უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა და რასიზმი საქართველოში
მრგვალი მაგიდა და TDI-ს სპეციალური ანგარიშის მიგნებების წარდგენა
18 ივლისს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გამართა დისკუსია და TDI-ს სპეციალური ანგარიშის - “უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა და რასიზმი საქართველოში” მიგნებების წარდგენა. ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სათემო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო უწყებების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის პირველი სესია დაეთმო დისკუსიას მიგრანტების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკაზე, ასევე საქართველოში უკრაინის მოქალაქეების საჭიროებებზე. მეორე სესიაზე კი მიმოხილული იყო რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემა საქართველოში.
ასევე, დღეს გამოქვეყნდა TDI-ს 2022 წლის სპეციალური ანგარიში “უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა და რასიზმი საქართველოში”.
TDI-ს სტრატეგიული სამართალწარმოების და ადვოკატირების მიმართულების ხელმძღვანელმა, მარიამ ღავთაძემ მიმოიხილა შეხვედრის თემატიკა და TDI-ს სპეციალური ანგარიშის ძირითადი საკითხები: “2022 წელს საქართველოში უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით, ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომია, რამაც ამ ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი რუსეთის ფედერაციიდან, საქართველოს მიმართულებით მიგრანტების ნაკადის ზრდა გამოიწვია. ამ კონტექსტში საინტერესოა სახელმწიფოს პოლიტიკა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოშვებისა და მათ მიერ სხვადასხვა სახელმწიფო მომსახურებით სარგებლობის თვალსაზრისით. 2022 წლიდან საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკრაინიდან ლტოლვილების უფლებრივი მდგომარეობა და საჭიროებები, რაც, ასევე, აღწერილია ანგარიშში. ამავდროულად, TDI-ს პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება მიგრანტების, განსაკუთრებით აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლების უფლებრივი მდგომარეობა. საქართველოში მცხოვრები ადამიანები აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან კვლავ საუბრობენ მათდამი განსხვავებულ მოპყრობაზე საჯარო თუ კერძო ურთიერთობებში. კვლავ გამოწვევად რჩება ცალკეული ქვეყნების წარმომადგენლებისათვის ბინადრობის ნებართვის მიცემაზე უარის თქმის დაუსაბუთებელი პრაქტიკა”.
შეხვედრის პირველ ნაწილში TDI-ის დირექტორმა, ეკა ჭითანავამ, მიმოიხილა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეების საჭიროებები, რომელთაგან უმწვავესია ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, დასაქმება (და მასთან დაკავშირებული საყოფაცხოვრებო საჭიროებები), საცხოვრისით უზრუნველყოფა, განათლების ხელმისაწვდომობა, საგანმანათლებლო სივრცეში უკრაინელი ბავშვების ინტეგრაცია და სხვა.
Ჩართულობისა და განვითარების ცენტრში უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტის კოორდინატორმა, ეკატერინე მეგრელიშვილმა, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილების მდგომარეობის არაერთ ასპექტზე ისაუბრა და თქვა, რომ, მიუხედავად უკრაინელთა დასახმარებლად სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ცალკეული ღონისძიებებისა, ხელისუფლებას არ აქვს ერთიანი, ჩამოყალიბებული სტრატეგია ლტოლვილთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მან ასევე ისაუბრა უკრაინელი ლტოლვილებისთვის განკუთვნილი სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ხარვეზებზე, რომლებიც ლტოლვილებს გაუმართლებლად უზღუდავს სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობას. მაგალითად, ის ლტოლვილები, რომლებიც 2022 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით არ იყვნენ ჩართული სახელმწიფო დახმარების პროგრამაში, აგრეთვე თუ ისინი ამ პერიოდში მუდმივად არ ცხოვრობდნენ საქართველოში, ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის სახელმწიფო სერვისებით. ეკატერინე მეგრელიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში მოხალისეობრივ საწყისებზე უკრაინელი ლტოლვილებისათვის გაწეული თვითორგანიზებული დახმარების ფასდაუდებელ მნიშვნელობას.
ამავე პრობლემებს შეეხნენ გაეროს ლტოლვილათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი, ნინო კვირკველია, პოლიტიკური მოძრაობა ,,დროა”-ს წარმომადგენელი, ნინო დოლიძე და ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის წარმომადგენელი, სალომე მეზურნიშვილი. მათი შეფასებითაც, უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად არსებული სახელმწიფო პროგრამების ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ხარვეზი შეღავათიანი სამედიცინო სერვისების მიღებაზე დაწესებული გაუმართლებელი შეზღუდვებია. Სალომე მეზურნიშვილმა დამატებით აღნიშნა, რომ თუ პირს ჰუმანიტარული სტატუსი აქვს, მას ფულად დახმარებას აღარ აძლევენ. ,,დროა”-ს წარმომადგენელმა, ნინო დოლიძემ, ასევე ისაუბრა იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელშიც 2022 წლის აგვისტოში უკრაინელი ლტოლვილები აღმოჩდნენ, როდესაც სახელმწიფომ საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა დახურა.
Შეხვედრის პირველ ნაწილში საუბარი შეეხო ასევე რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი რუსეთის მოქალაქეებისათვის, აგრეთვე ჩრდილოკავკასიელი რუსეთის მოქალაქეებისათვის საზღვრის კვეთისას შექმნილ დაბრკოლებებს, რაც შესაძლოა ხელისუფლების შერჩევით პოლიტიკაზე მიანიშნებდეს.
შეხვედრის მეორე ნაწილი რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემასა და მიგრანტების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას დაეთმო. ორგანიზაცია “კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის” თავმჯდომარემ, დარპან პრაშერმა ისაუბრა საქართველოში ინდოეთის მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, ინდოელი სტუდენტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესიის წარმომადგენელმა დამი ოდეტაიომ კი საქართველოში მცხოვრები ნიგერიელების პრობლემები მიმოიხილა. TDI-ის იურისტებმა, საბა სუთიძემ და შოთა თუთბერიძემ, ისაუბრეს საზღვრის კვეთასთან, ბინადრობის ნებრთვის მოთხოვნასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, აგრეთვე რასობრივი დისკრიმინაციის სხვა შემთხვევებზე.
მომხსენებელთა შეფასებით, ადამიანები აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან რასობრივი გამორჩევის პრობლემას საქართველოს საზღვარზევე აწყდებიან, როდესაც სასაზღვრო კონტროლის მოხელეების მხრიდან დისკრიმინაციულ და დამამცირებელ მოპყრობას განიცდიან. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე დაუსაბუთებელი უარი ან არსებული ნებართვის შეწყვეტა რჩება. მიგრანტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება ხშირად არაეფექტურია. ხელისუფლების მხრიდან შექმნილი არაერთი ბარიერის გამო, მიგრანტებს სულ უფრო ნაკლები ნდობა აქვთ პოლიციისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რაც მათ უფლებლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო მძიმეს ხდის.