სასამართლო ევანგელისტური ეკლესიისთვის სამლოცველოს წართმევას დაეთანხმა
2023 წლის 20 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ევანგელისტური ეკლესიის პასტორის, ზაალ ტყეშელაშვილის, საკასაციო საჩივარი და ამით ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება. ევანგელისტური ეკლესია და მისი მრევლი იმ ერთადერთი სამლოცველო სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა, რომელსაც ეკლესიის წევრები საკუთარი ძალებით წლების განმავლობაში აშენებდნენ.
2022 წლის 9 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ პასტორ ზაალ ტყეშელაშვილს დააკისრა, მოსარჩელეს, აშშ-ის მოქალაქე ბიუნგ ჩან პარკს, გადაუხადოს წლების განმავლობაში მიღებული საეკლესიო შემოწირულებები, რომლებიც განკუთვნილი იყო ეკლესიის პირველი და ერთადერთი სამლოცველო სახლის მშენებლობის დასასრულებლად.
საქართველოს ევანგელისტური ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული საქმე მთლიანად ეფუძნება მოსარჩელე მხარის არაკეთილსინდისიერ ქმედებებს და საქმეში წარმოდგენილ გაყალბებულ დოკუმენტაციას. საგანგაშოა, რომ სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტებმა საქმეში არსებული დანაშაულის ნიშნები და სავარაუდო ყალბი დოკუმენტაციის ფაქტი არა მხოლოდ უგულებელყვეს, არამედ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დაეყრდნო ამ დოკუმენტებს ეკლესიისა და მისი პასტორის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მისაღებად.
საქმეში მოსარჩელე არის აშშ-ის მოქალაქე ბიუნგ ჩან პარკი, რომელმაც წლების წინ ევანგელისტური ეკლესიის მრევლს და მის პასტორს, ზაალ ტყეშელაშვილს, თავი ევანგელისტ მისიონერად წარუდგინა. საქმის მასალების დეტალური შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ მოსარჩელე პარკი მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად და საკუთარი ბუნდოვანი ფინანსური და ბიზნეს საქმიანობისთვის იყენებდა რელიგიურ გაერთიანებებს.
ბიუნგ ჩან პარკმა სასამართლოში ყალბი ხელშეკრულებების ასლებიც წარადგინა (მან ვერ შეძლო მათი ორიგინალის წარდგენა), რომლებზეც დატანილია აშშ-ის ნოტარიუსის ბეჭედი, დოკუმენტს არ ახლავს ხელმოწერები, სანოტარო აქტი, თარიღი და სხვა აუცილებელი მონაცემები, რაც ხელშეკრულების შინაარსისა და მისი ნოტარიულად დამოწმების კანონიერებას დაადასტურებდა. უფრო მეტიც, დოკუმენტებში თავად ბიუნგ ჩან პარკის სახელიც კი არასწორად წერია და მითითებულია მისი პასპორტის ნომერი, რომელიც გაცემულია ერთი წლით გვიან, ვიდრე, თითქოსდა, ეს ხელშეკრულებები დაიდო. ევანგელისტურმა ეკლესიამ ჯერ კიდევ 2019 წელს მიმართა საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს მტკიცებულებათა შესაძლო გაყალბების ფაქტზე. გამოძიებას არ ჩაუტარებია აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები და, შესაბამისად, მას დღემდე არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.
ბიუნგ ჩან პარკი, ევანგელისტური ეკლესიის სახელით, წლების განმავლობაში აგროვებდა შემოწირულებებს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქრისტიანი მორწმუნეებისგან. უცნობია, რა ოდენობის თანხა დააგროვა მან ევანგელისტური ეკლესიის სახელის გამოყენებით. 2019 წელს პარკმა სარჩელი შეიტანა პასტორ ზაალ ტყეშელაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა, ევანგელისტური ეკლესიის სამლოცველო სახლის მშენებლობისათვის შეწირული თანხის დაბრუნება.
საქალაქო სასამართლომ მოსარჩელე პარკის 4 სასარჩელო მოთხოვნიდან არცერთი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო. მოსარჩელემ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოპასუხე ზაალ ტყეშელაშვილს მოსარჩელე პარკისთვის 90,000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. პასტორმა ზაალ ტყეშელაშვილმა ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 2023 წლის 20 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ზაალ ტყეშელაშვილის საკასაციო საჩივარი, რისი შედეგიც სააპელაციო სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების აღსრულება და რელიგიური გაერთიანებისთვის სამლოცველო სახლის წართმევა იქნება.
საქართველოს ევანგელისტური ეკლესია და მისი პასტორები ზაალ და ნინო ტყეშელაშვილები ყოველთვის ღიად საუბრობენ უსამართლობის წინააღმდეგ და საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების, თანასწორობისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე. არაერთი გარემოება მიანიშნებს, რომ ეს არის მცდელობა, საეჭვო სამოქალაქო საქმის გამოყენებით, შეილახოს პასტორის რეპუტაცია, შეიზღუდოს უსამართლობისა და თანასწორობის საკითხებზე მის მიერ აზრის გამოხატვა, ევანგელისტურმა ეკლესიამ დაკარგოს ერთადერთი სამლოცველო სახლი, ავტონომიურობა და დამოუკიდებელ ეკლესიად არსებობის შესაძლებლობა.
TDI აგრძელებს ევანგელისტური ეკლესიისა და მისი წევრების სამართლებრივ მხარდაჭერას და გამოიყენებს ყველა სამოქალაქო, სისხლისსამართლებრივ და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმს ეკლესიის წევრების ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.
საქართველოს ევანგელისტური ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე TDI-ის მიერ მომზადებული დეტალური ანგარიში იხილეთ - ლინკზე