ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
თებ/1701

სასამართლომ სარჩელი საკულტო ნაგებობის მშენებლობის საკითხზე დააკმაყოფილა

2017 წლის 31 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სსიპ “მაცხოვრის ბიბლიური ეკლესიის” სარჩელი საკულტო ნაგებობის მშენებლობის საკითხზე.  მოსარჩელის ინტერესებს, სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენს.

რელიგიურმა ორგანიზაციამ, 2015 წელს, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით მიმართა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, არქიტექტურის სამსახურმა განმცხადებლისგან, მშენებლობის მიზანშეწონილობის თაობაზე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციის წარდგენა მოითხოვა. თბილისის მერიამ არაუფლებამოსილი ორგანოსთვის არასავალდებულო დოკუმენტის მოთხოვნის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის არგაცემით,  რელიგიური გაერთიანების უფლებები შეზღუდა.

TDI მიიჩნევს, რომ რელიგიის საკითხთა სააგენტოს რეკომენდაციის მოთხოვნა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში უკანონო დაბრკოლებას ქმნის და მასში ახალი, კანონით გაუთვალისწინებელი ბიუროკრატიული რგოლის გაჩენას იწვევს.

მოსარჩელე სასამართლო წარმოების ფარგლებში ითხოვდა:

  1. მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს დავალებოდა განეხილა განცხადება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე;
  2. ბათილად ყოფილიყო ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის ის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი, სადაც მხარე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა;
  3. ბათილად ყოფილიყო ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება, განმცხადებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზის დადგენის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ TDI-ის მიერ დაყენებული მოთხოვნები დააკმაყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნების შემდეგ, ადმინისტრაციული ორგანოები მშენებლობის ნებართვის გაცემამდე რელიგიური გაერთიანებისგან ითხოვენ სააგენტოს რეკომენდაციის წარდგენას მშენებლობის მიზანშეწონილობის თაობაზე.

TDI მიიჩნევს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება კანონმდებლობით ამომწურავად არის რეგულირებული და ამ პროცესში რელიგიის საკითხთა სააგენტო არაუფლებამოსილი ორგანოა. ამასთან, მშენებლობის მიზანშეწონილობის შეფასება სააგენტოს მანდატსა და კომპეტენციას სცილდება. ამგვარი პრაქტიკა რელიგიური გაერთიანებისთვის დამატებით შეზღუდვების აწესებს. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული მნიშვნელობის შეიძლება იყოს და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენა მოახდინოს.

TDI იურიდიულ დახმარებას ახორციელებს "საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში“ და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.