მუსლიმებმა ბათუმში მეჩეთის ასაშენებლად მიწა შეიძინეს
7 სექტემბერს, „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ მეჩეთის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი შეისყიდა.
აჭარაში ისლამური აღმსარებლობის მოქალაქეები რეგიონის მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენენ. მიუხედავად ამისა, უკვე მრავალია წელია, თემის წარმომადგენლებს სალოცავად საკმარისი სივრცე არ აქვთ. ქალაქ ბათუმში არსებული ერთადერთი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს და ასეულობით ადამიანს პარასკევისა და სადღესასწაულო ლოცვების დროს, ღია ცის ქვეშ, ქუჩაში უწევს რელიგიური რიტუალების შესრულება.
ახალი მეჩეთის ასაშენებლად სახელმწიფოსაგან მიწის ნაკვეთის გამოყოფას მუსლიმი თემი 1990-იანი წლებიდან აქტიურად ითხოვს, თუმცა არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებას სათანადოდ არასოდეს შეუფასებია პრობლემის სიმწვავე და მეჩეთის მშენებლობის საკითხის გადაჭრა, წლების განმავლობაში, ხელოვნურ ბარიერებს აწყდებოდა.
მუსლიმი მრევლი მტკივნეულად აღიქვამს იმ ფაქტს, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის თემა ხელისუფლებამ პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოიყენა. კერძოდ, 2012 წლიდან პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აჭარის მუსლიმ მრევლს არაერთხელ დაპირდა ახალი მეჩეთის აშენებას, თუმცა დაპირებები შეუსრულებელი დარჩა. 2014 წლის ოქტომბერში მუსლიმებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც შეხვდა და განაცხადა, რომ მეჩეთის მშენებლობის საკითხს შეისწავლიდა.
მუსლიმთა უმრავლესობის რეალური საჭიროებები და მოთხოვნები არასდროს ასახულა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშებსა თუ ოფიციალურ რიტორიკაში. სააგენტო ექსკლუზიურად თანამშრომლობს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს მხოლოდ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს. შესაბამისად, 2014 წელს, პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ სახელმწიფოსგან ახალი მეჩეთის მშენებლობის ნაცვლად, ბათუმში მოქმედი“ორთა ჯამეს” მეჩეთის გაფართოება და რეკონსტრუქცია, ასევე, სამუფთო რეზიდენციისა და რელიგიური სასწავლებლისთვის დამატებითი ნაგებობების შესყიდვა და გადაცემა ითხოვა. ამ პროცესის შედეგად იგნორირებული აღმოჩნდა მუსლიმი თემის დიდი ხნის მოთხოვნა. აღნიშნული მიმართვის საფუძველზე, 2015 წელს, სახელმწიფომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების რეზიდენციისა და მედრესეს შენობები გადასცა. შენობის გადაცემიდან 2 წლის შემდეგ მედრესე არ გახსნილა და შენობა დღესაც უფუნქციოა.
ბათუმში ახალი მეჩეთისთვის მიწის გამოყოფის თხოვნით, 2016 წლის თებერვალში მუსლიმმა მრევლმა 12000 ხელმოწერა შეაგროვა და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართა, თუმცა ხელისუფლების რეაგირება არც ამ ნაბიჯს არ მოჰყოლია.
საბოლოოდ, მუსლიმმა თემმა საქველმოქმედო შემოწირულობებითა და საკუთარი სახსრებით, ბათუმში ახალი მეჩეთის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის შეძენა გადაწყვიტა. ამ მიზნით დაფუძნებულ, „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდს“ მიწის შეძენასთან დაკავშირებული სამართლებრივი დახმარება ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) გაუწია.
TDI გააგრძელებს მუსლიმი თემის იურიდიულ დახმარებას ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ნებართვის მოპოვების პროცესში და სახელმწიფოს მხრიდან უკანონო წინააღმდეგობის შექმნის შემთხვევაში, გამოიყენებს ყველა საჭირო სამართლებრივ მექანიზმს, რათა მუსლიმმა თემმა შეძლოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სრულად სარგებლობა.
ფოტო (c) მანანა ქველიაშვილი/ნეტგაზეთი