ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
აგვ/2017

სახალხო დამცველმა განათლების მინისტრს აბიტურიენტების საქმეზე ზოგადი წინადადებით მიმართა

TDI-ის განცხადების საფუძველზე, სახალხო დამცველმა ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზების პროცესში რელიგიური საჭიროებების გათვალისწინებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს წინადადებით მიმართა. საკითხი უკავშირდება ორი აბიტურიენტის საქმეს, რომლებმაც გამოცდების ეროვნულ ცენტრს შაბათ დღეს დანიშნული გამოცდის გადატანის თხოვნით რელიგიური მრწამსის გამო მიმართეს, რაზეც უარი მიიღეს. სახალხო დამცველის აპარატმა საკითხი რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის უფლების ჭრილში შეისწავლა.

სახალხო დამცველის განმარტებით, აბიტურიენტების ქმედება (შაბათ დღეს სეკულარულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარის თქმა) ექცევა რელიგიის თავისუფლებით დაცულ სფეროში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მხრიდან კი, არ მოხდა მათი ინდივიდუალური, რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე საჭიროებების გათვალისწინება და მისადაგება საგამოცდო თარიღებთან. მსგავსი ქმედებით, განმცხადებლები არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იმ აბიტურიენტებთან მიმართებით, რომელთა რწმენაც არ კრძალავს გარკვეულ დღეებში სეკულარულ ღონისძიებებში მონაწილეობას. 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამგვარ განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და რელიგიის თავისუფლებით დაცულ სფეროში ჩარევასთან ერთად, სახეზეა თანასწორობის უფლებაში არამართლზომიერი ჩარევის ფაქტიც.

სახალხო დამცველმა მიუთითა არსებულ საკანონმდებლო ხარვეზზეც. კერძოდ, ერთიანი ეროვნული გამოცდების მარეგულირებელი კანონმდებლობა არ იცნობს შესაძლებლობას აბიტურიენტმა მითითება გააკეთოს საკუთარ რელიგიურ საჭიროებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ერთიანი გამოცდების მარეგულირებელი კანონმდებლობა არ ადგენს რელიგიურ საჭიროებების გათვალისწინებასთან დაკავშირებულ ნორმებს. მითითებული რეგულაციის არარსებობა იწვევს რელიგიის თავისუფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერ ჩარევას.

იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იქნეს აცილებული როგორც რელიგიის თავისუფლებით, ასევე თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევა, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა განათლების მინისტრს, უზრუნველყოს იმგვარი ცვლილებების განხორციელება ნორმატიულ აქტებში, რომელიც გაითვალისწინებს რელიგიურ საჭიროებებს გამოცდების ორგანიზების პროცესში.

• • •

შეგახსენებთ, რომ ორმა აბიტურიენტმა, რომლებიც არიან მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრები, გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 30 ივნისს მიმართეს 18 ივლისს დანიშნული გამოცდის გადატანის თხოვნით. რელიგიური მრწამსის გამო, მათ არ შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ გამოცდაში შაბათ დღეს. ცენტრმა მათ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებელი უარი უთხრა, რითაც დაირღვა განმცხადებლების რელიგიის თავისუფლება, განათლებისა და თანასწორობის უფლება. 

შესაბამისად, TDI-მ, რომელიც იცავს ორი აბიტურიენტის ინტერესებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით 15 ივლისს მიმართა. განცხადებით მოთხოვნილი იყო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დავალებოდა დაგეგმილი ერთიანი ეროვნული გამოცდის გადატანა 17 ან 19 ივლისს, ან ნებისმიერ სხვა დღეს, გარდა შაბათისა. საყურადღებოა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გამოცდების განრიგით, ინგლისური ენის გამოცდა დანიშნული იყო სამ სხვადასხვა დღეს - კერძოდ, 17, 18 და 19 ივლისს.

სასამართლოს განჩინების  საფუძელზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ორივე აბიტურიენტს ინგლისური ენის გამოცდა 19 ივლისს გადაუტანა.

 

TDI–ის პროექტი "რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა სტრატეგიული სამართალწარმოების გზით" ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)" პროექტის ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.