განცხადება თავდაცვის კოდექსის პირველი მოსმენით მიღებაზე
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ “თავდაცვის კოდექსის”[1] 2023 წლის 4 აპრილს პირველი მოსმენით მხარდაჭერის[2] ფაქტს. საკანონმდებლო ცვლილებები რელიგიის ნიშნით მორიგ დისკრიმინაციას გამოიწვევს.
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებით იგეგმება სასულიერო პირებისთვის სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლების გაუქმება და მათთვის ამ შესაძლებლობის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით ჩანაცვლება. სამხედრო ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლება კი მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს შეეძლებათ.
სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული კონსტიტუციური შეთანხმებით (რომელსაც იერარქიულად უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ორგანულ და საქართველოს კანონებთან მიმართებით), მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისგან.[3] “სამხედრო ვალდებულება” კი მოიაზრებს როგორც სამხედრო, ისე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს. შესაბამისად, ყველა სხვა რელიგიური გაერთიანებისგან განსხვავებით, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები კვლავ გათავისუფლებული იქნებიან როგორც სამხედრო სამსახურის, ისე ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვალდებულებისაგან, რაც დისკრიმინაციის მორიგ საფუძველს გააჩენს.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი კანონპროექტის ინიცირების დღიდან აქტიურად ითხოვს მასში არსებული დისკრიმინაციის აღმოფხვრას. TDI კვლავ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, არ დაუშვას კანონპროექტის დღეს არსებული ფორმით მიღება, ვინაიდან ეს ავტომატურად გამოიწვევს არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირების დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას.
ვრცლად TDI-ს შეფასება იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3K0HmEg
[1] იხ.: https://parliament.ge/legislation/25591
[2] პლენარულ სხდომაზე კანონის პირველი მოსმენით მიღებას მხარი ოთხმოცმა დეპუტატმა დაუჭირა.
[3] კონსტიტუციური შეთანხმება, მუხლი 4.