ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ივლ/2010

TDI-მ და CPD-მ გაეროში UPR-ის ფარგლებში ანგარიში წარადგინეს: რასიზმი, ეთნიკური უმცირესობები

9 ივლისს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) და ჩართულობისა და განვითარების ცენტრმა (CPD) ერთობლივი ანგარიში წარადგინეს გაეროს პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში (UPR). ანგარიშში შეფასებულია საქართველოში რასიზმის, უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობის, პოპულისტური, ფაშისტური და ძალადობრივი ჯგუფების ზრდისა და გაძლიერების, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და სამოქალაქო ჩართულობის მხრივ არსებული მდგომარეობა.

ანგარიშში მიმოხილულია შემდეგი ძირითადი საკითხები:

რასიზმი და ანტიმიგრანტული განწყობები:

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ცხადად გამოვლინდა უცხო ქვეყნების (განსაკუთრებით აზიისა და აფრიკის) წარმომადგენლებისა და მიგრანტების მიმართ ძალადობის, აგრესიისა და ქსენოფობიის მზარდი ტენდენცია.

სახელმწიფოს არ აქვს სპეციალური სტრატეგია, პროგრამა და პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება რასიზმისა და ქსენოფობიის დაძლევაზე.

საზოგადოებაში უცხოელებისა და მიგრანტების მიმართ უარყოფითი, ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას ხელს უწყობს პოლიტიკოსების პოპულისტური და ზოგჯერ სიძულვილის ენის შემცველი რიტორიკაც.

რასობრივი დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულები

2018 წლის სექტემბერში, სავარაუდო რასობრივი შეუწყნარებლობის საფუძველზე მოკლეს უფლებადამცველი, საქართველოს მოქალაქე ვიტალი საფაროვი. ამავე პერიოდში გამოვლინდა უცხოელთა მიმართ რასობრივი შეუწყნარებლობის საფუძველზე ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები.

ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული დაბრკოლებები

ცალკეული ორგანიზებული ჯგუფების მიერ რასისტული და ქსენოფობიური ნიშნით ძალადობის გარდა, უცხოელებთან მიმართებით პრობლემურია სახელმწიფო პოლიტიკა. მაგალითად, აზიისა და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებისას უამრავ დაბრკოლებას აწყდებიან. სახელმწიფო მათ ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარს, ხშირად, დაუსაბუთებელი, სავარაუდო დისკრიმინაციული ნიშნით ეუბნება.

უცხოელების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის პრობლემა

ბოლო წლებში გამკაცრდა სახელმწიფო პოლიტიკა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთასთან მიმართებითაც. სახელმწიფო, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლებს (აზიისა და აფრიკის სახელმწიფოები) დაუსაბუთებელ უარს ეუბნება საქართველოს საზღვრის გადმოკვეთაზე.

უცხოელებისათვის დაწესებული საკანონმდებლო შეზღუდვები

2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრების უფლებით ფლობა ეზღუდებათ.

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და სამოქალაქო ჩართულობა

ანგარიშში ასახულია საქართველოში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევები და შესაბამისი რეკომენდაციები, კერძოდ, ეთნიკური უმცირესობების დაბალი პოლიტიკური და სამოქალაქო ჩართულობა და სახელმწიფო სტრუქტურებში წარმომადგენლობა, ტერიტორიული ნიშნით პოლიტიკური პარტიების შექმნის ხელშეშლის უარყოფითი გავლენები, სკოლებში სახელმწიფო ენისა და უმცირესობების ენებზე სწავლების ხარვეზები, უმცირესობათა ენებზე არსებული სახელმძღვანელოების ადაპტირებისა და მათი ეროვნულ სახელმწიფო მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხები, ასევე სასკოლო გარემოში არსებული დისკრიმინაციისა და რელიგიური ნეიტრალობის დარღვების პრაქტიკის შემთხვევები.

ძალადობრივი ჯგუფების გაძლიერება

ბოლო წლების განმავლობაში ნეოფაშისტური და სხვადასხვა სიძულვილის ჯგუფები საჯარო სივრცეში ხშირად ჩნდებიან და თავს ესხმიან კონკრეტული ეროვნებისა თუ იდენტობის მქონე ადამიანებს, მშვიდობიან მოქალაქეებს, უფლებადამცველებსა და აქტივისტებს.  მიუხედავად ძალადობრივი ქმედებებისა, სახელმწიფოს მათ ქმედებებზე არ აქვს ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება.

 

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის პროცესს გაეროს წევრ ქვეყნებში. წევრი სახელმწიფოები ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენენ ყოველ 4.5 წელიწადში. სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ოფიციალური ანგარიშისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ალტერნატიული ანგარიშების მიხედვით, სახელმწიფოს მიმართ გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები. სახელმწიფო, რეკომენდაციების მიღების შემთხვევაში, ასევე იღებს ვალდებულებას მათ შესრულებაზე. UPR-ის მესამე ციკლის ფარგლებში საქართველოს ანგარიშის განხილვა გაიმართება 2021 წლის დასაწყისში, გაეროს 37-ე სესიაზე.