რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით შსს-მ პირი დააკავა
7 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილი რასობრივი დისრკიმინაციის[1] ბრალდებით, პირი დააკავეს[2] . დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
TDI იცავს კამერუნის რესპუბლიკის მოქალაქის, გ. მ.-ს ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ქალაქ რუსთავის ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსში მის მიმართ რასობრივი შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებულ ძალადობის ფაქტს უკავშირდება.
დაზარალებული 29 ნოემბერს, დაახლოებით საღამოს 7 საათზე, ქალაქ რუსთავის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდა. გ.მ.-ს განმარტებით, სამარშრუტო ტაქსში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა, კანის ფერის გამო მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, მის მიმართ იყენებდა სიძულვილის ენას რასობრივი ნიშნით, ეუბნებოდა, რომ მისი ადგილი საქართველოში არ იყო, რომ იგი თავის ქვეყანაში უნდა გაბრუნებულიყო, ასევე, უწოდებდა მას “ზანგს.” სიტყვიერი შეურაცხოფის შემდეგ, აღნიშნულმა პირმა დაიწყო ფიზიკური ძალადობა და გ.მ-ს თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. სამარშრუტო ტაქსიდან ჩასვილის შემდეგ, მოძალადე ქუჩაშიც განაგრძობდა გ.მ.-სთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას.
ძალადობის მსხვერპლმა საკუთარი მობილური ტელეფონის საშუალებით აღნიშნული ინციდენტის ნაწილის გადაღება მოახერხა, რაც მედიითაც გავრცელდა.[3] მომხდარის შესახებ მან ასევე დაუყოვნებლივ შეატყობინა საპატრულო პოლიციას, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა) დაიწყო. დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია.
საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ძალადობის მსხვერპლი ინციდენტის დღესვე, 29 ნოემბერს გამოიკითხა. სამედიცინო ექსპერტიზა მას მომდევნო დღეს ჩაუტარდა. გამოკითხულია ასევე მოწმე, რომელიც სამარშრუტო ტაქსიდან გადმოსვლის შემდეგ ძალადობის ქუჩაში გაგრძელების ეპიზოდს შეესწრო.
საქმეში ჩართვისთანავე, TDI-მ გ.მ.-სთვის დაზარალებულის სტატუსის, ხოლო საქმისათვის რასობრივი დისკრიმინაციის კვალიფიკაციის მინიჭება მოითხოვა. 4 დეკემბერს დანაშაულის ჩამდენი პირის ამოცნობის პროცედურაც ჩატარდა, ხოლო 6 დეკემბერს რასობრივი შეუწყნარებლობის ნიადაგზე ძალადობის მსხვერპლს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 142 პრიმა მუხლით - რასობრივი დისკრიმინაცია გადაკვალიფიცირდა.
სისხლის სამართლის გამოძიებაზე მონიტორინგის მიზნით, TDI-მ მიმართა საქართველოს შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტსაც, რათა საქმეზე უზრუნველყოფილი იყოს დროული რეაგირება და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობა.
საყურადღებოა, რომ უკანასკნელ პერიოდში გახშირდა რასიზმისა და სიძულვილით მოტივირებული ქმედების შემთხვევები. მსგავსი შეუწყნარებლობის მსხვერპლი, ყველაზე ხშირად, აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენელი პირები ხდებიან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა უწყებებმა მოახდინონ მყისიერი და ადეკვატური რეაგირება სიძულვილის მოტივით ჩადენილ ყოველ ქმედებაზე. ამავდროულად, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს როგორც პრევენციული ღონისძიებები, ისე მკაფიო სტრატეგია და პოლიტიკა რასიზმთან, ქსენოფობიათან და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის მიზნით.
TDI მიესალმება აღნიშულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულ და ეფექტიან რეაგირებას.
TDI ბენეფიციარებს იურიდიულ დახმარებას უწევს პროექტის "საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)" პროექტის ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.
[1] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტი
[2] https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministrom-rustavshi-rasobrivi-diskriminatsiis-braldebit-1-piri-daakava/12203
[3] www.inforustavi.ge 01.12.2018, იხ. ბმული: https://inforustavi.ge/?m=31&news_id=7901&fbclid=IwAR2RT72Vrqz1JLO1sz4uSqkLbgYeWhjN-RAYZfhRZAB7ELzUGXurSakyb5E