ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მარ/1601

TDI-ს საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობა სოფელ ადიგენში

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) სწავლობს სოფელ ადიგენში მუსლიმთა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს და არსებულ ვითარებას. TDI-ს იურისტები ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან, ხვდებიან დაზარალებულებს და მათ სამართლებრივ დახმარებას უწევენ.

ცოტა ხნის წინ, როდესაც TDI-ს თანამშრომლები ერთ-ერთი დაზარალებულის სახლში იმყოფებოდნენ და ახსნა-განმარტებებს იღებდნენ, შენობაში შეიჭრა აგრესიულად განწყობილი სამი პიროვნება. მათი გაღიზიანება ადგილზე TDI-ს იურისტების ყოფნამ გამოიწვია. აცხადებდნენ, რომ „სოფელი თავის სამართალს თვითონ გადაწყვეტს“. ადგილზე გამოძახებული იქნა პოლიცია, რომელმაც აღნიშული პირები გაარიდა ადგილიდან.

TDI-ის ერთი იურისტი ამ წუთებში ესწრება დაზარალებულების გამოკითხვას, ხოლო მეორე იურისტი მოწმეებისგან ახსნა-განმარტებებს იღებს.

ა.წ. 29 თებერვალს სოფელ ადიგენში მუსლიმი თემის სამ წარმომადგენელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მუსლიმი თემის განცხადებით, მათ ადგილობრივი მართლმადიდებელი თემის წევრები დაესხნენ თავს. დაპირისპირება სოფელ ადიგენში მუსლიმი თემისთვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფის საკითხს მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან მუსლიმთა დევნის, რელიგიური წესის აღსრულებისათვის ხელის შეშლისა და მათი უფლებების დარღვევის არაერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, ქობულეთი, მოხე). სახელმწიფოს არცერთ აღნიშნულ შემთხვევაში არ მოუხდენია ადეკვატური რეაგირება და არ დამდგარა არცერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.