ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ოქტ/2331

TDI-სა და ოსლოს უნივერსიტეტის კურსის პირველი ნაკადი დასრულდა

26-28 ოქტომბერს ბორჯომში ჩატარდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა (TDI) და ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის ერთობლივი საერთაშორისო-სასერტიფიკატო კურსის “რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ყველასთვის” დასკვნითი, ორი სრულდღიანი სემინარი. ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის უფროსმა მრჩეველმა, ჯენი ჰოლკ კლაუზენმა 40-მდე მონაწილეს კურსის წარმატებით დასრულებისთვის  სერტიფიკატები გადასცა. 

კურსში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან საჯარო მოხელეები და საჯარო უწყებებში დასაქმებული პირები, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე, სოციალური მუშაკები, მასწავლებლები, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მათ შორის არასამთავრობო, რელიგიური, სათემო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

კურსი დაიწყო 2023 წლის 28 სექტემბერს და მოიცავდა ოთხ ყოველკვირეულ ონლაინ სემინარდა დასკვნით შეხვედრებს ფიზიკურ სივრცეში, რომლებსაც უძღვებოდნენ TDI-ის, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის ექსპერტები

ონლაინ და ფიზიკურ სივრცეში სემინარებზე მონაწილეებთან და ექსპერტებთან ერთად მიმოვიხილეთ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების თეორიული საფუძვლები; ამ უფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარატები და მექანიზმები; ადგილობრივი კანონმდებლობა, სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა საქართველოსა და მის მიღმა, სხვა უფლებებთან მიმართება და გავრცელებული არასწორი წარმოდგენები თუ მითები; სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუტების ურთიერთობის მოდელები, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საფუძვლები სხვადასხვა რელიგიაში, და საქართველოსა და მსოფლიოში რელიგიური ტოლერანტობის ისტორიის მაგალითები.

ეს არის პირველი სასწავლო-სასერტიფიკატო კურსი საქართველოში, რომელიც სრულად ფოკუსირებულია რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაზე. სამომავლოდ TDI და ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრი გეგმავენ ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელებას და კურსის გავლის შესაძლებლობა, განახლებული ფორმატით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს 2024 წლიდან ექნებათ. 

კურსი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში, ასევე რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაზე ოსლოს კოალიციის პროექტის ფარგლებში, ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ცენტრთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.