ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
აგვ/2019

23 აგვისტო: სტალინიზმის და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

23 აგვისტოს, ევროპა სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლებსა და რეპრესიებს იხსენებს.

ეს თარიღი ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის საერთო ევროპულ დღედ ევროპის პარლამენტმა  და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 2008-2009 წლებში დააწესეს. საქართველოს პარლამენტმა იგივე გადაწყვეტილება ერთი წლის შემდეგ, 2010 წლის 21 ივლისს მიიღო. 

სტალინიზმსა და ნაციზმს ერთ ისტორიულ მოვლენად, მსოფლიო ოფიციალურად 2008 წლიდან,  ე.წ. ”ევროპული სინდისისა და კომუნიზმის დეკლარაციის” მიღების შემდეგ აფასებს. ამ დეკლარაციის ავტორები არიან ევროპის პარლამენტის წევრები და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი, ცნობილი დისიდენტი, ვაცლავ ჰაველი. 

23 აგვისტო სიმბოლური თარიღია. სწორედ ამ დღეს, 1939 წელს, საბჭოთა კავშირსა და ფაშისტურ გერმანიას შორის გაფორმდა თავდაუსხმელობის (ე.წ. რიბენტროპ-მოლოტოვის) პაქტი, რითაც ტოტალიტარულმა რეჟიმებმა ევროპა გავლენის სფეროებად დაინაწილეს. ამ მოვლენას შემდგომში მოჰყვა სისხლისმღვრელი ომები, მასობრივი დეპორტაციები და კაცობრიობის წინააღმდეგ, ფაშიზმისა და კომუნიზმის სახელით ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები. 

საბჭოთა დროს  პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი მილიონობით ადამიანი გახდა. სტალინიზმისა და წითელი ტერორის შედეგები საქართველოში ჯერ კიდევ  სათანადოდ არ არის გააზრებული და შეფასებული. 

1937-1938  წლებში საქართველოში “დიდ ტერორს” 29,051 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის – 14,372 დახვრიტეს, 14,679 – გადაასახლეს. საბჭოთა რეპრესიებს შეეწირნენ ცნობილი ქართველი მწერლები და მოღვაწეებიც, მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე, პაოლო იაშვილი, სანდრო ახმეტელი, დიმიტრი შევარდნაძე და სხვები, რომლებმაც ქართული კულტურის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს.