TDI-მ რელიგიური ქონების რესტიტუციის პოლიტიკის დოკუმენტი გამოაქვეყნა
30 ივლისს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) გამოაქვეყნა საქართველოში საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის პოლიტიკის დოკუმენტი.
დოკუმენტი მიმოიხილავს საქართველოში რელიგიური გაერთიანებების ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ევროპული ქვეყნების გამოცდილებას რესტიტუციის პოლიტიკის შესახებ ს და სახელმწიფოს სთავაზობს შესაბამის რეკომენდაციებს რესტიტუციის პოლიტიკის გასატარებლად. პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე, TDI, რელიგიურ გაერთიანებებთან ერთად, იწყებს რესტიტუციის საკითხის აქტიურ ადვოკატირებას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.
XX საუკუნეში, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში, საქართველოში არსებულმა რელიგიურმა ჯგუფებმა დაკარგეს თავიანთი სათემო ქონება. საბჭოთა ხელისუფლებამ მათ ჩამოართვა როგორც რელიგიური, ისევე არარელიგიური დანიშნულების ქონება (საკულტო ნაგებობები, სასაფლაოები, სკოლები, მიწები და ა.შ.). საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სახელმწიფომ მიიღო კანონმდებლობა და მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს ჩამორთმეული ქონება. მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, სომეხთა სამოციქულო, კათოლიკე, ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიებს, მუსლიმ და იუდეურ თემს დღემდე არ დაბრუნებიათ ჩამორთმეული ქონების უდიდესი ნაწილი. მათი ისტორიული ქონების ერთი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაშია, მეორე კი, საქართველოს საპატრიარქოს ხელში აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, რომელთა მოვლა-პატრონობა და შენარჩუნება სახელმწიფოს ვალდებულებაა. რამდენადაც ქონება ისტორიულ და რელიგიურ მესაკუთრეებს არ დაბრუნებიათ, ძეგლებს განადგურების საფრთხეც ემუქრებათ.
დოკუმენტი ხელმისაწვდომია:
http://tdi.ge/sites/default/files/restituciis_politika_sakartveloshi.pdf
30 ივლისს გამართული პრეზენტაციის ვიდეო ჩანაწერი:
დოკუმენტი მომზადებულია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.