სასამართლომ ბათუმის მეჩეთის საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა
დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა - ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა დისკრიმინაცია, ბათილად ცნო ბათუმის მერიის გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემაზე უარის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად ბათუმის მერიას დაუბრუნა. შესაბამისად, ბათუმის მერიამ ხელახლა უნდა იმსჯელოს ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის საკითხზე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, პირდაპირ დავალებოდა ბათუმის მერიას მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემა.
მისასალმებელია, რომ სასამართლომ დისკრიმინაციულად შეაფასა მერიის გადაწყვეტილება. უთანასწორო მოპყრობას საფუძვლად უდევს ფაქტი, რომ იგივე საცხოვრებელ ზონაში შვიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა აშენებული, მათ შორის რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. მოსამართლემ აღნიშნა, რომ მერიის მიდგომა ორი სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის მიმართ უთანასწოროა.
ამავდროულად მიგვაჩნია, რომ დისკრიმინაციის დადგენის შემთხვევაში სასამართლოს დავა არსებითად უნდა გადაეწყვიტა, სრულად დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა და ბათუმის მერიისთვის პირდაპირ დაევალებინა მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლოში მიმდინარე დავა შეეხება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის თაობაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნებართვის გაცემაზე უარის კანონიერებასა და რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას. სახელმწიფომ არ გაითვალისწინა ბათუმში მცხოვრები მუსლიმი თემის მრავალწლიანი მოთხოვნა და საჭიროება, აეშენებინათ ახალი მეჩეთი. როდესაც ბათუმის მერიამ არ გასცა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისათვის შესაბამისი ნებართვა, ამით სახელმწიფომ პრაქტიკულად უარი განუცხადა მუსლიმებს, ესარგებლათ რელიგიის თავისუფლებით და სხვა ფუნდამენტური უფლებებით.
***
ხელისუფლების მხრიდან მრავალჯერადი, უშედეგო დაპირების შემდეგ, „ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფმა“ 2016 წელს 12 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა და მეჩეთისათვის მიწის გამოყოფის თხოვნით აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიასა და საქართველოს მთავრობას მიმართა, თუმცა არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით შემხვედრი ნაბიჯები არ გადაუდგამს და კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღია.
ამის შემდეგ, „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ საკუთარი სახსრებით მიწის ნაკვეთი შეისყიდა და მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით 2017 წელს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. მუსლიმ თემს ადგილობრივმა თვითმმართველობამ უარი უთხრა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. 2017 წლის ივნისში მუსლიმთა საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელის ძირითადი მოთხოვნა მუსლიმი თემის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილებაზე ბათუმის მერიის უარის ბათილად ცნობა, მერიისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის დავალება, და ასევე რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მისი შედეგების აღმოფხვრაა. იმ პირობებში, როდესაც ქალაქ ბათუმში, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს, არაერთი საეკლესიო ნაგებობაა აშენებული და ზოგიერთ შემთხვევაში მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთი მართლმადიდებელ ეკლესიას სწორედ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადასცა, სახელმწიფოს მიერ მუსლიმი თემისთვის საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის სამართლებრივი შესაძლებლობის შეზღუდვა, რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციაზე მიანიშნებს.
ბათუმის მერიის გადაწყვეტილების კანონიერება 2017 წელს სახალხო დამცველმა შეისწავლა და დაადგინა, რომ გადაწყვეტილება საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშე იყო მიღებული. სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ბათუმის მერიას და მშენებლობის ნებართვაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, ახალი დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
ბათუმში მუსლიმების სალოცავი სივრცის პრობლემა და სახელმწიფო პოლიტიკა კრიტიკულადაა შეფასებული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც.
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე მუსლიმი თემის ინტერესებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) წარმოადგენენ.
TDI სტრატეგიულ სამართალწარმოებას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.