექსის” მიღება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, დაარეგულირებდა სამხედრო სამსახურის გავლის გადავადებით სასულიერო პირების მიერ სარგებლობის საკითხს.[2] 

როგორც პრემიერის განცხადებიდან ირკვევა, მთავრობამ ეს საკითხი წინასწარ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან განიხილა, ხოლო სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს ინიციატივა უკვე მოგვიანებით, 2023 წლის იანვარში, ინფორმირების მიზნით გააცნო.

წინამდებარე შეფასება ეფუძნება მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის ანალიზი ცხადყოფს, რომ შემოთავაზებული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირები უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებთან მიმართებით, რომელთაც, საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით, კვლავ უნარჩუნდებათ სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა. ამის ფონზე, წარდგენილი პროექტის თანახმად, “მღვდელმსახურის” სტატუსის ქონა აღარ ჩაითვლება სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების საფუძვლად და კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება წესი, რომლის თანახმადაც არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირებს სამხედრო სამსახურის ალტერნატიული, არასამხედრო ფორმით გავლა მოუწევთ.

ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანი

პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში[3] კანონპროექტის მიღების მიზნად დასახელებულია: თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლება; სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ნორმებში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება; თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის შექმნა.

რეფორმის ფარგლებში, ცვლილებები შეეხება რამდენიმე ძირეულ საკითხს, მათ შორის, წვევამდელთა მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის წესსა და პირობებს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, “აღნიშნული სისტემის ამოქმედება საშუალებას მოგვცემს შემცირდეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მსურველთა რაოდენობა.” გარდა ამისა, მითითებულია, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში “აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება არაკეთილსინდისიერი ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა დაეხმარონ ცალკეულ პირებს თავი აარიდონ გაწვევას”.

როგორც უკვე აღინიშნა, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა არ შემოიფარგლება მხოლოდ “თავდაცვის კოდექსის” მიღებით და იმავდროულად ითვალისწინებს ცვლილებებს მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებში. მათ შორისაა საქართველოს კანონი „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“. „მღვდელმსახურის“ სტატუსის ქონის საფუძველზე სამხედრო სამსახურის მოხდის გადავადების შესაძლებლობის გაუქმების ფონზე, მთავრობის მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტა სწორედ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის შესაძლებლობით მოსარგებლეთა სიაში “სასულიერო პირის” დამატებაა. ამდენად, ცვლილებების პაკეტის აღნიშნული ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში[4] მითითებულია, რომ “ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და ტოტალური თავდაცვის პრინციპის გათვალისწინებით, ინერგება ახალი სარეზერვო სისტემა. ამ სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს რეზერვის დაკომპლექტება, როგორც სამხედრო მომზადების მქონე პირებისაგან, ასევე პირებისაგან, რომლებსაც ექნებათ სპეციალური არასამხედრო უნარ-ჩვევები, რომლებიც გააუმჯობესებს რეზერვის მართვის პროცესებს განსაკუთრებით კრიზისულ პირობებში“.[5]

დღეს მოქმედი კანონმდებლობა

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურს ექვემდებარებიან 18-27 წლის პირები.

მოქმედი კანონით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება პირს, თუკი "არის მღვდელთმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში" (კანონი სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, მუხლი 30)

მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისთვის კი უფრო პრივილეგირებული კანონმდებლობა მოქმედებს, რადგან "[მართლმადიდებელი ეკლესიის] სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან" (კონსტიტუციური შეთანხება, მუხლი 4).

როგორც ვხედავთ, მოქმედი კანონმდებლობა უთანასწორო პირობებს აწესებს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა სხვა რელიგიური გაერთიანების სასულიერო პირებისთვის, რადგან, პირველ შემთხვევაში, სასულიერო პირი სრულად თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისგან, ხოლო მეორე შემთხვევაში, სასულიერო პირები სარგებლობენ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში, ისინი მეტნაკლებად თანასწორნი არიან, რადგან როგორც “გადავადების”, ისე “გათავისუფლების” უფლებით სარგებლობით, ყველა რელიგიური გაერთიანების სასულიერო პირისთვის ერთი და იგივე შედეგი დგება - მათ შეუძლიათ არ გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური. აღნიშნული საკანონმდებლო უთანასწორობა აქამდე სწორედ ამიტომ არ გახდა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი.

რა არის სამხედრო ვალდებულება?

დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სამხედრო ვალდებულება ითვალისწინებს: ა) სამხედრო აღრიცხვას; ბ) სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას; გ) სამხედრო სამსახურს; დ) რეზერვს  (კანონი სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, მუხლი 1).

მოქმედი კანონმდებლობა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის მექანიზმს განმარტავს როგორც სამხედრო ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოხდის ერთ-ერთ ფორმას[6] (კანონი არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ, პრეამბულა) და მკაფიოდ მიუთითებს, რომ სამხედრო ვალდებულება არ გამოიხატება „მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებსა და მათთვის მზადებაში[7], არამედ, მათ შორის, მოიცავს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის კომპონენტსაც.

შესაბამისად, როდესაც კონსტიტუციურ შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ “[მართლმადიდებელი ეკლესიის] სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან", ეს მოიცავს ამ რელიგიური ორგანიზაციის სასულიერო პირების გათავისუფლებას როგორც სამხედრო სავალდებულო, ისე არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურისგან.

ეხება თუ არა ეს საკითხი “კეთილსინდისიერ წინააღმდეგობას”?

საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ეს ცვლილებები, რომელიც სასულიერო პირების სამხედრო სამსახურის გავლის საკითხს ეხება, ხშირად ერევათ ხოლმე კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საკითხში.

საქართველოს კანონმდებლობა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, ითვალისწინებს “კეთილსინდისიერ წინააღმდეგობას” იმ პირებისთვის, რომელთაც საკუთარი მრწამსის, სინდისის, აზრის გამო არ შეუძლიათ სამხედრო ვალდებულების სამხედრო სამსახურის ფორმით გავლა. სწორედ ამიტომ, კანონმდებლობა აწესებს სამხედრო ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით გავლის შესაძლებლობას.

კანონით არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ (მუხლები 1, 3, 4) “არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური არის საზოგადოებრივად სასარგებლო სამოქალაქო სამსახური, რომელიც ცვლის სამხედრო სამსახურს და ემყარება სამხედრო ვალდებულების სამხედრო სამსახურის ფორმით მოხდაზე უარის თქმის დასაბუთებას სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების საფუძველზე”.

ალტერნატიული შრომითი სამსახურით სარგებლობის უფლება აქვს ნებისმიერ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირს. ამისათვის არ არის საჭირო, რომ მოქალაქე სასულიერო პირი იყოს.

შესაბამისად, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირები აქამდეც სარგებლობდნენ სამხედრო ვალდებულების ალტერნატიული ფორმით გავლის და არა “გადავადების” ან “გათავისუფლების” უფლებით. ამიტომ, ახლა დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც სასულიერო პირების საკითხს შეეხება, “კეთილსინდისიერ წინააღმდეგობასთან” კავშირი არ აქვს.

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები

სახელწოდება: მოქალაქეთა სამხედრო ვალდებულების აღსანიშნავად დღეს მოქმედი კანონმდებლობა იყენებს ტერმინს - „სავალდებულო სამხედრო სამსახური“. თავდაცვის კოდექსის შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, “სავალდებულო სამხედრო სამსახურს” ეცვლება სახელი და ეწოდება - „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“.

ტერმინი “მღვდელთმსახური”: დღეს მოქმედ კანონში სამხედრო სამსახურის შესახებ წერია, რომ პირს შეუძლია ისარგებლოს სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებით, თუკი არის “მღვდელთმსახური” (მუხლი 30, პუნქტი ‘ლ’). თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, საკანონმდებლო ჩანაწერებიდან ეს ტერმინი ქრება და მის ადგილს იკავებს ტერმინი “სასულიერო პირი“, რომელიც, ნაცვლად თავდაცვის კოდექსისა, წარმოდგენილი იქნება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ კანონში.

სასულიერო პირისთვის სამხედრო სამსახური გადავადების შესაძლებლობის გაუქმება: თუკი დღეს მოქმედი კანონმდებლობით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ასაკს (18-27) დაქვემდებარებული მღვდელთმსახური (სასულიერო პირი) სარგებლობს სავალდებულო სამსახურის გავლის გადავადების უფლებით, “თავდაცვის კოდექსის” პროექტი აღარ იცნობს გადავადების ამ საფუძველს, რაც იმას ნიშნავს, რომ მღვდელმსახურის სტატუსის ქონა აღარ ჩაითვლება სამხედრო სამსახურის მოხდის გადავადების საფუძვლად (თავდაცვის კოდექსის პროექტი, მუხლი 71).

რაც შეეხება პროექტით გათვალისწინებული ამ ცვლილების ამოქმედების დროს, ზემოაღნიშნული ცვლილება ძალაში შედის კოდექსის გამოქვეყნების დღიდან.[8]  უფრო კონკრეტულად, კანონის ძალაში შესვლა დაკავშირებულია პარლამენტის მიერ მის მიღებასა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერასთან, რისი განხორციელებაც მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზევე იგეგმება.

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევა „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და სასულიერო პირი დაექვემდებარება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლას.

დღეს მოქმედი კანონით, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის უფლებით სარგებლობენ პირები, რომლებსაც სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის გამო არ სურთ სამხედრო ვალდებულების სამხედრო სამსახური ფორმით მოხდა (კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა). ამ უფლებით შეუძლია ისარგებლოს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე ნებისმიერ პირს და ამისათვის აუცილებელი არ არის, რომ მოქალაქე იყოს “სასულიერო პირი”.

დაგეგმილი ცვლილებით კი, როგორც უკვე აღინიშნა, ახალ თავდაცვის კოდექსში აღარ ვხვდებით სასულიერო პირისთვის სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების შესაძლებლობას; სანაცვლოდ, კანონში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ დაგეგმილია ცვლილების შეტანა და შესაბამისი მუხლისთვის “სასულიერო პირის“ კატეგორიის დამატება.

შესაბამისად, თუკი აქამდე სასულიერო პირები სრულად თავისუფლდებოდნენ (ფორმალურად, გადავადების გზით) სამხედრო ვალდებულებისგან, ახალი ცვლილებებით, ისინი დაექვემდებარებიან სამხედრო ვალდებულების ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდას.

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლას შეძლებენ როგორც კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე მოქალაქეები, ისე სასულიერო პირები („არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ კანონის ახალი რედაქციის პროექტი, მუხლი 4).[9]

წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლება: თავდაცვის კოდექსის პროექტის თანახმად, წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც უკვე გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური (თავდაცვის კოდექსის პროექტი, მუხლი 70, ნაწილი 1.ე). ამასთან, სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურში მყოფი პირი (თავდაცვის კოდექსის პროექტი, მუხლი  61, ნაწილი 2.გ).

რა ფორმით გაივლიან სასულიერო პირები ალტერნატიულ სამსახურს?

დღეს მოქმედი კანონით არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ (მუხლი 5), მოქალაქე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს გადის შემდეგ სპეციალიზებულ არასამხედრო-შრომით ფორმირებებში, ჯგუფებში ან ინდივიდუალურად:

-შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებში, ეკოლოგიურ ან სხვა სპეციალურ არასამხედრო-შრომით გაერთიანებებში;
-სამოქალაქო დანიშნულების სამშენებლო, სარემონტო ორგანიზაციებსა და ობიექტებზე;
-ორგანიზაციებსა და ობიექტებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებენ;
-კომუნალური მომსახურების დაწესებულებებში;
-ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში;
-გარდა ამისა, სოციალურად დაუცველი პირების (მოხუცების, შშმ პირების და სხვა) მოვლა-პატრონობისათვის საქართველოს მოქალაქეების გამწესება ითვლება  არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურად;
-მოქალაქეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური შეუძლია გაიაროს საქართველოს თავდაცვის ძალების სამშენებლო, სამეურნეო და სხვა ქვედანაყოფებში შესაბამის სამოქალაქო თანამდებობაზე;
-კანონი ასევე უშვებს შესაძლებლობას, რომ მოქალაქეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური შეუძლია გაიაროს სხვა სამსახურებსა და არასამხედრო-შრომით ფორმირებებშიც, რომელთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

კანონში ჩამოთვლილი ამ ალტერნატიული შრომით სამსახურის გავლის ფორმებისა და ადგილების გარდა, მთავრობის დადგენილება[10] განსაზღვრავს დამატებით ნუსხას, რომელთა შორისაა “საქართველოში კანონიერ საფუძველზე მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების მიერ წარმოებული სამშენებლო, სარემონტო და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები.”

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონის მე-5 მუხლში რაიმე სახის ცვლილების შეტანას. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზება დღეს მოქმედი წესის შესაბამისად მოხდება. ამასთან, კანონი კვლავ უშვებს შესაძლებლობას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილების გამოცემის გზით გაფართოვდეს ალტერნატიული სამსახურის გავლის შესაძლო ფორმებისა და ადგილების ნუსხა.

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ხანგრძლივობა

დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადაა 12 თვე, ხოლო არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის - 18 თვე. თავდაცვის კოდექსის პროექტის მიხედვით, 2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრება 6, 8 ან 11 თვით. შესაბამისად, იცვლება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ვადაც. კერძოდ, პროექტის მიხედვით, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადად დგინდება 12 თვიანი პერიოდი (კანონის ახალი რედაქცია, მუხლი 6, პუნქტი 1). შესაბამისად, 2025 წლის 1 იანვრამდე სასულიერო პირები გაივლიან 18 თვიან, ხოლო 2025 წლის 1 იანვრიდან 12 თვიან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს. 

ეხება თუ არა დაგეგმილი ცვლილებები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს?

საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილები ეხება სასულიერო პირებისთვის სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლების გაუქმებას და მათთვის ამ შესაძლებლობის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით ჩანაცვლებას. ეს ცვლილებები აისახება ინიცირებულ თავდაცვის კოდექსსა და არასამხედრო/ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ მოქმედ კანონში.

რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის ჭრილში, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც წარმოდგენილი რეფორმის ფარგლებში გაჩნდა,  არის ის, თუ რამდენად თანაბრად შეეხება მიღებული ცვლილება ყველა რელიგიურ გაერთიანებას, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

როგორც უკვე აღინიშნა, სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული კონსტიტუციური შეთანხმებით, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისგან. “არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის” ცნება, მისი სიტყვასიტყვითი გაგებით, შესაძლოა მკითხველში ტოვებდეს განცდას, რომ იგი “სამხედრო ვალდებულებისგან” ცალკე მდგომი, დამოუკიდებელი მექანიზმია. თუმცა, დღეს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და ინიცირებული ცვლილებების სისტემურ ანალიზს საპირისპირო დასკვნამდე მივყავართ.

კერძოდ, თავად ზემოაღნიშნული კანონის პრეამბულა მიუთითებს, რომ “ეს კანონი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს”. ამდენად, ალტერნატიული შრომითი სამსახური განხილულია არა სამხედრო ვალდებულების საპირწონე მექანიზმად, არამედ ამ ვალდებულების მოხდის ერთ-ერთ ფორმად. აღსანიშნავია, რომ ინიცირებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ამ კანონის პრეამბულაში ცვლილებების შეტანას. შესაბამისად, იგი კვლავ ძალაში რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური კვლავ სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმად იქნება მოაზრებული.

ამასთანავე, მთავრობის მიერ შემოთავაზებული ინიციატივის ფარგლებში, არ იგეგმება ცვლილებების შეტანა კონსტიტუციურ შეთანხმებაში. კონსტიტუციურ შეთანხმებას კი იერარქიულად უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ორგანულ და საქართველოს კანონებთან მიმართებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური შეთანხმების მე-4 მუხლში გამოყენებული სიტყვები - “სამხედრო ვალდებულება” მოიაზრებს როგორც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო, ისე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს. შესაბამისად, ყველა სხვა რელიგიური გაერთიანებისგან განსხვავებით, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები კვლავ გათავისუფლებული იქნებიან როგორც “თავდაცვის კოდექსით” გათვალისწინებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის, ისე „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ალტერნატიული სამსახურის გავლის ვალდებულებისაგან.

დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა ცვლილებების მომზადების პროცესი

მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის განმარტებითი ბარათში[11] ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მომზადებისა და განხილვის პროცესში, სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო სუბიექტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს „არასამთავრობო  ორგანიზაციებმა“ და „საქართველოში არსებულმა თითქმის ყველა რელიგიურმა გაერთიანებამ”. თუმცა, წარმოდგენილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან კანონის მომზადების პროცესი წარიმართა საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რელიგიური გაერთიანებების დიდი ნაწილის მონაწილეობის გარეშე. ამაზე მიუთითებს პრემიერ მინისტრის 2022 წლის 12 დეკემბრის განცხადება[12], რომლიდანაც ირკვევა, რომ მთავრობამ ეს საკითხი წინასწარ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან განიხილა, ხოლო, მედიითა და თავად თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს ინიციატივა უკვე მოგვიანებით, კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენის შემდეგ, 2023 წლის იანვარში გააცნეს.

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება

ზემოთ წარმოდგენილი ფაქტორების გათვალისწინებით, ამ ტიპის ცვლილებები კანონმდებლობაში ახალ დისკრიმინაციას გააჩენს. მართალია, ამ დრომდე მოქმედი კანონმდებლობით, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებზე ვრცელდება სამხედრო ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლების უფლება, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი რელიგიური გაერთიანების სასულიერო პირზე სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლება, პრაქტიკაში შედეგი მაინც იგივე დგება - ისინი სარგებლობენ უფლებით, არ გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური.

ახალი საკანონმდებლო რეალობით კი, იგივე შინაარსი აღარ იარსებებს და მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე. კერძოდ, კონსტიტუციური შეთანხების საფუძველზე, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები კვლავინდებურად სრულად გათავისუფლდებიან სამხედრო ვალდებულებისგან (როგორც სამხედრო ისე ალტერნატიული შრომითი ვალდებულებისგან), ხოლო ყველა სხვა დანარჩენს მოუწევს მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, ამჯერად უკვე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით.

იმისათვის, რომ ხელისუფლებამ არ მიიღოს კიდევ ერთი დისკრიმინაციული კანონი, რომელიც დამატებით უთანასწორობას გააჩენს ერთი მხრივ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მეორე მხრივ, ყველა სხვა რელიგიურ გაერთიანებას შორის, საჭიროა საკითხის კომპლექსურად განხილვა, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით.

მოვუწოდებთ კანონპროექტის ინიციატორებსა და საქართველოს პარლამენტს, არ მიიღონ ცვლილებები აღნიშნული ფორმით, გაგრძელდეს მრავალმხრივი მსჯელობა სხვა საკანონმდებლო გზებზე, რომელიც იქნება არადისკრიმინაციული და, ამავდროულად, არ ხელყოფს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას და რელიგიური გაერთიანების ავტონომიურობას.

 

 

[1] იხ.: https://parliament.ge/legislation/25591

[2] საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 დეკემბრის სხდომა, 15:20-24:20, იხ.: https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=445422587613581

[3] განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე - „თავდაცვის კოდექსი“. იხ.: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/319224

[4] განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე -  „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. იხ. https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/319228

[5] განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, გვ.2. იხ.: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/319228 

[6]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", პ.II.34.

[7]იქვე, პ.II.56.

[8] თავდაცვის კოდექსის შემადგენელი მუხლების ძირითადი ნაწილის ამოქმედება გათვალისწინებულია მისი გამოქვეყნებისთანავე. კოდექსის 184-ე მუხლში (რომელიც ამ ზოგადი წესიდან გამონაკლისებს ადგენს) წარმოდგენილ ნორმათა ჩამონათვალში არ ვხვდებით კოდექსის 71-ე მუხლს (რომელიც აწესრიგებს სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების საკითხებს). ამდენად, წესი, რომლის მიხედვითაც “მღვდელმსახურის” სტატუსი აღარ ჩაითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძვლად, ამოქმედდება კანონის გამოქვეყნებისთანავე.

[9] წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, კანონის მე-4 მუხლი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მშვიდობიან პერიოდში გაიწვევენ: ა) მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, მაგრამ სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე; ბ) სასულიერო პირს.“

[10] საქართველოს მთავრობის დადგენილება №391 “არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების, მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულებისა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების დამატებითი ნუსხის დამტკიცების შესახებ”, მიღებულია 2013 წლის 30 დეკემბერს

[11] განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე - „თავდაცვის კოდექსი“, გვ. 19. იხ.: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/319224

[12] საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 დეკემბრის სხდომა, 15:20-24:20, იხ.: https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=445422587613581 - “აი ეს მავნებლური გირჩის მოგონილი უმსგავსო, ანტი-ეროვნული, ანტი-სახელმწიფოებრივი რაღაც პროგრამა, რომელიც რეალურად ახალგაზრდებს აბნევდნენ და სთავაზობდნენ ალტერნატიულ სამსახურს. ეს ჩვენ კარგად გვესმის, ეს იყო ფიქტიური ვითომ რაღაც რელიგიური სამსახური, ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა, და სისაძაგლე პირდაპირ დავარქმევ ამ სახელს. არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ ჩვენ. ეს ჩვენი ვალია, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ და მოვაგვარეთ კიდეც… დაიხურება ეს ხარვეზი, აღმოიფხვრება და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი ეს ფიქტიური ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა. ეს საკითხი გავლილი გვაქვს ჩვენ ასევე საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ”.