რელიგიური გაერთიანებების შეხვედრა ქართულ ოცნებასთან
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აგრძელებს პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური გაერთიანებების წინასაარჩევნო შეხვედრებს. 21 სექტემბერს, TDI-ის ორგანიზებით გაიმართა რელიგიურ გაერთიანებათა წარმომადგენლების შეხვედრა პარტიასთან ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიის წარმომადგენლები, თამარ ჩუგოშვილი და სოფო ქაცარავა. მათ რელიგიურ გაერთიანებებს გააცნეს პარტიის ხედვა საქართველოში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
შეხვედრაზე განხილული იყო ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ძირითადი საკითხები: რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი სამართალდარღვევები და მათზე სახელმწიფოს რეაგირება, ამ კუთხით შესაბამისი კანონმდებლობის გამოყენებისა და აღსრულების პრობლემა, სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკისა და მათ შორის, კონკრეტულად, რელიგიის საკითხთა სახელმწოფო სააგენტოს მუშაობის ხარვეზები, საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიური ნეიტრალობის დარღვევის საკითხები და ამ კუთხით არსებული პრობლემები განათლების სისტემაში, მუსლიმი თემის წინაშე არსებული პრობლემები და დისკრიმინაციული მოპყრობა, საკულტო ნაგებობებთან, მათ შორის, ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული ბარიერები, რელიგიური გაერთიანებებისთის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის კომპენსაციის, ასევე ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხი, რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში სახელმწიფოს ჩარევა, სახელმწიფოს მიერ რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების პოლიტიკა და პრაქტიკა, უთანასწორო საგადასახადო რეჟიმისა და სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის საკითხები.
TDI ამავე ფორმატში შეხვდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებს: ირაკლია ალასანია - თავისუფალი დემოკრატები, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საარჩევნო ბლოკი, პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის.
ღონისძიება მხარდაჭერილია აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) მიერ.