ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ივნ/2417

პანელური დისკუსია: “რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ყველასთვის - საქართველოში და მის მიღმა”

10 ივნისს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პანელური დისკუსია, “რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ყველასთვის - საქართველოში და მის მიღმა” გაიმართა.  

პანელურ დისკუსიაზე მოხსენებებით ოქსფორდის უნივერსიტეტის რელიგიისა და თეოლოგიის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ტიაგო ალვეს პინტო, გამოცემა Forum 18-ის ასისტენტ-რედაქტორი, ჯონ კინიჰანი და ლიუვენის ევანგელური თეოლოგიური ფაკულტეტის აფილირებული მკვლევარი, ტატიანა კოპალეიშვილი წარდგნენ. დისკუსიას მოდერირებას TDI-ს სტრატეგიული სამართალწარმოებისა და ადვოკატირების მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ ღავთაძე უწევდა. 

პანელური დისკუსია გახსნეს TDI-ის დირექტორმა ეკა ჭითანავამ,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ, ნორვეგიის ელჩმა ბერგლიოტ ჰოვლანდმა და ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის უფროსმა მრჩეველმა ჯენი ჰოლკ-კლაუზენმა. . 

რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა საქართველოს ისტორიულ მრავალფეროვნებაზე, აკადემიურ სივრცეში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ დისკუსიისა და სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. 

ნორვეგიის ელჩმა საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდმა, თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ნორვეგიის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მხარდაჭერა გამოუცხადა ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობენ. 

ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის უფროსმა მრჩეველმა, ჯენი ჰოლკ-კლაუზენმა საუბრისას რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობას და მასთან დაკავშირებული ინიციატივების მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. TDI ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ცენტრთან რამდენიმე წელია, რაც თანამშრომლობს და ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს საქართველოში.

დისკუსია გახსნა ოქსფორდის უნივერსიტეტის რელიგიისა და თეოლოგიის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ტიაგო ალვეს პინტომ. მან ისაუბრა რელიგიური ნიშნით მოტივირებული სიძულვილის პრობლემაზე და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები დაასახელა. მან ასევე მიმოიხილა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და ხაზი გაუსვა ყველა უფლების განუხრელად დაცვის მნიშნელობას. 

ლიუვენის ევანგელური თეოლოგიური ფაკულტეტის აფილირებულმა მკვლევარმა, ტატიანა კოპალეიშვილმა მიმოიხილა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვისათვის აუცილებელი პრინციპები, საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მდგომარეობა და აღნიშნა, რომ ამ ფუნდამენტური უფლების დაცვის ხარისხი უმცირესობების უფლებების დაცულობის პერსპექტივიდან უნდა შეფასდეს. მომხსენებელმა ისაუბრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პრობლემურ როლსა და პოლიტიკაზე, ასევე ხაზი გაუსვა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მიმართულებით განათლების მნიშვნელობასა და აუცილებლობას. 

საერთაშორისო გამოცემა Forum-18-ის ასისტენტ რედაქტორმა, ჯონ კინიჰანმა არადემოკრატიული და ავტორიტარული სახელმწიფოების, მათ შორის, რუსეთის, მაგალითების მოხმობით, ისაუბრა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვის, რელიგიურ უმცირესობათა და უფლებადამცველთა დევნის სისტემატურ შემთხვევებსა და საქართველოს ანალოგიური უცხოური გავლენის აგენტების კანონის შედეგებსა და საფრთხეებზე. მან მოხსენებაში ასევე ხაზი გაუსვა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ურთიერთკავშირსა და გადაჯაჭვულობას სხვა უფლებებთან. 

 

ღონისძიება ჩატარდა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაზე ოსლოს კოალიციის პროექტის ფარგლებში, ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ცენტრთან თანამშრომლობით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.