ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ოქტ/1515

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიის თავისუფლების 2014 წლის ანგარიშში

14 ოქტომბერს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ანგარიში, მათ შორის ანგარიში საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ.

საერთაშორისო ანგარიში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ წარადგინა. საკუთარ სიტყვაში კერიმ აღნიშნა: “ამ ყოველწლიური ანგარიშის მიზანი არის რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობის ხაზგასმა არა სწავლების, არამედ ადვოკატირებისა და დარწმუნების გზით. ჩვენი უმთავრესი მიზანია, დავეხმაროთ ყველა ქვეყნის მთავრობას იმის გაცნობიერებაში, რომ მათი საზოგადოებები უფრო წარმატებული იქნება რელიგიის თავისუფლების არსებობის შემთხვევაში, ვიდრე მის გარეშე. მსოფლიომ მძიმე გამოცდილებით ისწავლა, რომ რელიგიური პლურალიზმი ხელს უწყობს და შესაძლებელს ხდის ყველას თანამონაწილეობას, მაშინ, როცა რელიგიური დისკრიმინაცია კონფლიქტების წყარო ხდება და საფრთხეს უქმნის ყველას”.

საქართველოს შესახებ ანგარიშში მიმოხილულია ის პრობლემები, რომლებიც რელიგიურ უმცირესობებს წლებია აწუხებს, მათ შორის: საბჭოთა პერიოდში რელიგიური გაერთიანებებისთვის ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების რესტიტუციის საკითხი, რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევა საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უთანასწორო ფინანსური და საგადასახადო გარემო.

გარდა აღნიშნული საკითხებისა, ანგარიშში აღწერილია 2014 წელს საქართველოში რელიგიური დისკრიმინაციის ფაქტები, სახელმწიფო პოლიტიკა, და ზოგადად, რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება.

ანგარიშის თანახმად, 2014 წელს გაიზარდა იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის ფაქტები. ასევე, აღწერილია ქობულეთში მუსლიმთა პანსიონის გახსნისთვის ხელის შეშლისა და შენობის კარზე ღორის თავის მიჭედების შემთხვევა; ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში პოლიციის მიერ მუსლიმთა მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება; რელიგიური დანიშნულების ნაგებობაზე საკუთრების უფლების დადგენის კუთხით სახელმწიფოს არაეფექტური პოლიტიკა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რელიგიურ გაერთიანებებს ხელისუფლების მხრიდან რელიგიური დანიშნულების ნაგებობის მშენებლობის კუთხით დაბრკოლებები ექმნებათ - თერჯოლაში მუნიციპალიტეტმა იეჰოვას მოწმეებს შეუჩერა მშენებლობის ნებართვა, ხოლო კათოლიკე ეკლესიას უარი ეთქვა ნებართვის მიღებაზე.  ბათუმში ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო გადაეჭრა მუსლიმი თემისთვის აქტუალური პრობლემა - ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი, რადგან საჭირო სივრცის უქონლობის გამო,  არსებული მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს.  

ანგარიშში ასევე საუბარია მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ უმცირესობების მიმართ გამოვლენილ შეუწყნარებლობასა და საზოგადოების წევრების მიერ რელიგიური ღონისძიებების ჩატარებისთვის ხელის შეშლის შემთხვევებზე.

დოკუმენტში წერია, რომ 2014 წელს მთავრობამ დააფუძნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც დაევალა ოთხი რელიგიური გაერთიანებისთვის საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზარალის კომპენსაციის გადახდა. რელიგიურმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს მთავრობა რელიგიური გაერთიანებების შერჩევის არაგამჭვირვალე პროცესისა და დისკრიმინაციული მიდგომის გამო.

 

TDI აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში:

ანგარიში მოიცავს ინფორმაციას ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ მომზადებულ კვლევებსა და განცხადებებზე დაყრდნობით შემდეგ საკითხებზე:

“TDI- ის მიხედვით, 2014 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში იეჰოვას მოწმეების მიმართ ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობა, 2013 წლის სამართლადარღვევების სრულ რაოდენობას თითქმის გაუთანაბრდა, ხოლო 2012 წელთან შედარებით თითქმის გაოთხმაგდა”.

“თებერვალში მთავრობამ დააფუძნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რელიგიის პოლიტიკის სფეროში განათლების, ქონებისა და დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრთან კოორდინაციის მიზნით. TDI-ის ანგარიშში “რელიგიური დისკრიმინაციისა და კონსტიტუციური სეკულარიზმის კვლევა”, აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ სააგენტო დააფუძნა რელიგიური ორგანიზაციების ფართო სპექტრთან, სახალხო დამცველთან და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო როგანიზაციებთან კონსულტაციის გარეშე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და რელიგიურმა გაერთიანებებმა სააგენტო გააკრიტიკეს უმცირესობებთან თანამშრომლობის ნაკლებობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასათანადო გამჭვირვალობის გამო”.

“TDI-ის ანგარიში რელიგიური უმცირესობების საჭიროებების შესახებ მოიცავს გამოკითხვას, რომელშიც რესპონდენტები აცხადებენ, რომ მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა ხელი შეუწყვეს რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების მიმართ საზოგადოების მტრული განწყობების გაღვივებას”.

“არამართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლებმა TDI-ის განუცხადეს მათი საქმიანობის მიმართ საზოგადოების ჯგუფების მხრიდან წინააღმდეგობის შესახებ. სახარების რწმენის ეკლესიას შეეზღუდა სივრცე ფესტივალის ჩასატარებლად”.