განცხადება კათოლიკეების უფლებების დარღვევაზე
TDI გმობს სოფელ ბუზმარეთში კათოლიკეებისთვის ღვთისმსახურების ხელშეშლის მცდელობას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ააშკარავებს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ქონების რესტიტუციის პრობლემას, რელიგიური გაერთიანებების მიმართ სახელმწიფოს დიფერენცირებულ მოპყრობას, საქართველოს საპატრიაქროს მხრიდან სხვა კონფესიების ისტორიული ქონების მისაკუთრების პრაქტიკასა და წლების განმავლობაში კათოლიკეების მიერ კონსტიტუციით დაცული უფლებით სარგებლობის შეზღუდვას.
18 მაისს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო–თურქეთის სასაზღვრო ზონაში მდებარე შუასაკუნეების პერიოდის ბუზმარეთის ეკლესიაში, მართლმადიდებელი სასულიერო პირი შეეცადა, ქართველი კათოლიკეებისთვის ღვთისმსახურების ჩატარების საშუალება არ მიეცა. კათოლიკე ეკლესია ამ დღეს ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები კათოლიკეები წირვის ჩასატარებლად წინაპართა სალოცავ ადგილას მიდიან. აღნიშნულ ფაქტს 19 მაისს გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო და მართლმადიდებელი სასულიერო პირის თვითნებობის დაგმობის ნაცვლად, კათოლიკეები პროვოკაციაში დაადანაშაულა.
კათოლიკე ეკლესიის ცნობით, 18 მაისს მრევლს სასაზღვრო ზონაში შესვლისთვის შესაბამისი ორგანოებისგან ნებართვა და საშვები ჰქონდა, თუმცა, ადგილზე მისულებს ეზოს მთავარი შესასვლელი ჩაკეტილი დახვდათ. მართლმადიდებელი ბერი შეეცადა, ხელი შეეშალა კათოლიკე მორწმუნეებისთვის ტაძრის მიმდებარედ წირვის აღვლენაში. “სადაც გინდათ, ტყე ამხელა არის და ჩაატარეთ… ამ მანქანას არ გავწევ”, “თქვენი მსახურება ჩვენი ეკლესიისთვის არ არის მისაღები… აქ არ შეიძლება, რომ ეს მსახურება ჩატარდეს”. - მიმართავდა მართლმადიდებელი სასულიერო პირი კათოლიკე მორწმუნეებს. საბოლოოდ, კათოლიკე მორწმუნეებმა ლოცვა ეკლესიის ჭიშკართან აღავლინეს.
საქართველოს საპატრიარქოს 19 მაისის განცხადებით, “ბუზმარეთის V საუკუნის ტაძარი არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიული ძეგლი, რომელთანაც არავითარი კავშირი არ აქვს კათოლიკურ ეკლესიას. კათოლიკური ეკლესია, როგორც ცალკე ერთეული, XI საუკუნიდან იწყებს ჩამოყალიბებას, ამიტომ გაურკვეველია 6 საუკუნით ადრინდელი ტაძრის კონფესიურ კუთვნილებაზე დავა”.
19 მაისს, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციამ საპატრიარქოს გამოხმაურებას ოფიციალური წერილით უპასუხა.
ეკლესიის თქმით, კათოლიკეები ლეგიტიმურ პრეტენზიას აცხადებენ ბუზმარეთის ტაძარზე, რადგან ამ საყდრის მოლოცვის ადათი წარსულში იღებს სათავეს და კათოლიკეებს იგი არასოდეს მიუტოვებიათ. ასევე, 2006-07 წლებში კათოლიკე მორწმუნეთა – უდელი წარმოშობის ორი ოჯახის – სახსრებით და შრომით მოხდა მისი აღდგენა. გარდა ამისა, 18 მაისს საუბარი იყო არა ტაძრის შიგნით ან ტაძრის ეზოში წირვის აღვლენაზე, როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, არამედ ტაძრის ეზოს გარეთ, ადგილზე, სადაც შარშანაც აღევლინა წირვა. კათოლიკე ეკლესიის განცხადებით, სანამ ამ ადგილზე მართლმადიდებლური მონასტერი დაარსდებოდა, კათოლიკური წესით წირვა ნასაყდრალზე უკვე აღევლინებოდა.
უკანასკნელი წლების განმავლობაში, კათოლიკე მორწმუნეებს ტაძარში მისვლა მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში შეეძლოთ. იმის გამო, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირები მათ შენობაში არ უშვებენ, კათოლიკეები წელიწადში ერთხელ, ამაღლების დღესასწაულზე მიდიან ეკლესიის მახლობლად და გარეთ, ტყეში ლოცულობენ.
კათოლიკეებს საპატრიარქოს მხრიდან დაბრკოლებები ექმნებათ სხვა ისტორიული ტაძრების მოლოცვის დროსაც. მაგალითად, 2022 წლის ოქტომბერში, ვატიკანის ელჩის ხელმძღვანელობით, ქუთაისში გაიმართა ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკების მიმლოცველობის რიტუალი, რომლის დროსაც კათოლიკეები მათთვის მნიშვნელოვან ხუთ ადგილას აპირებდნენ გაჩერებას.
მიუხედავად იმისა, რომ მიტროპოლიტისგან უარის მიღების შემდეგ, კათოლიკე მომლოცველები მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მისაკუთრებულ, ამჟამად, ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში შესვლას არ აპირებდნენ, მათ ეკლესიის მიმდებარე პერიმეტრი ჩაკეტილი და ლენტით შემოსაზღვრული დახვდათ. 2023 წლის მაისში კი, ტაძრის ტერიტორიაზე საპატრიარქომ ჭიშკარი აღმართა და ტაძრის ადგილი შემოსაზღვრა. კათოლიკე ეკლესიის თქმით, მართლმადიდებელი ეკლესია აქაც კათოლიკეთა ისტორიული კვალის წაშლას ცდილობს, ტაძრიდან გამქრალია ორღანი და სხვა რელიგიური ნივთები, რომლებიც იქ კათოლიკე ეკლესიამ დატოვა, მთავარ შესასვლელთან კი დადგმულია ახალი ფრესკა.
ე.წ. “სადავო ტაძრების” შესახებ ისტორიული კონტექსტი
უნდა აღინიშნოს, რომ ბუზმარეთის ეკლესია ერთ-ერთია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული იმ ეკლესიებიდან, რომელთა რესტიტუციასაც ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია ითხოვს.
საქართველოში საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში, სხვა რელიგიური გაერთიანებების მსგავსად, მნიშვნელოვანი რელიგიური ქონება დაკარგა კათოლიკე ეკლესიამაც. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სახელმწიფომ ჩამორთმეული ქონება მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გარდა, სხვა ისტორიულ მესაკუთრეებს არ დაუბრუნა. მართლმადიდებელ ეკლესიას კი, მისი საკუთრების გარდა, გადაეცა სხვა რელიგიური გაერთიანებების ისტორიული ქონებაც, რომლებითაც დღემდე სარგებლობს და უარს აცხადებს მათ დაბრუნებაზე.
ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია საქართველოში ექვსი ტაძრის რესტიტუციას ითხოვს. ეს ტაძრები მდებარეობს გორში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდესა და ბუზმარეთში, ქუთაისსა და ბათუმში. ისინი დღეის მდგომარეობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაშია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძრები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად არის აღიარებული, მართლმადიდებელი ეკლესია ცვლის მათ იერსახეს და შლის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობის დამადასტურებელ მახასიათებლებს, რაც სახელმწიფოს მხრიდან არ კონტროლდება და შესაბამისი რეაგირების გარეშე რჩება.
სახელმწიფოს მხრიდან რესტიტუციის პოლიტიკის არარსებობა, დომინანტური რელიგიური ორგანიზაციისთვის მინიჭებული პრივილეგიები, ისტორიულ უსამართლობაზე დუმილი და დისკრიმინაცია, უთანასწორობაზე დაფუძნებული პოლიტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა.
კათოლიკე ეკლესიის ისტორიული ქონება საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში:
ბათუმი
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი ბათუმელი კათოლიკე მრევლისა და მეცენატ სტეფანე ზუბალაშვილის დახმარებით 1897- 1902 წლებში აიგო. საბჭოთა წლებში ეკლესია დაიხურა. 80-იანი წლების ბოლოს ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა და მოხატულობა პირვანდელი სახით აღდგა. 1989 წლიდან ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაა. ეკლესიაში კათოლიკეებს წირვა-ლოცვის ჩატარების შესაძლებლობა არ ეძლევათ. ტაძარში ფრესკების ნაწილი დაზიანებულია, კედლისა და სვეტების მოხატულობა კი მოშლილი. ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. კათოლიკე ეკლესია მის კონსერვაციასა და ისტორიული იერსახის შენარჩუნებას ითხოვს, თუმცა, უშედეგოდ. ეკლესიის ნეოგოთიკური არქიტექტურა, სიმბოლიკა და ყველა მახასიათებელი მიუთითებს მის კათოლიკურ წარმომავლობაზე.
ქუთაისი
1800 წელს, მეფე სოლომონ მეორემ კათოლიკე მისიონერებს ქუთაისში მიწის ნაკვეთი გადასცა. უბიწო ჩასახვის კათოლიკური ტაძრის მშენებლობა 1826 წელს დაიწყო და 1862 წელს დასრულდა, ხოლო 1939 წელს კომუნისტებმა დახურეს. 1990 წელს ტაძარი საკუთრებაში გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და დღეს ხარების ეკლესიად მოიხსენიებენ.
გორი
კათოლიკური ტაძარი გორში 1806-10 წლებში აშენდა, საბჭოთა პერიოდში კი გორის სამუსიკო სკოლად გადაკეთდა. 1950 წელს ეკლესიის კედლები შეათეთრეს და დააზიანეს მოხატულობა. 1990 წლიდან ტაძარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საკუთრებაა. იცვლება ეკლესიის იერ-სახე.
სოფელი უდე
1904-1906 წელს სოფელ უდეში (ადიგენის მუნიციპალიტეტი), სოფლის მკვიდრ სიმონ ჭილაშვილის თაოსნობით, კათოლიკური ტაძრის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის ხარჯები სოფელმა გაიღო. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ეკლესია საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1990-იან წლებში ტაძარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საკუთრება გახდა. მან მნიშვნელოვნად შეცვალა ეკლესიის იერ-სახე. მაგალითად, 2012 წელს, კათოლიკურ ეკლესიაში ადგილობრივმა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა ტაძრის გუმბათის სარემონტო სამუშაოები თვითნებურად ჩაატარეს.
სოფელი ივლიტა
ახალციხის სოფელ ივლიტას ღვთისმშობლის შობის სახელობის კათოლიკური ეკლესია XVII-XIX საუკუნეებით თარიღდება. 1991 წლიდან იგი მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. 1999 წელს მოანგრიეს კათოლიკური საკურთხეველი და მის ქვეშ კათოლიკე მისიონერის საფლავი. კათოლიკე სასულიერო პირებს წლებია არ ეძლევათ აქ ღვთისმსახურების შესაძლებლობა. ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ბუზმარეთი
ბუზმარეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარეობს შუა საუკუნეების პერიოდის ამაღლების სახელობის ეკლესია. კათოლიკეებს მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში შეეძლოთ ტაძარში მისვლა. 2006-2007 წლებში კათოლიკეებმა ტაძარი აღადგინეს. 2008 წლიდან ტერიტორიაზე მართლმადიდებლური მამათა მონასტერი მოქმედებს. მას შემდეგ, კათოლიკეებს ეკლესიაში შესვლის შესაძლებლობა აღარ ეძლევათ. ისინი წელიწადში ერთხელ, ამაღლების დღესასწაულზე მიდიან ეკლესიის მახლობლად და გარეთ, ტყეში ლოცულობენ.
------------------
TDI-ის მიერ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის თემაზე მომზადებული მასალები, რომლებშიც მიმოხილულია აღნიშნული საკითხები:
პოლიტიკის დოკუმენტი, რესტიტუციის პოლიტიკა საქართველოში
წართმეული სალოცავები საქართველოში (ვიდეო)
განცხადების ფოტო: Catholic.ge