ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
თებ/1525

„ამნესტი ინტერნეშნლი“ - პოლიციის ინერტულობასა და ძალადობაზე

ავტორი ლელა კუნჭულია

25.02.2015

25 თებერვალს გამოქვეყნდა „ამნესტი ინტერნეშნლის“ ახალი ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ასახავს ადამიანის უფლებათა შარშანდელ მდგომარეობას 160 ქვეყნისა და ტერიტორიის მაგალითებზე. საქართველოსთან მიმართებით ნათქვამია, რომ: რელიგიური და სექსუალური უმცირესობები კვლავაც გახდნენ დისკრიმინაციისა და ძალადობის სამიზნე და, რიგ შემთხვევებში, მათ შესაძლებლობა არ ჰქონდათ გამოეყენებინათ შეკრების თავისუფლების უფლება; ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელდა თავდასხმა; იყო ცნობები სასტიკი მოპყრობის თაობაზე პოლიციისა და პენიტენციარული სისტემის თანამშრომელთა მხრიდან, რაც ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურად იქნა გამოძიებული. ანგარიშში მოხვდა ასევე ქალებზე ძალადობა, როგორც „ფართოდ გავრცელებული მოვლენა“ საქართველოში.

რელიგიურ უმცირესობათა დისკრიმინაციის კონტექსტში, ანგარიშში ნახსენებია თერჯოლაში 1 ივნისს მომხდარი ამბავი, როდესაც მართლმადიდებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს „იეღოვას მოწმეების“ საკულტო ნაგებობის აშენების საწინააღმდეგოდ. დემონსტრანტები ფიზიკური ძალადობითა და შენობის დანგრევით იმუქრებოდნენ. არსებული ცნობებით, ადგილობრივები დევნიდნენ იეღოვას მოწმეებს, აშინებდნენ და ქვებს ესროდნენ მათ სახლებს. პოლიცია წერილობითი გაფრთხილებით შემოიფარგლა და გამოძიება არ ჩატარებულა. 

მოხესა და ქობულეთის შემთხვევებმა ცხადყო, რომ ხელისუფლება არათუ ვერ ახერხებს რელიგიური უმცირესობების დაცვას, არამედ მისი პოლიტიკა უმცირესობების მიმართ არის რეპრესიული... - ეკა ჭითანავა

სექტემბერში ქობულეთში მომხდარი ამბავიც, როცა ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენჯერმე გადაკეტა მუსლიმანური სასწავლებლისკენ მიმავალი გზა, ხოლო ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს მათ სასწავლებლის წინ დაკლეს ღორი და ღორის თავი სასწავლებლის კარებზე ჩამოკიდეს. ანგარიშის თანახმად, ამ შემთხვევაში გამოძიება დაიწყო.

შეკრების თავისუფლების ჭრილში „ამნესტი ინტერნეშნლის“ ანგარიშში აღნიშნულია 22 ოქტომბერს მოხეში მომხდარი შეტაკება ადგილობრივ მუსლიმებსა და პოლიციას შორის – და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიწყო ბიბლიოთეკის აღდგენა ტერიტორიაზე, სადაც, მუსლიმების მტკიცებით, უწინ მეჩეთი იყო. „ამნესტი ინტერნეშნლი“ გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პოლიციამ ამ შემთხვევაში დემონსტრანტების მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენა, რასაც 14 პირის დაკავება მოჰყვა და დაკავებულებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ შორის იყო ერთი ქალი, რომელმაც სახის არეში ძლიერი დაზიანება მიიღო. დაკავებულთაგან სამ პირს ახალციხის სასამართლომ ბრალი არ წაუყენა, დანარჩენები კი ფულადი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

რაც შეეხება შეკრების თავისუფლების უფლების ვერგამოყენებას, ამ კონტექსტში ანგარიშში მოყვანილია ის ფაქტი, რომ მაისში ლგბტ თემის აქტივისტებმა უარი თქვეს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნაზე, რადგანაც ხელისუფლებამ მათ ვერ მისცა უსაფრთხოების დაცვის გარანტია. ანგარიშის ავტორები იხსენებენ, რომ 2013 წელს ლგბტ თემის აქცია ათასობით მოწინააღმდეგის თავდასხმის შედეგად ჩაიშალა.

როგორც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორმა ეკა ჭითანავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, რელიგიური შეუწყნარებლობის ჭრილში თერჯოლასა და ქობულეთში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით ამ დრომდე არ ჩატარებულა ადეკვატური გამოძიება, თუმცა შედეგები ჯერჯერობით არც პროკურატურის მიერ დაწყებულმა გამოძიებამ მოიტანა მოხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. თუკი ეკა ჭითანავას სიტყვებით ვიმსჯელებთ, შარშან ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა:

„თუკი წინა წლებში ხელისუფლების რეაქცია არ იყო ადეკვატური რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულზე, იმავე მოხესა და ქობულეთის შემთხვევებმა ცხადყო, რომ ხელისუფლება არათუ ვერ ახერხებს რელიგიური უმცირესობების დაცვას, არამედ მისი პოლიტიკა უმცირესობების მიმართ არის რეპრესიული – შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები თვითონ არიან ჩართული რელიგიური უმცირესობების უფლებების შელახვაში“.

„წამება და სასტიკი მოპყრობის სხვა ფორმები“ – ამ სახელწოდების ქვეთავსაც ვხვდებით „ამნესტი ინტერნეშნლის“ ანგარიშში და ის საპატიმროებსა დაპოლიციის დაწესებულებებში დაკავებულთა მიმართ გამოვლენილ ძალადობას ეხება. ანგარიშის თანახმად, პატიმრების მიმართ სასტიკად მოპყრობის 18 სავარაუდო ფაქტიდან, რაც ომბუდსმენის ანგარიშში იყო ასახული, გამოძიება ამ ბრალდებით მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაიწყო. ასევე სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა იმ პირის მონათხრობი, რომელიც პოლიციელებს ცემაში სდებდა ბრალს.

„ამ სფეროში ჯერჯერობით კვლავაც ბევრი პრობლემაა“, – უთხრა რადიო თავისუფლებას სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) ხელმძღვანელმა ზვიად დევდარიანმა, რომელიც სისტემის ძირეული რეფორმირების მომხრეა. ის მოელის, რომ პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს და დაამტკიცებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებსაც და რომ გათვალისწინებული იქნება გარე მონიტორინგის მექანიზმიც:

„სწორედ გარე მონიტორინგია ხშირად იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი ხარვეზები და პრობლემები იქნეს გამოვლენილი“ - ზვიად დევდარიანი

„ამნესტი ინტერნეშნლის“ ანგარიშში ნათქვამია ასევე, რომ, თვითმხილველთა მონათხრობის თანახმად, პოლიცია იჩენდა ინერტულობას, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს ესხმოდნენ თავს, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ივნისში ცაგერში გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიაზე თავდასხმის დროს. აქვეა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ოფისზე თავდასხმის ფაქტიც, როდესაც პოლიცია ოპერატიულად არ მივიდა შემთხვევის ადგილას.

ასევე პოლიციის საქმიანობის ნაკლოვანებას ესმება ხაზი ანგარიშში ასახულ კიდევ ერთ საკითხთან – ქალების მიმართ ძალადობასთან - დაკავშირებით. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს, სულ ცოტა, 25 ქალი მოკლეს და ზოგიერთმა მათგანმა ვერ მიიღო წინასწარ პოლიციისგან მოთხოვნილი დაცვა.

ახალ ანგარიშში „ამნესტი ინტერნეშნლი“ გასული წლის ერთ მეტად სადავო თემასაც ეხება, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას უკავშირდება. ტექსტში ვკითხულობთ, რომ, 28 ნოემბერს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, უშიშროების სამსახურებს კვლავ დარჩათ პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა საკომუნიკაციო საშუალებებზე, რაც იწვევს შეშფოთებას, რომ ეს შესაძლებლობა შეიძლება სასამართლოს გვერდის ავლითაც იქნეს გამოყენებული. 

გასული წლის ძირითადი მოვლენების აღწერის კონტექსტში, ანგარიშში ნახსენებია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლების ფაქტიც, რაც მოჰყვა 28 ოქტომბერს მისი უწყების 5 მაღალჩინოსნის დაკავებას და რაც მან პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია. აქვე „ამნესტი ინტერნეშნლი“ იტყობინება, რომ შარშან კვლავ იყო ცნობები ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა შერჩევით სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. 13 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ხოლო 9 დეკემბერს ეუთოს სამეთვალყურეო ორგანომ, რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა ყოფილი თანამდებობის პირთა საქმეების გამოძიების პროცესს, გამოხატა შეშფოთება სამართლიანი სამართალწარმოების მთელი რიგი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით - შეეხება ეს მხარეთა თანაბრობასა თუ უდანაშაულობის პრეზუმფციას.

საერთო ფონის აღწერისას ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 24 ნოემბერს ხელი მოეწერა ე.წ. ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის, რამაც ეს სეპარატისტული რეგიონი კიდევ უფრო დაუქვემდებარა რუსეთს თავდაცვის, საგარეო ურთიერთობებისა თუ ეკონომიკის თვალსაზრისით. აქვე ნათქვამია, რომ ნოემბერში საქართველოში გუანტანამოს ციხის სამი პატიმარი ჩამოიყვანეს.

 

წყარო:

http://www.radiotavisupleba.ge/content/amnesti-interneshnlis-angarishi/26869316.html