რელიგიის თავისუფლება საქართველოში - ანგარიშის პრეზენტაცია
25 მაისს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გამართა საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ 2022 წლის ანგარიშის პრეზენტაცია. ღონისძიებას რელიგიური გაერთიანებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ანგარიშში გაანალიზებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების ქონებრივი პრობლემები, რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო დაფინანსება, რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულები, რელიგიურ გაერთიანებებზე სახელმწიფოს კონტროლი, და სხვა.
“რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის მიმართულებით წლების განმავლობაში არსებული ყველა სისტემური პრობლემა კვლავ გადაუჭრელი დარჩა. არ ყოფილა მცდელობა კანონმდებლობაში არსებული დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს ქონებრივ და საგადასახადო უფლებებსა და პრივილეგიებს. პირიქით, ხელისუფლებამ შეიმუშავა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ათავისუფლებს სამხედრო ვალდებულებისგან. ერთ-ერთ მწვავე პრობლემად კვლავ არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების ქონებრივი და საკუთრების საკითხები რჩება. გამოუძიებელია 2021 წელს გამოქვეყნებული სავარაუდო სახელმწიფო უსაფრთხოების ფაილების საქმეც. ხელისუფლების პოლიტიკა აჩვენებს, რომ ის ცდილობს რელიგიის სფეროში უკანონოდ ჩარევას და კონტროლს.” – აღნიშნა TDI-ს სტრატეგიული სამართალწარმოების და ადვოკატირების მიმართულების ხელმძღვანელმა, მარიამ ღავთაძემ ანგარიშის წარდგენისას.
ღონისძიების მეორე ნაწილში რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოში რწმენისა და რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. სესიას TDI-ს დირექტორი, ეკა ჭითანავა უძღვებოდა.
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ შეაფასა სახელმწიფოს პოლიტიკა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კუთხით, მათ შორის ისაუბრა 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. “კრებსების” გამოქვეყნებასა და მის შედეგებზე.
ეპისკოპოსის თქმით, მას დაზარალებულის სტატუსი დაგვიანებით მიენიჭა, თუმცა სახელმწიფოს რეაგირება ამით შემოიფარგლა და პროცესს შემდგომი მსვლელობა ამ დრომდე არ მისცემია.
ეპისკოპისის შეფასებით, შემაშფოთებელია ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა და საგარეო პოლიტიკური ვექტორი; რელიგიის თავისუფლების საკითხები გამქრალია საჯარო დღის წესრიგიდან, მედია ნაკლებად ინტერესდება და აშუქებს არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების პრობლემებს; ხელისუფლება სულ უფრო მეტად სპეკულირებს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტით; პრობლემური იყო სახალხო დამცველის არჩევის პოროცესი, და საბოლოოდ შეირჩა კანდიდატი, რომელიც საერთოდ არ მონაწილეობდა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებში, რაც პარლამენტის მიერ არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების იგნორირებად უნდა ჩაითვალოს. ეპისკოპოსმა ასევე აღნიშნა, რომ რელიგიური ტოლერანტობის, კულტურული მრავალფეროვნებისა და თანასწორუფლებიანობის სწავლების მხრივ გამოწვევები რჩება ზოგადი განათლების სისტემაში.
კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპალურმა ვიკარიუსმა, გაბრიელე ბრაგანტინიმ საქართველოში კათოლიკე ეკლესიის წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში კათოლიკეების მემკვიდრეობა იკარგება, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში ტოლერანტობის ტრადიციისა და კულტურის გაქრობას მოასწავებს. მამა გაბრიელე ბრაგანტინიმ ისაუბრა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის პრობლემაზეც. ეს საკითხი კათოლიკეებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია. საქართველოში კათოლიკური ტაძრების ნაწილი გადაეცა მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც მათი ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნებაზე უარს აცხადებს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც სასულიერო პირმა ყურადღება გაამახვილა, არის ანტიდასავლური გზავნილები, რომლებიც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის - თითქოს ევროპა საფრთხეს ქმნის, როცა სინამდვილეში ქრისტიანული და ევროპული ღირებულებები თანხვედრაშია.
ევანგელისტური ეკლესიის პასტორმა, ზაალ ტყეშელაშვილმა ისაუბრა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში რელიგიის თავისუფლების საკითხმა უკანა პლანზე გადაიწია და მის მიმართ ინტერესი განელდა. ასევე მისი თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ყველა ხელისუფლება საქართველოს საპატრიარქოს კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა, თუმცა დღეს სახელმწიფოს პოლიტიკა მკვეთრად ანტისეკულარულია და იგი მართლმადიდებელი ეკლესიის გარშემო ერის გაერთიანების იდეოლოგიას დაეფუძნა. იგი ასევე შეეხო საქართველოს ევანგელისტური ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს - ეკლესია დღეს ერთადერთი სამლოცველოს დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, რადგან 2022 წელს სააპელაციო სასამართლომ პრობლემური და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო ეკლესიის წინააღმდეგ. პასტორ ზაალ ტყეშელაშვილის თქმით, დღევანდელი ფასადური რელიგიის თავისუფლება რეალური, ნამდვილი რელიგიის თავისუფლებით უნდა შევცვალოთ, რისთვისაც ძალები უნდა გავაერთიანოთ.
ორგანიზაცია “სოლიდარობის თემის” თანადამფუძნებელმა და მუსლიმი თემის წარმომადგენელმა ზაზა მიქელაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო რელიგიის თავისუფლების საკითხებს უსაფრთხოების კონტექსტში ხედავს და უხეშად ერევა რელიგიური გაერთიანებების ავტონიმიაში. მან ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოში მუსლიმების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მიქელაძემ აღნიშნა, რომ მუსლიმებისთვის პრობლემურია საბჭოთა დროს ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნების, დაცვისა და მოვლა-პატრონობის საკითხი. მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 62 მეჩეთიდან 17 სრულად განადგურებულია. ასევე, ისლამური კულტურული მემკვიდრეობა არაა ხილვადი; იმ რეგიონებშიც კი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, სახელმწიფო ამ ძეგლების შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებს და რელიგიურ მრავალფეროვნებას ჩქმალავს. აღნიშნული დამოკიდებულება მუსლიმთა გარიყვას, მათ „სხვად“, „უცხოდ“ წარმოჩენას ემსახურება. ზაზა მიქელაძემ ასევე ისაუბრა რელიგიური დანიშნულების ნაგებობების მშენებლობისას სახელმწიფოს მიერ შექმნილ ბარიერებზე, მათ შორის ბათუმის მეჩეთის საქმეზე, რაც სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა. მიქელაძე ასევე შეეხო დასაქმებისას მუსლიმი ქალებისთვის შექმნილი დაბრკოლებების საკითხს.
TDI-ს ანგარიში ხელმისაწვდომია:
- ქართულად: https://tdi.ge/sites/default/files/tdi_forb_report_2022_geo.pdf
- ინგლისურად: https://tdi.ge/sites/default/files/tdi_forb_report_2022_eng.pdf