ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
აგვ/1731

TDI-ის ახალი პროექტი: მუშაობა პოლიტიკურ პარტიებთან და თვითმმართველობებთან

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, 2017 წლის 7 აგვისტოდან 2018 წლის 7 მაისის ჩათვლით, ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს რელიგიური უმცირესობების გაძლიერებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას დისკრიმინაციის აკრძალვის, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება რელიგიურ გაერთიანებათა შეხვედრების ციკლი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებსა და თბილისის მერობის კანდიდატებთან. 

შეხვედრების მიზანია: პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და თბილისის მერობის კანდიდატებმა წარმოადგინონ თავიანთი ხედვა საქართველოში რელიგიის თავისუფლების, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის, დისკრიმინაციის აკრძალვისა და თანასწორობის საკითხებზე; რელიგიურმა გაერთიანებებმა კი, პარტიებს გააცნონ რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემატიკა.

TDI-მ პირველად  მსგავსი ტიპის შეხვედრები გამართა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებთან[1].

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების ანალიზი; დისკრიმინაციის აკრძალვის, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხებზე სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადება; არჩევნების შემდეგ კი, ადგილობრივი რელიგიური თემების ლიდერები და წარმომადგენლები TDI-ის ორგანიზებით, შეხვდებიან ათი მუნიციპალიტეტის (თბილისი, რუსთავი, თელავი, ბათუმი, ხულო, ახალქალაქი, ახალციხე, ადიგენი, მარნეული, ბოლნისი) ხელმძღვანელობას.  შეხვედრების მიზანია რელიგიური გაერთიანებების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, რელიგიური გაერთიანებებისთვის ადგილობრივ დონეზე პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების ძიება და თვითმმართველობებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება.  დასკვნით ეტაპზე, პროექტით გათვალისწინებულ თემატურ საკითხებზე ჩატარდება ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის.

ასევე, ტრადიციულად, 16 ნოემბერს TDI და ნიდერლანდების სამეფოს საელჩო ერთობლივად აღნიშნავენ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს.

 

[1] შემაჯამებელი ინფოგრაფიკა, რომელშიც ასახულია პარტიების მოსაზრებები შეხვედრაზე დასმულ ძირითად პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://tdi.ge/ge/politikur-partiata-xedva-sakartveloshi-religiis-tavisuplebis-sakitxebze