ბათუმი: შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებსა და რელიგიური გაერთიანებებს შორის
22 ნოემბერს, TDI-ს ორგანიზებით, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა პოლიტიკური პარტიების აჭარის წარმომადგენლებსა და ადგილობრივი რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრის მიზანი იყო რელიგიისა და რწმენის თავისუფლების, რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის და დისკრიმინაციის დაძლევის საკითხებზე სამუშაო ფორმატში მსჯელობა, პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ წარმომადგენლობებსა და რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, პოლიტიკურ პარტიებში რელიგიური უმცირესობების უფლებების ადვოკატირების და თანასწორობის მიმართ ინტერესის გაზრდა, რელიგიური უმცირესობების საჭიროებების გაცნობა და ამ საკითხების აქტუალიზება პარტიების პროგრამებსა და საქმიანობაში.
შეხვედრაზე რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა პოლიტიკოსებს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების და თანასწორობის კუთხით არსებული ზოგადი და კონკრეტული პრობლემები გაუზიარეს და მოისმინეს პარტიების წარმომადგენლების ხედვა აღნიშნულ საკითხებზე. მხარეებს შორის დისკუსია საინტერესოდ წარიმართა.
TDI ხვდება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, აცნობს რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის კუთხით არსებულ ვითარებას და ისმენს პოლიტიკოსების ხედვას აღნიშნულ საკითხებზე. ამავდროულად, ხელს ვუწყობთ რელიგიურ გაერთიანებებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს. ბათუმის გარდა, მსგავსი შეხვედრები ჩატარდება როგორც სხვა რეგიონებში, ისე თბილისში.
TDI რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების ადვოკატირების შეხვედრებს მართავს USAID-ის პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” მხარდაჭერით.