ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ივლ/2009

TDI-მ და Forum 18-მა გაეროში UPR-ის ფარგლებში რელიგიის თავისუფლების ანგარიში წარადგინეს

9 ივლისს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) და Forum 18-მა ერთობლივი ანგარიში წარადგინეს გაეროს პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში (UPR). ანგარიშში შეფასებულია საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა და წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები. 

ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე, ინგლისურ ენაზე. 

2015 წელს, უნივერსალური პერიოდული ანგარიშის მიმოხილვის ფარგლებში, საქართველოსთან მიმართებით, რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით 16 რეკომენდაცია გაიცა. საქართველომ 15 რეკომენდაცია შესრულების ვალდებულებით მიიღო. მიღებული რეკომენდაციების უმეტესობა დღეის მდგომარეობით არ შესრულებულა და აქტუალობას კვლავ ინარჩუნებს. 

TDI-სა და Forum 18-ის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებით ყველა ვერ სარგებლობს თანაბრად და არსებობს უთანასწორო გარემო. აუცილებელია როგორც პრაქტიკული, ისე საკანონმდებლო ზომების მიღება, რომ ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმების შესაბამისად დაცული იყოს ყველას რელიგიისა და რწმენის თავისუფლება. 

ანგარიშში საუბარია 2014 წელს შექმნილი სამთავრობო სტრუქტურის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უარყოფით როლზე საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით. ანგარიში ყურადღებას უთმობს როგორც სააგენტოს ღიად დეკლარირებულ მიზნებს, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებზე კონტროლის გაძლიერებას გულისხმობს, ასევე სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ დისკრიმინაციულ საკანონმდებლო ინიციატივებს. ასევე საუბარია იმ ხელოვნურ ბარიერებზე, რომელსაც სააგენტო არამართლმადიდებელი რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ ქმნის რელიგიური შენობა-ნაგებობების მშენებლობის დროს. 

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს კანონმდებლობაში არსებულ დისკრიმინაციულ ნორმებზე, რომელიც პრივლეგირებულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და უთანასწორო პირობებს ქმნის არადომინანტი რელიგიური ჯგუფებისთვის. ანგარიში მიმოიხილავს 2018 წლის 3 ივლისის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, სადაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ის დისკრიმინაციული ნორმები, რომლებიც ექსკლუზიურ პრივილეგიებს ანიჭებდა საქართველოს საპატრიარქოს. 

ანგარიშში საუბარია რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებსა და სახელმწიფოს უმოქმედობაზე, მათ შორის 2012-2016 წლებში მუსლიმთა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დარღვევის რვა მასშტაბურ შემთხვევაზე. ამ დანაშაულების უმეტეს შემთხვევაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია, ან გამოძიება დღემდე უშედეგოდ გრძელდება. საუბარია ასევე 2013 წელს „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ ყოფილი შეიხის, ვაგიფ აქპეროვის თანამდებობიდან იძულებით გადაყენების შემთხვევაზე. 

ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა არადომინანტური რელიგიური ჯგუფებისთვის რელიგიური ნაგებობების მშენებლობის პროცესში შექმნილ ხელოვნურ ბარიერებს, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად, ხშირად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქმნიან. ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ შექმნილი დაბრკოლებები სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. დოკუმენტში მიმოხილულია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ქონების რესტიტუციის პრობლემა და საქართველოს საპატრიარქოსთვის სხვა რელიგიური გაერთიანებების ისტორიული ქონების უკანონოდ გადაცემის პრაქტიკა. 

ანგარიში  ყურადღებას ასევე ამახვილებს რელიგიური უმცირესობებისთვის სახელმწიფო საზღვარზე შექმნილ დაბრკოლებებზე, მათ შორის რელიგიური ლიტერატურის შემოტანისას ცენზურის უკანონო პრაქტიკაზე.

საქართველოს საჯარო სკოლებში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დარღვევა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ხშირია მართლმადიდებლური რელიგიის სასარგებლოდ ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის, ასევე რელიგიური ნივთების არააკადემიური მიზნებით გამოყენების პრაქტიკა. პრობლემურია სასკოლო სახელმძღვანელოების შინაარსიც, რომელიც არ ასახავს საქართველოს რელიგიურ, ეთნიკურ თუ კულტურულ მრავალფეროვნებას და აძლიერებს სხვადასხვა რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფის მიმართ არსებულ სტერეოტიპებს. 

ანგარიშში ყურადღება ასევე ეთმობა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ დისკრიმინაციულ პრაქტიკას, რომელიც სახელმწიფო დასვენების დღეებად 7 სეკულარულ და 10 მართლმადიდებლურ დღესასწაულს ითვალისწინებს, ხოლო არადომინანტური რელიგიური ჯგუფები საკუთარ დღესასწაულებს ვერ აღნიშნავენ. 

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის პროცესს გაეროს წევრ ქვეყნებში. წევრი სახელმწიფოები ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენენ ყოველ 4.5 წელიწადში. სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ოფიციალური ანგარიშისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ალტერნატიული ანგარიშების მიხედვით, სახელმწიფოს მიმართ გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები. სახელმწიფო, რეკომენდაციების მიღების შემთხვევაში, ასევე იღებს ვალდებულებას მათ შესრულებაზე. UPR-ის მესამე ციკლის ფარგლებში საქართველოს ანგარიშის განხილვა გაიმართება 2021 წლის დასაწყისში, გაეროში, UPR-ის სამუშაო ჯგუფის 37-ე სესიაზე.