ტოლერანტობის ტრადიცია, რა თქმა უნდა, გვაქვს, ოღონდ ეს ტრადიცია შორეულ წარსულში გაიყინა
ინტერვიუ "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" დირექტორ ეკა ჭითანავასთან
ქალბატონო ეკა, რა მდგომარეობაა საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ გამოვლენილი აგრესიის მხრივ?
ბოლო ორი წლის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით გაუარესდა. მკვეთრად გაიზარდა რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი სამართალდარღვევების რიცხვი. 2012-2014 წლებში განსაკუთრებით პრობლემური, სისტემური და მასშტაბური გახდა მუსლიმებისა და იეჰოვას მოწმეების დევნა და შეზღუდვა. 2012-2013 წლებში მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, რომლებიც მსგავსი სცენარით ვითარდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: მართლმადიდებელი უმრავლესობა მუსლიმებს ლოცვის ჩატარების საშუალებას არ აძლევდა, რის მიმართაც ხელისუფლების, განსაკუთრებით ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები იჩენდნენ შემგუებლურ დამოკიდებულებას და ზოგჯერ ხელსაც უწყობდნენ. თუკი ამ პერიოდში მუსლიმების მიმართ ჩადენილი სამართალდარღვევების დროს სახელმწიფოს რეაგირება არაეფექტური და უმეტეს შემთხვევაში, არაადეკვატური იყო, მოგვიანებით, სოფელ ჭელასა და მოხეში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სამართალდამცველები უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობრივ ქმედებებში და არღვევდნენ მუსლიმების უფლებებს. სახელმწიფოს პოლიტიკა უმცირესობების მიმართ რეპრესიული და დისკრიმინაციული გახდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ასევე გახშირდა იაჰოვას მოწმეთა სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფის, დარბევისა და შენობების დაზიანების შემთხვევები. მაგალითად: იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაციის მონაცემებით, 2013 წელს რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი სამართალდარღვევის 53 შემთხვევა დაფიქსირდა; 2014 წელს ეს მაჩვენებელი 64-მდე გაიზარდა, მაშინ როცა 2011 წელს მხოლოდ 11 შემთხვევა იყო.
ეთნიკური უმცირესობების მიმართ ჩვენს საზოგადოებაში ისეთი აგრესიული დამოკიდებულება არ არის, როგორც რელიგიური უმცირესობების მიმართ, თუმცა რელიგიური და ეთნიკური იდენტობები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, სომხების, ებრაული თემის შემთხვევაში. სომხური ეკლესია სხვა რამდენიმე თემის მსგავსად უკვე ოცი წელია ვერ იბრუნებს საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეულ ქონებას. რესტიტუციის პრობლემა ხელს უწყობს მუდმივი დაძაბულობის შენარჩუნებას უმრავლესობისა და უმცირესობის ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფებს შორის და მნიშვნელოვნად აფერხებს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ეთნიკური უმცირესობებიდან ბოშების თემი ერთ-ერთი ყველაზე მარგინალური ჯგუფია, სახელმწიფოს მათი სოციალური პრობლემების გადასაჭრელად ჯერჯერობით ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.
მიუხედავად ყველაფრისა, ხელისუფლების წარმომადგენლები გაზეპირებულად იმეორებენ ფრაზას: "უმცირესობის უფლებების დაცვა არ უნდა ხდებოდეს უმრავლესობის უფლებების შელახვის ხარჯზე". ეს რა თქმა უნდა საპატრიარქოს რიტორიკის გამოძახილია. საქართველოში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე დაკვირვებით, ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რელიგიურ თუ სხვა უმცირესობებს აქვთ "არსებობის" უფლება, თუმცა ისინი არ უნდა ჩნდებოდნენ საჯარო სივრცეში, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უმრავლესობის "საკუთრებად" აღიქმება. ამაში დიდი წვლილი საქართველოს საპატრიარქოს მიუძღვის. მართლმადიდებელი ეკლესია ამკვიდრებს რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიას, რომლის მიხედვითაც, ეთნიკურ და რელიგიურ იდენტობებს შორის ტოლობის ნიშანი ისმება. ამით საპატრიარქო ლიბერალურ დემოკრატიასა და სამოქალაქო ნაციონალიზმს უპირისპირდება. დღეს საპატრიარქო ანტიდასავლური, და ფუნდამენტალისტური იდეოლოგიის მქადაგებელი ინსტიტუტია, რომელიც პრინციპულად ეწინააღმდეგება ლიბერალურ ფასეულობებს და საჯარო სივრცეზე სრული მონოპოლიის დამყარებას ცდილობს.
შეგიძლიათ, რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი რამდენიმე მაგალითი დაასახელოთ?
რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულებიდან განსაკუთრებით მწვავე იყო მოხეს, ქობულეთისა და ჭელას შემთხვევები. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში დამრღვევები, სავარაუდოდ, უშუალოდ საჯარო მოხელეები იყვნენ. 2013 წლის 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა მინარეთი დაშალა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ამავდროულად, შსს-ს თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს იმ მუსლიმებზე, რომლებმაც დემონტაჟის გაპროტესტება სცადეს. ქობულეთში, როგორც გახსოვთ, მუსლიმებს პანსიონის კარზე ღორის თავი აუჭედეს, ადგილობრივი ქრისტიანები ბავშვებს შენობაში შესვლისა და სწავლის დაწყების საშუალებას არ აძლევდნენ, პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ამ ფაქტებზე არ რეაგირებდა. მოხეში რელიგიურ ნიადაგზე ადგილობრივ მუსლიმებსა და სამართალდამცავებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირებისა და მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის შემთხვევები გამოვლინდა. აქცია, სადაც ადგილობრივი მუსლიმები მეჩეთის, ამჟამად სადავო შენობის დემონტაჟს აპროტესტებდნენ, შსს-ს თანამშრომლებმა ძალადობრივი მეთოდებით დაშალეს. თვითმხილველთა თქმით, სამართალდამცველები მუსლიმებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
TDI ჩასული იყო მოხეში. ჩვენ ჩავწერეთ დაზარალებულები, მათ შორის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებული - თეიმურაზ მიქელაძე, რომელსაც ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ სახეზე ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობოდა. მიქელაძის განცხადებით, ადიგენის რაიონის პოლიციის განყოფილებაში წაყვანის შემდეგ ის სამართალდამცველებმა კაბინეტში სასტიკად სცემეს. როგორც ჩვენ გავარკვიეთ, დაზარალებულთა მიმართვის მიუხედავად ამ საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და არა პროკურატურა, რაც გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის დარღვევის მაგალითია.
ასევე სისტემური პრობლემაა, რელიგიური უმცირესობების საკულტო თუ არარელიგიური დანიშნულების ნაგებობების მშენებლობისთვის ხელის შეშლა. მაგალითად, 2013 წლის ზაფხულში თერჯოლაში ადგილობრივი მოსახლეობისა და მართლმადიდებელი სასულიერო პირების ზეწოლით მუნიციპალიტეტის საკრებულომ იეჰოვას მოწმეებს ქალაქის ცენტრში ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა უკანონოდ შეუჩერა.
საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა გადაწყვეტილების მიღების დროს უგულებელყვეს იეჰოვას მოწმეთა კანონიერი ინტერესები და უსამართლოდ მიანიჭეს პრივილეგია მართლმადიდებელი მრევლის მოთხოვნებს. შესაბამისად, საჯარო პირთა ქმედებები სამართალდარღვევას წარმოადგენს (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება/გადამეტება; რელიგიური საქმიანობისთვის უკანონოდ ხელის შეშლა) და იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეებმა შეაგროვეს ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც ადასტურებდა მშენებლობის კანონიერებას, დღემდე ვერ ახერხებენ მშენებლობის დაწყებას. თუმცა თერჯოლას შემთხვევა არ არის გამონაკლისი და ამ ტიპის პრობლემები ექმნება თითქმის ყველა რელიგიურ გაერთიანებას. (რასაკვირველია, საპატრიარქოს გარდა)
რა არის სიტუაციის გაუარესების მთავარი მიზეზი?
რელიგიური შეუწყნარებლობის მასშტაბის გაზრდას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, სამართალდარღვევათა რაოდენობის მატება დაუსჯელობასა და სახელმწიფოს არასწორ სამართლებრივ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული.
დღემდე გამოუძიებელია 2012-2013 წლებში სოფელ ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში მუსლიმების უფლებათა დარღვევის შემთხვევები, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. ძიება არ დაწყებულა 2013 წლის 26 აგვისტოს სოფელ ჭელაში მინარეთის უკანონო დემონტაჟისა და ადგილობრივი მუსლიმების ცემის ფაქტთან დაკავშირებით, რაც ხელისუფლების მხრიდან მუსლიმთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევის აშკარა მაგალითს წარმოადგენს.
მუსლიმების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი აქტები არ არის ერთმანეთისგან იზოლირებული ცალკეული ინციდენტები. მუსლიმების მიმართ ძალადობის ზრდის დინამიკა სწორედ სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილების კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
იეჰოვას მოწმეთა მიმართ ძალადობის ზრდის ტენდენციაც რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს არასწორ პოლიტიკაზე მიუთითებს. საგამოძიებო სტრუქტურები გამოძიებას ხშირად იმ მუხლებით არ წარმართავენ, რომლებიც რელიგიური ნიშნით დევნის, რელიგიური რიტუალებისთვის ხელის შეშლისა და თანასწორუფლებიანობის დარღვევისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამასთან ერთად, როგორც წესი, გამოძიება ან ჭიანურდება, ან სამართლებრივი შედეგი მას საერთოდ არ მოსდევს.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ადვილი შესამჩნევია, რომ სახელმწიფო რეპრესიულ და ძალადობრივ მექანიზმებს იყენებს უმცირესობების მიმართ და ამავე დროს, არ რეაგირებს დანაშაულზე, რომელსაც მართლმადიდებელი სასულიერო პირები ჩადიან. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს 17 მაისი, როდესაც მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა უდანაშაულო ადამიანები დაარბიეს, ამისთვის პასუხი არავის უგია. საპატრიარქო აბსოლუტური პრივილეგიებით სარგებლობს, დგას კანონსა და ყველა ხელისუფალზე მაღლა, მართლმადიდებელი სასულიერო პირი ხელშეუხებელია მაშინაც კი, როცა კანონს უხეშად და დაუფარავად არღვევს.
მეორე და ფუნდამენტური პრობლემა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეუწყნარებლობის პროპაგანდა, რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევა და მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ინდოქტრინაციის პრაქტიკაა. რელიგიურ უმცირესობებს, განსაკუთრებით აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან ხშირად დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების ატანა უწევთ. მათ უწოდებენ ხოლმე "თათრებს", "ურჯულოებს", მოუწოდებენ "მამა-პაპათა სარწმუნოებაში" დაბრუნებისკენ. ასევე, აგრესიის მსხვერპლი არიან ისტორიულად შედარებით გვიან დამკვიდრებული რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი მოსწავლეები. პედაგოგები და მოსწავლეები, ხშირად იყენებენ ეპითეტებს - "სექტანტი", "იეღოველი".
იმისთვის, რომ ახალგაზრდების აზროვნება შეიცვალოს და მათ განსხვავებული იდენტობების მქონე ადამიანების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება ჰქონდეთ, საჭიროა განათლების სისტემაში ფუნდამენტური რეფორმების გატარება. სახელმძღვანელოები უნდა ასახავდეს ჩვენი ქვეყნის რელიგიურ და ეთნიკურ მრავალფეროვნებას, მასწავლებლების გადამზადების პროგრამაშიც უნდა გაძლიერდეს მულტიეთნიკური და მულტიკონფესიური კომპონენტი. დღეს სკოლებსა და უნივერსიტეტებშიც მართლმადიდებლური სამლოცველოებია მოწყობილი. რელიგიური სიმბოლიკა გამოფენილია არააკადემიური დანიშნულებით. სკოლის გაკვეთილები ცდება, როცა პატიჟებენ მოძღვარს, რომელმაც სკოლა უნდა აკურთხოს. განათლების მინისტრის მოადგილე სკოლაში მღვდელთან ერთად მიდის ახალი წლის მისალოცად და თვითონ არღვევს ზოგადი განათლების შესახებ კანონს, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებაში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვას ითვალისწინებს.
საქართველოს ოდითგანვე სტოლერანტულ ქვეყანას უწოდებდნენ. რა შეიცვალა დღეს?
ჩვენი უკიდეგანო ტოლერანტობის ნარატივი სინამდვილეში დღევანდელ რეალობასთან წინააღმდეგობაშია. კი არსებობს მითი, რომ ჩვენ ყველაზე ტოლერანტული ერი ვართ. ამ დროს ძირითადად ვიზუალურ ეფექტებზე ვაკეთებთ ხოლმე აქცენტს. თბილისის ერთ უბანში მეჩეთი, სინაგოგა და ეკლესიაა აშენებული და კონფლიქტები ამის საფუძველზე არასდროს მომხდარა. ტოლერანტობის ტრადიცია, რა თქმა უნდა, გვაქვს, ოღონდ ეს ტრადიცია შორეულ წარსულში გაიყინა. მაგალითად, თავის დროზე დავით აღმაშენებელმა ქალაქის იმ ნაწილში, სადაც მუსლიმები ცხოვრობდნენ, აკრძალა ღორის დაკვლა; ისტორიკოსების გადმოცემით, ის ყოველ პარასკევს თავის შვილთან, დემეტრესთან ერთად შედიოდა მეჩეთში და ისმენდა ყურანის კითხვას. ამის საპირისპიროდ, დღეს ბათუმში მუსლიმებს ახალი მეჩეთის აშენების საშუალებას არ აძლევენ, იეჰოვას მოწმეებს დევნიან, კათოლიკებს ეკლესიებს ართმევენ. ჩვენს ტრადიციებს, რომლებიც სადღეგრძელოების სახით შემოგვრჩა, დღევანდელობაში გაცოცხლება სჭირდება.
რამდენად ინტეგრირებული არიან უმცირესობები პოლიტიკურ სისტემაში?
პოლიტიკურ სისტემაში უმცირესობები ნაკლებად ინტეგრირებული არიან. როდესაც, ვთქვათ, მუსლიმი ხდება პოლიტიკოსი, ის ცდილობს არ გაამჟღავნოს საკუთარი რწმენა. დღეს ეს სერიოზული პრობლემაა და მუსლიმი თემისთვის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას ზღუდავს. ეთნიკური სომხებისთვისაც დიდი ხანი პრობლემა იყო საკუთარ ეთნიკურ იდენტობაზე ხმამაღლა ლაპარაკი, რადგან პოლიტიკოსები ვინმეს დისკრედიტაციის მიზნით ხშირად მოიხსენიებდნენ ამა თუ იმ პირს „სომეხად". ანუ ეთნიკურ კუთვნილებას ნეგატიური კონოტაციით იყენებდნენ.
რაც შეეხება რასობრივ დისკრიმინაციას, როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ?
რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. აზიური ან აფრიკული ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტები ხშირად ჩივიან, რომ ქუჩაში აგრესიას გრძნობენ, რაც ხშირად ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზრდება ხოლმე. ამ საკითხს ფუნდამენტური კვლევა სჭირდება. 2014 წლის ივნისში ჩვენ მოგვმართა საქართველოში მცხოვრებმა ბრიტანეთის მოქალაქე აარონ ჩარლზმა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ორჯერ გახდა რასისტული თავდასხმის მსხვერპლი. დაზარალებულის თქმით, "სმარტში" უცნობმა მამაკაცმა აარონსა და მის მეგობარს უსაფუძვლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის წევრები ადგილზე იმყოფებოდნენ, მათ ინციდენტზე რეაგირება არ მოუხდენიათ. ორი კვირის შემდეგ, აარონ ჩარლზის თქმით, "მაკდონალდსში" ორ პირს უნდოდა მისთვის რასისტული მოტივაციით დაერტყა. შემთხვევის ადგილზე დაცვის პოლიცია მივიდა, თუმცა პოლიციის თანამშრომლები საქმის დეტალების გარკვევის ნაცვლად აარონის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ავლენდნენ, უსვამდნენ კითხვებს მისი წარმომავლობის შესახებ, რასაც გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
რა არის მთავარი პრობლემა ამ საკითხებთან მიმართებაში?
მთავარი პრობლემა, როგორც უკვე ვილაპარაკეთ, რელიგიური შეუწყნარებლობის მიმართ სახელმწიფოს შემგუებლური დამოკიდებულება და ასეთი ტიპის დანაშაულის მიმართ არასწორი სამართლებრივი პოლიტიკაა. გარდა იმისა, რომ სამართალდამცველები თვითონ არიან ხოლმე რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილეები, შეუწყნარებლობა ვლინდება საჯარო პირების რიტორიკაშიც, რაც ხელს უწყობს საზოგადოებაში ამგვარი ღირებულებების დამკვიდრებას.
როგორ აისახება არატოლერანტული გარემო საქართველოს ევროპულ მომავალზე?
ევროპაში ინტეგრაცია, პირველ რიგში, ლიბერალური ღირებულებების გაზიარებასა და რეალიზებას გულისხმობს. საჭიროა, ადამიანი, ინდივიდი გახდეს უმაღლესი ღირებულება. ერთმანეთისგან განსხვავებულმა და ხშირად მიუღებელმა ჯგუფებმა ერთ სივრცეში მშვიდობიანი თანაარსებობა უნდა შეძლონ. საქართველოს მოქალაქეთა უფლებებისა და თანასწორობის დაცვა მიუხედავად მათი ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური თუ სხვა იდენტობებისა, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა. რა ხდება ჩვენთან? 17 მაისის მერე ყველამ ვნახეთ, რომ სახელმწიფოსთვის ინდივიდი არაა პრიორიტეტი, რომ უმცირესობის უფლებები შეიძლება შეილახოს, თუკი ამას უმრავლესობის სახელით მოლაპარაკე საპატრიარქო მოითხოვს. 17 მაისმა დაგვანახა რელიგიური ფუნდამენტალიზმის საფრთხე და ამ საფრთხის წინაშე სრულიად უძლური პოლიტიკური სისტემა, რომელიც საპატრიარქოს ძალაუფლების ლეგიტიმაციის ინსტრუმენტის დაკარგვის შიშით მზადაა საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე უარი თქვას. ნიგვზიანის, წინწყაროს, სამთაწყაროს, ჭელას, ქობულეთის, მოხეს კონფლიქტებმა გამოავლინა საზოგადოებაში არსებული ისლამოფობიური განწყობები, ხელისუფლება კი ამ განწყობების რეპროდუქციის აქტორად იქცა.
ანტიდასვლურ ნარატივს რაც შეეხება, მისი მთავარი მაწარმოებელი დღეს საქართველოში საპატრიარქოა. ეკლესიის დისკურსში დასავლეთი გარყვნილებისა და ცოდვის სივრცედ არის წარმოჩენილი. ამის საპირისპიროდ, საპატრიარქო პატრიარქალური ტრადიციების შენარჩუნებისა და ერთმორწმუნე მეზობელთან სიახლოვისკენ გვექაჩება. ალბათ გახსოვთ, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს დამოკიდებულება. კანონს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისკენ არის მიმართული, მართლმადიდებელი სასულიერო პირები ხმალამოღებული ეწინააღმდეგებოდნენ. ამის საპასუხოდ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ თუ სინოდი წინააღმდეგი იქნებოდა, კანონს მხარს არც ის დაუჭერდა.
ყოველივე ამის ფონზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ელიტის კონსოლიდირება ლიბერალური პრინციპებისა და ღირებულების ირგვლივ. ამ მხრივ, ჯერჯერობით უიმედო მდგომარეობაში ვართ. თუმცა ამ კუთხით მნიშვნელოვან საქმეს სამოქალაქო ინსტიტუტები და ორგანიზაციები აკეთებენ. ზოგადად, ბოლო პერიოდში სამოქალაქო აქტივიზმი გაიზარდა და ღირებულებებზე სადისკუსიო სივრცეც გაფართოვდა. საჭიროა, ყველამ ვიბრძოლოთ ჩვენი ინდივიდუალური უფლებების დასაცავად და სახელმწიფო ვაიძულოთ, შეასრულოს ნაკისრი პოზიტიური ვალდებულებები.
ავტორი: ნათი ბანძელაძე
“სოციალური ქსელი“ მომდევნო ინტერვიუს საპატრიარქოს წარმომადგენელთან გეგმავს
წყარო: http://socialnetwork.ge/ka/interview/text/sazogadoeba/56-tolerantobis-traditsia-ra-tqma-unda-gvaqvs,-oghond-es-traditsia-shoreul-tsarsulshi-gaikhina#.VVsZCUZeNKq