აშშ-ის რელიგიის თავისუფლების ანგარიში საქართველოს შესახებ
29 მაისს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის რელიგიის თავისუფლების ანგარიში საქართველოს შესახებ.
ანგარიშში საუბარია, სახელმწიფოს რელიგიურ პოლიტიკაზე, 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებზე, რელიგიური მოტივით ჩადენილ სამართალდარღვევებსა და არაეფექტურ გამოძიებაზე, დისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებულ პრივილეგიებზე, უმცირესობათა საკულტო ნაგებობების მშენებლობისას შექმნილ დაბრკოლებებსა და საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, საჯარო სასწავლო დაწესებულებებში რელიგიური ნეიტრალობისა და სეკულარობის პრინციპების დარღვევებზე, სიძულვილის ენის პრობლემაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების მდგომარეობაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები, მათ შორის ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის პოზიცია რელიგიის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკასთან დაკავშირებით.
ანგარიშში ყურადღება ეთმობა 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს, რომლითაც რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა არაგანჭვრეტადი საფუძვლებით, მათ შორის “სახელმწიფო უსაფრთხოების” მოტივით გახდა შესაძლებელი. ცვლილებები უარყოფითად შეაფასეს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ, ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ და იურისტებმა. შედეგად, პარლამენტმა მოახდინა ახალი ცვლილებების ინიცირება და პრობლემური ჩანაწერები ამოიღო კონსტიტუციის რელიგიის თავისუფლების დაცვის მუხლიდან.
ანგარიშში საუბარია რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკასა და გამოძიებაზე. საანგარიშო პერიოდში ამგვარი დანაშაულების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, თუმცა, აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველისა და TDI-ის შეფასებებით, გამოძიება კვლავ არაეფექტურია. გამოუძიებელია გასულ წლებში ჩადენილი არაერთი შემთხვევა. მაგალითად, 2015 წელს თბილისში, ვარკეთილში მდებარე იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზისთვის ცეცხლსასროლი იარაღით სროლის ფაქტზე გამოძიებას დღემდე არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.
ანგარიში მიმოიხილავს არადომინანტი რელიგიური გაერთიანებებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან შექმნილ დაბრკოლებებს ახალი საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესში. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის შეფასებით, პრობლემა განპირობებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არსებული მიკერძოებული დამოკიდებულებით. TDI აღნიშნავს, რომ ახალი საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვების პროცესში, პრობლემურია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს როლი, რომელიც შესაბამისი ლეგიტიმაციისა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, გავლენას ახდენს არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მშენებლობის ნებართვების გაცემის გადაწყვეტილებაზე.
საუბარია ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე. 2017 წელს, ბათუმის მერიამ ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდს უარი უთხრა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. EMC-ის შეფასებით, მერის გადაწყვეტილება იყო უკანონო, დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, TDI და EMC მუსლიმების ინტერესებს იცავენ სასამართლოში.
ანგარიშში განხილულია პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოქმედი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობა. ანგარიში მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებზე, რომლის თანახმად სააგენტოს საქმიანობა არ არის გამჭვირვალე და არის მიკერძოებული მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიმართ. მიმოხილულია ასევე სოფელ მოხეში არსებული სადაო ნაგებობის საკითხი. სახალხო დამცველის ოფისის განმარტებით, რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიერ შექმნილმა კომისიამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება მოხეში მდებარე შენობის წარმომავლობის დადგენისა და საკუთრების საკითხის გადაწყვეტის კუთხით.
ანგარიშში საუბარია რესტიტუციის საკითხზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც არადომინანტ რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მცდელობისას ექმნებათ.
ყურადღება ეთმობა საჯარო სკოლებში დისკრიმინაციისა და რელიგიური ნეიტრალობის დარღვევის შემთხვევებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონის თანახმად სკოლა უნდა იყოს ნეიტრალური, იკრძალება რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით განთავსება, ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი, საჯარო სკოლებში ხშირად ირღვევა აღნიშნული მოთხოვნები. მაგალითვისთვის, ანგარიშში საუბარია საგაკვეთილო პროცესის დროს მართლამდიდებელი სასულიერო პირების მიერ ჩატარებული ლოცვისა და რელიგიური რიტუალების არაერთ შემთხვევაზე.
მიმოხილულია კანონმდებლობაში არსებული დისკრიმინაციული ნორმებიც, რომლებიც, მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს სხვა რელიგიურ გაერთიანებებს. ხაზგასმულია საგადასახადო კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონებში არსებული დისკრიმინაციის საკითხი. აღნიშნული ნორმები რელიგიურმა გართიანებებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩვრეს. მათ ინტერესებს TDI და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი იცავენ.
ანგარიშში საუბარია რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების სახელმწიფო პოლიტიკაზე. აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები კრიტიკულად აფასებენ დაფინანსების არსებულ პრაქტიკას.
მიმოხილულია საზოგადოებაში არსებული განწყობებიც და ნაციონალისტური ჯგუფების მიერ უცხოლების წინააღდეგ გამართული გამოსვლები. აღნიშნულია, რომ ამ ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი ქართული ოცნების მთავრობის დიასპორის საკითხების მინისტრის ყოფილი მოადგილეა.
ყურადღება ეთმობა სიძულვილის ენის გამოყენების საკითხს. მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ წარმოებული მონიტორინგის თანახმად, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში სატელევიზიო, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში პოლიტიკოსების, სასულიერო პირების, საჯარო პირების მიერ რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით სიძულვილის ენის გამოყენების 92 შემთხვევა დაფიქსირდა. ამათგან, 49 განცხადება იყო ისლამოფობური და თურქოფობული.
ანგარიშში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რელიგიური საქმიანობის შეზღუდვისა და დისკრიმინაციის ფაქტებზეც. 2017 წელს, რუსულმა სამხედრო ძალებმა, სამხედრო პოლიგონისთვის გზის გასაყვანად, სოფელ წებელდაში დაანგრიეს და გაანადგურეს მე-19 საუკუნის ეკლესია და სასაფლაო. ასევე აღნიშნულია, რომ 2017 წლის ოქტომბერში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო “უზენაესმა სასამართლომ” აკრძალა იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა. აკრძალვა მოქმედებს აფხაზეთშიც.