ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
დეკ/1601

გამოფენა „უწყვეტი მრავალფეროვნება“

15 ნოემბერს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, მოაწყო გამოფენა „უწყვეტი მრავალფეროვნება.“ ღონისძიება ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას მიეძღვნა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნული არქივის, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული 70-მდე დოკუმენტი (დედნები და ასლები), რომლებიც საქართველოს რელიგიურ და ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს და წარმოაჩენს ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.

ღონისძიებაზე გამოფენილი იყო: X საუკუნის პარხლის მრავალთავი, „შუშანიკის წამების“ ხელნაწერის ასლი, XVII საუკუნეში ქართლის მეფის დაკვეთით გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“; XVII საუკუნეში გადაწერილი ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“; ლაილაშის ბიბლია (X ს.), მულაჟი; მუსლიმური, სომხური, ლათინური, სირიული რელიგიური ტექსტები; „ვისრამიანი“ (XVIII საუკუნის ხელნაწერი); „ბალავარიანი“ (XVII საუკუნის ხელნაწერი); სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“, მისივე ავტოგრაფით (XVIII ს); მეფე ერეკლე II-ს (XVIII) მიერ მიღებული დეკრეტი, რომელიც ყველა რელიგიურ გაერთიანებას, მათ შორის კათოლიკეებს თანასწორ პირობებში აყენებს; XVIII-XX საუკუნის ქართველ მწერალთა, საერო და სასულიერო მოღვაწეთა პირადი არქივები, პრესაში გამოქვეყნებული წერილები და მხატვრული ლიტერატურის ნიმუშები: არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის დღიურები, წერილი მიტროპოლიტ კალისტრატე ცინცაძის პირადი არქივიდან, ვაჟა-ფშაველას ხელნაწერი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ ავტოგრაფით; იტალიელი მისიონერის, დონ კრისტოფორო დე კასტელის ჩანახატები, რომლებიც საქართველოში კათოლიკების ცხოვრებას აღწერს; საქართველოში მოღვაწე პოეტისა და აშუღის, საიათნოვას ლექსები; ილია ჭავჭავაძის, სერგეი მესხის, ტიციან ტაბიძის, აკაკი ბაქრაძის, დავით ბააზოვის, მემედ აბაშიძის წერილები, რომლებიც მრავალფეროვან და ტოლერანტულ გარემოს წარმოაჩენს; სხვადასხვა რელიგიებისა და ეთნოსების ცხოვრების ამსახველი ფოტოები; მოგვიანო პერიოდის საარქივო დოკუმენტები, ასევე, თანამედროვე პრესის ნიმუშები, რომლებიც ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სხვა საინტერესო მასალები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილე, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა და საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, 
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, რელიგიური და ეთნიკური ჯგუფებისა და მედიის წარმომადგენლები.