შეხვედრა რესტიტუციის და „თანდოიანცის“ ეკლესიის საკითხზე
27 მარტს, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ორგანიზებით, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „თანდოიანცის“ ეკლესიის საქმე და რელიგიური გაერთიანებების საკულტო ნაგებობების რესტიტუციის პრობლემა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელოვნებათმცოდნეები, რელიგიური გაერთიანებების ლიდერები. შეხვედრის მიზანი იყო მოწვეული სტუმრებისთვის “თანდოიანცის” სომხურ ეკლესიასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესისა და ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის შედეგების გაცნობა, ასევე, საბჭოთა პერიოდში რელიგიური გაერთიანებებისათვის ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების რესტიტუციის პრობლემაზე მსჯელობა.
შეხვედრას უძღვებოდნენ TDI-ის გამგეობის წევრი მაკო ღავთაძე და EMC-ის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე. მონაწილეებს მიესალმა კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (EWMI/PROLoG) მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მიმართულების დირექტორი ეკატერინე ბოკუჩავა.
მრგვალი მაგიდის პირველი ნაწილი ისტორიული სომხური ეკლესიის - “თანდოიანც სურბ ასტვაწაწინის” (თანდოიანცის ღვთისმშობლის ეკლესია) საპატრიარქოსთვის საკუთრების უფლებით გადაცემის საკითხს მიეძღვნა. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ინტერესებს “თანდოიანცის” ეკლესიის საქმეზე TDI და EMC იცავენ სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში. შეხვედრაზე, ორივე ორგანიზაციის იურისტებმა - გვანცა ლომაიამ და ეთო გვრიტიშვილმა დამსწრეებს გააცნეს ეკლესიის გადაცემის სამართლებრივი შეფასება და მიმდინარე პროცესი.
მონაწილეებს სიტყვით მიმართა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მან ისაუბრა საქართველოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ისტორიასა და წვლილზე. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ეპარქია ჩამორთმეული ისტორიული ტაძრების დაბრუნების მოლოდინშია. ის ტაძრებიც კი, რომლებშიც ეპარქია მსახურობს, სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს. ეპისკოპოსის განცხადებით, თბილისში არსებული 7 ისტორიული ტაძრის ბედი დღემდე გაურკვეველია. მათ შორის, ეკლესიისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი აღმოჩნდა 2017 წელს თანდოიანც სურბ ასტვაწაწინის სომხური ტაძრის საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზე გადაცემის ფაქტი. ეპისკოპოსმა ვაზგენმა აღნიშნა, რომ ისტორიული საკუთრების დაბრუნების გარდა, მნიშვნელოვანია შენარჩუნებული იყოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა.
ხელოვნებათმცოდნე ნატალია ჩიტიშვილმა წარადგინა თანდოიანცის ეკლესიის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის შედეგები, რომელიც ისტორიულ მასალაზე, რუკებზე, საარქივო დოკუმენტებზე და სხვა მნიშვნელოვან წყაროებზე დაყრდნობით მოწმობს, რომ აღნიშნული ნაგებობა საბჭოთა ოკუპაციამდე ნამდვილად სომეხთა სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნოდა.
ასევე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა არუსიაკ ტერჩანიანმა მიმოიხილა ის საარქივო და ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც თანდოიანცის ეკლესიის სომხურ წარმომავლობას ადასტურებს.
შეხვერაზე ICOMOS საქართველოს წარმომადგენელმა, არქიტექტორ-რესტავრატორმა ნატო ცინცაბაძემ თანდოიანცის ეკლესიასთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ავთენტურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ყურადღება უნდა მიექცეს არა ეკლესიის არქეოლოგიური ფენების გამოკვლევას, არამედ არსებული ნაგებობის კულტურული მნიშვნელობისა და ღირებულების შენარჩუნებას.
შეხვედრის მეორე ნაწილი ზოგადად რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნების საკითხს მიეძღვნა. აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ სიტყვით გამოვიდნენ სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი თათული თოდუა, კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი მარკუს შოხი.
თათული თოდუამ მიმოიხილა საქართველოს სახალხო დამცელის რეკომენდაციები სახელმწიფოსადმი, რომლებიც შეეხება როგორც სისტემური სახით გასატარებელ ღონისძიებებს, ასევე კონკრეტულ საქმეებს (მოხის მეჩეთი, თბილისში თანდოიანცის ეკლესია). რესტიტუციის საკითხებთან დაკავშირებული სახალხო დამცველის რეკომენდაციები უკვე 10 წელზე მეტს ითვლის, თუმცა მათ შესასრულებლად სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადაუდგამს. თოდუას თქმით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერები კი პირიქით, აბრკოლებს რელიგიური უმცირესობებისათვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების საკუთრებაში გადაცემას. თათული თოდუამ აღნიშნა, რომ რელიგიური გაერთიანებების საკულტო ნაგებობების დაბრუნების პრობლემაზე მუდმივად საუბრობს ასევე სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო.
ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ისაუბრა რესტიტუციის პრობლემაზე და მიმოიხილა იმ კათოლიკური ტაძრების ბედი, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გადაეცა და რომელთა დაბრუნებას კათოლიკე თემი ამ დრომდე ვერ ახერხებს. ეპისკოპოსის თქმით, აღნიშნულ ტაძრებს, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, ეცვლებათ იერსახე და მიზანმიმართულად იშლება კათოლიკური კვალი.
ევანგელურ ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა ისაუბრა საქართველოში გერმანელების და ლუთერული ეკლესიის ისტორიასა და წვლილზე, ჩამორთმეულ ეკლესიებზე, სასწავლებლებლებსა და სხვა ტერიტორიებზე. თბილისსა და რეგიონებში არაერთი ევანგელურ-ლუთერული ეკლესია მოქმედებდა, რომელთა ნაწილი საბჭოთა პერიოდში დაანგრიეს, ნაწილს დანიშნულება შეუცვალეს. ეპისკოპოსის თქმით, ამჟამად ასურეთში, ბოლნისსა და თრიალეთში არის ძველი ლუთერული ეკლესიები, თუმცა მათ დაბრუნებას ან სარგებლობას ეკლესია წლებია ვერ ახერხებს. თბილისში მოქმედი ეკლესიაც კი ამჟამად არ წარმოადგენს რელიგიური გაერთიანების საკუთრებას და მისი მესაკუთრე სახელმწიფოა.
ეპისკოპოსი შოხი შეეხო ასევე სახელმწიფოს მხრიდან რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხსაც. 2014 წლიდან, სახელმწიფო ყოველწლიურად 4 რელიგიურ გაერთიანებას აფინანსებს მიყენებული ზიანის კომპენსაციის მიზნით, თუმცა ამ რელიგიურ გაერთიანებებს შორის არ არის არც ევანგელურ-ლუთერული და არც სხვა გაერთიანებები, რომლებსაც ასევე მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი საბჭოთა რეპრესიების შედეგად.
შეხვედრაზე, დისკუსიის ნაწილში, დამსწრეებმაც ისაუბრეს რესტიტუციის პრობლემაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოქმედ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ბუფერული დანიშნულება აქვს, ის ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და თავს არიდებს რესტიტუციის პრობლემას. მონაწილეთა თქმით, საკითხის მოგვარება და რელიგიური გაერთიანებებისათვის თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე, რომელიც არ არსებობს; პრობლემები კი ხშირად ეთნოცენტრიზმსა და საბჭოთა ეთნონაციონალიზმის დღემდე არსებულ გავლენას ეფუძნება. აღინიშნა, რომ სასამართლოსთვის მიმართვა, ამ ეტაპზე, რესტიტუციის საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ყველაზე ადეკვატური საშუაალებაა.
შეხვედრა გაიმართა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერი იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG), რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.