ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
აგვ/2304

მოწვევა სასწავლო სასერტიფიკატო კურსში მონაწილეობის მისაღებად

 

 

 

რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ყველასთვის

 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა (TDI) და ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის კურსი

 

2023 წლის 26 სექტემბერი - 28 ოქტომბერი



კურსის ზოგადი აღწერა

რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, თუმცა ის ხშირად ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება. ამ უფლების დაცვა აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის, სადაც ყველას აზრსა და რწმენას პატივს სცემენ.

ამ კურსით გვინდა, მონაწილეებს გავაცნოთ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების არსი, მისი სხვადასხვა განზომილება და რელიგიის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოსა და მის მიღმა. კურსი შედგება ოთხი ონლაინ მოდულისა და დასკვნითი სემინარისგან, რომელიც ჩატარდება ფიზიკურ სივრცეში. კურსის განმავლობაში განვიხილავთ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების თეორიულ საფუძვლებს, საერთაშორისო სტანდარატებს, პრაქტიკულ მაგალითებსა და საქმეებს, ასევე ადგილობრივ კანონმდებლობას, სახელმწიფო პოლიტიკასა და პრაქტიკას.

კურსი მომზადებულია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა (TDI) და ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის მიერ.

კურსი ტარდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში, ასევე რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაზე ოსლოს კოალიციის პროექტის ფარგლებში, ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ცენტრთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

სემინარებს გაუძღვებიან  TDI-ს, ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ექსპერტები.

 

რატომ უნდა გაიაროთ ეს კურსი?

ჩვენი მიზნები და ამოცანებია:

  • რელიგიისა და რწმენის თავისუფლების, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების მნიშვნელობის, ასევე მისი წვლილის გააზრება თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების განვითარებაში;

  • რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის როლის გააზრება მდგრადი და სტაბილური დემოკრატიის განვითარებაში;

  • რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული თეორიული საფუძვლების, კონცეფციების, ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესწავლა და გაცნობა;

  • საქართველოსა და მის მიღმა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შეზღუდვების განხილვა; 

  • ინტერსექციური ანალიზი, რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან ასოცირებული მცდარი წარმოდგენებისა და მისი სხვა უფლებებთან ურთიერთმიმართების განხილვა; 

  • მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შელახვისას ადგილობრივი და საერთაშორისო ადვოკატირების მექანიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით;

  • სხვადასხვა დაინტერესებული პირისა და აქტორის როლის გამოკვეთა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვისა და ადვოკატირების პროცესში;

  • მონაწილეთა მოტივირება, რომ მომავალში გააგრძელონ მუშაობა და თანამშრომლობა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის მიმართულებით;

 

ვის შეუძლია კურსის გავლა? 

საჯარო მოხელეებს და საჯარო უწყებებში დასაქმებულ პირებს, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მათ შორის, არასამთავრობო, რელიგიური, სათემო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს.

მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებული იქნება აპლიკანტთა მოტივაცია და მხარდაჭერა მათი წარმდგენი ორგანიზაციიდან ან უწყებიდან, მათი ორგანიზაციული, პროფესიული, აკადემიური ინტერესი, გამოცდილება, და სამომავლო მიზნები. 

შერჩევისას ასევე ყურადღება მიექცევა გენდერულ, ორგანიზაციულ და გეოგრაფიულ მრავალფეროვნებას. 

კურსში მონაწილეობისთვის TDI მოიწვევს 30 აპლიკანტს, რომელთა შერჩევა მოხდება გამოგზავნილი განაცხადებების საფუძველზე.

დასკვნით სემინარზე, რომელიც ჩატარდება თბილისს გარეთ, ფიზიკურ სივრცეში (სავარაუდოდ ბორჯომში), უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეების ტრანსპორტირება თბილისიდან, ხოლო რეგიონებიდან მონაწილეებს აუნაზღაურდებათ ტრანსპორტირების ხარჯები.

 

გრაფიკი

კურსის მოდული შედგება ოთხი ყოველკვირეული ონლაინ და დასკვნითი სრულდღიანი სემინარისგან (ფიზიკურ სივრცეში).

ოთხი სემინარი ჩატარდება ოთხი კვირის განმავლობაში, 2023 წლის 26 სექტემბრიდან 19 ოქტომბრამდე და დაფარავს ოთხ მოდულს. საბოლოო დასკვნითი სემინარი კი ჩატარდება 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს, საქართველოში. თითოეული ყოველკვირეული ონლაინ სემინარის ხანგრძლივობა არის ორი საათი. ასევე, მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ კვირაში დამატებით ორი საათი თეორიული თუ პრაქტიკული სავარჯიშოებისთვის.

საერთაშორისო სპიკერის მონაწილეობისას, უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

მათ, ვინც დაესწრებიან ოთხი ონლაინ სემინარიდან, მინიმუმ სამს, და ასევე მონაწილეობას მიიღებენ დასკვნით სემინარში, გადაეცემათ კურსის დასრულების დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი. 

 

მეთოდოლოგია

ეს არის პირველი საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი რელიგიის თავისუფლებაზე საქართველოში, შესაბამისად, საპილოტეც. ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ადაპტაციური მეთოდოლოგიით და გავითვალისწინებთ თითოეული მონაწილის უკუკავშირსა და შეფასებას, კურსის შემდგომი დახვეწისა და გაუმჯობესებისთვის. 

კურსის მოდულების შინაარსობრივ აღწერას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე. 

ყველა აპლიკანტმა უნდა შეავსოს და გამოაგზავნოს განაცხადის მოკლე ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ონლაინ ბმულზე.

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2023 წლის 8 სექტემბერი.

კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ:

ეკა ჭითანავა, echitanava@gmail.com; info@tdi.ge

 

 

 ხშირად დასმული კითხვები

> ფასიანია თუ არა კურსის გავლა? - კურსი უფასოა და ტარდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში, ასევე რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაზე ოსლოს კოალიციის პროექტის ფარგლებში, ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ცენტრთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

> ვინ აანაზღაურებს დასკვნით სემინარში მონაწილეობისას რეგიონული სათემო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელთა ტრანსპორტირების ხარჯებს? - ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს TDI.