აპრილი ახალი წლის თვეა შრი-ლანკელებისთვის. ტრადიციული სინჰალური ახალი წელი (რომელსაც არამხოლოდ სინჰალელები აღნიშნავენ), როგორც წესი, 13 ან 14 აპრილს დგება, მას შემდეგ, რაც მზე თევზების სახლიდან ვერძის სახლში გადადის და ცაზე ახალი მთვარე გამოდის. გაზაფხული და მოსავლის აღების დრო სრულდება. შრი-ლანკელები ახალ წელს ყველგან აღნიშნავენ, სადაც არ უნდა იყვნენ, საკუთარ ქვეყანაში თუ ნებისმიერ ადგილას, დედამიწის გარშემო. ახალი წლის აღნიშვნის თანამედროვე ტრადიცია შრი-ლანკელებში უძველესი ადგილობრივი, ასტროლოგიური, ბუდისტური და ინდუისტური ტრადიციების ნაზავია. ახალი წლის აღსანიშნავი რიტუალების განუყოფელი ნაწილი სახალისო სპორტული შეჯიბრებებია.
საქართველოში შრი-ლანკელები ძირითადად მედიცინის შესასწავლად ჩამოსული ახალგაზრდები არიან. თბილისში დაახლოებით ასამდე შრი-ლანკელი სწავლობს. მათთვის 2018 წელს, ალიუთ ავიურადა (სინჰალური ახალი წელი), თბილისში, ყოფილი იპოდრომის მინდორზე დადგა.
შრი-ლანკელ და სხვა აზიელ სტუდენტებს საქართველოში პრობლემებიც ექმნებათ ქუჩაში გადაადგილებისას, ბინის ქირაობის, სწავლის თუ პოლიციასთან ურთიერთობის ეტაპზე, მაგრამ ამ ყველაფერზე, ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით.
© ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) | მრავალფეროვნების სახეები
ფოტო: ნინო ბაიდაური
2018