"არა ფობიას" ზაზა აბაშიძის ეთნიკური სიძულვილის შემცველ განცხადებაზე
სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ შეშფოთებას გამოხატავს სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა (ზაალ) აბაშიძის, მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული ეთნიკური სიძულვილის შემცველი კომენტარის გამო.
მარნეულსა და ბოლნისში საკარანტინო ზონის გამოცხადებას საზოგადოების მხრიდან მოჰყვა აგრესია ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ, რის შესახებ პლატფორმამ უკვე გააკეთა განცხადება და მოუწოდა მედიას, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს არადისკრიმინაციული ინფორმაციის გავრცელებისა და ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერისკენ.
სამწუხაროდ, აგრესიის ტალღა კვლავაც გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის, პირად ფეისბუკ პროფილით გაკეთდა კომენტარი, რომლის თანახმადაც მარნეულის სოფლის მაცხოვრებლები უნდა „ჩაკეტონ და ამოხოცონ“, რასაც თან ერთვის გინება. კიდევ ერთ კომენტარში ზაზა აბაშიძემ მარნეულელებს ვირუსის პოტენციური გამავრცელებლები, მკვლელები უწოდა, აგინა მათ და გაიმეორა, რომ ისინი უნდა გამოკეტონ.
გარდა ამისა, სოფელ მუშევნის მოსახლეობასა და ექიმებს შორის დაპირისპირებაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, განაცხადა, რომ, მისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, თითქოს ადგილობრივი მოლა და მუფთი „ცუდ როლს თამაშობენ“ საკარანტინო ზონაში. მოგვიანებით ამირან გამყრელიძემ ბოდიში მოიხადა ამ სიტყვებისათვის და განმარტა, რომ მისი მთავარი გზავნილი იყო ეთნიკური უმცირესობისათვის გასაგებ ენაზე ვირუსის შესახებ ცნობიერების, საგანმანათლებლო ურთიერთობის გაძლიერება, რელიგიური ლიდერებისა და ადგილობრივი საჯარო პირების მეტი ჩართულობით.
პლატფორმისათვის კატეგორიულად მიუღებელია ზაზა აბაშიძის კომენტარები. მისი პოზიცია აღვივებს ეთნიკურ შუღლს და გამოხატავს არაჰუმანურ დამოკიდებულებას ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ, რითიც ხელს უწყობს ისედაც მოწყვლადი უმცირესობის საზოგადოებისგან უფრო მეტად გარიყვას. აღსანიშნავია, რომ ზაზა აბაშიძე ხელმძღვანელობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, რომელიც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ მოქალაქეთა გადასახადებით ფინანსდება, ხოლო ამ პოზიციამდე იგი რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარე იყო. აღსანიშნავია, რომ რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი დააფუძნა ა.მ. გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა, რომლის თავმჯდომარეა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
პლატფორმისათვის ასევე მიუღებელია ამირან გამყრელიძის თავდაპირველი განცხადება, რომლითაც იგი სოფელ მუშევნის მოსახლეობასა და ექიმებს შორის კონფლიქტს მუსლიმ სასულიერო პირებს უკავშირებს, რაც რელიგიური უმცირესობის მიმართ დისკრიმინაციის წამახალისებელია. მისასალმებელია, რომ ამირან გამყრელიძემ მოგვიანებით გააკეთა განმარტებები მის განცხადებასთან დაკავშირებით, თუმცა არსებული აგრესიის ტალღის ფონზე, ნებისმიერი კომენტარი, რომელიც ხელს უწყობს კონკრეტული ჯგუფის სტიგმატიზაციას, დამაზიანებელი და მიუღებელია.
შექმნილი ვითარების ფონზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის პარალელურად კრიტიკულად აუცილებელია ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობაზე ზრუნვა, ეთნიკური სიძულვილის შემცველი და არაჰუმანური დამოკიდებულებები უფრო მეტად ართულებს ამ პროცესს.
მოვუწოდებთ:
- საქართველოს მთავრობას/საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, დაუყოვნებლივ განიხილონ ზაზა აბაშიძის დაკავებული თანამდებობიდან მოხსნის საკითხი;
- ხელისუფლების წარმომადგენლებს, გააკეთონ ცხადი გზავნილები ქსენოფობიური ტალღის წინააღმდეგ და ჰქონდეთ რეაგირება თითოეულ ასეთ შემთხვევაზე, მათ შორის საჯარო მოხელეების მიერ სიძულვილის ენის გამოყენებაზე;
- საჯარო პირებსა და პოლიტიკოსებს, გააკეთონ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები და ამით წვლილი შეიტანონ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საზოგადოებრივ ინტეგრაციაში.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საფარი
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)