ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ნოე/2325

შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებზე

22 ნოემბერს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენლებმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართეს. შეხვედრას 40-მდე სტუდენტი, ლექტორი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. 

შეხვედრის თემატიკა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას და თანასწორობას ეხებოდა. განხილული იყო საგანმანათლებლო და დასაქმების სფეროებში თანასწორობისა და რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების უზრუნველყოფის საკითხები, - როგორც საერთაშორისო სტანდარტები, ისე საქართველოს კანონმდებლობა და არსებული პრაქტიკა. 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო TDI-ს ორი კვლევის ძირითადი მიგნებებიც, რომელიც კვლევების ავტორმა, ადამიანის უფლებათა და კონსტიტუციური სამართლის იურისტმა ეკა ლომთათიძემ მიმოიხილა. პირველი კვლევა რელიგიურ/კულტურულ დღესასწაულებზე უქმე დღეებით სარგებლობის გარანტიებს, მეორე კი საჯარო სივრცეში რელიგიური სამოსისა და სიმბოლოების ტარებას ეხება, მათ შორის სამუშაო ადგილზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კვლევებში გაანალიზებულია ამ საკითხებზე არსებული საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა. 

შეხვედრას ინტერაქტიური ფორმატი ჰქონდა და დისკუსიის ნაწილსაც მოიცავდა. TDI-მ მსგავსი ფორმატის შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ჩაატარა და მომავალშიც გეგმავს რეგიონებისა და თბილისის სხვა უნივერსიტეტებში.