შეიძლება ბევრმა არც კი იცოდეს, რომ თბილისში ცხოვრობენ ვაიშნავები, მსოფლიოს უძველესი რელიგიის, ინდუიზმის ერთ-ერთი მთავარი თანამედროვე ტრადიციის წარმომადგენლები. „კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება“ - ასე ქვია რელიგიურ ჯგუფს, რომელიც ვაიშნავიზმის სკოლაა დასავლეთის კულტურებში.
ანთიმოზ ნაცვლიშვილი „კრიშნას ცნობიერების საზოგადოებას“ საქართველოში თითქმის დასაბამიდან მოყვება. იგი ვაიშნავების ჩვენებურ ამბავს მიზიარებს.
კრიშნას ცნობიერებამ საბჭოთა პერიოდში, რკინის ფარდიდანაც შემოაღწია. 80-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთის გავლით, ვაიშნავები საქართველოში გამოჩნდნენ. სწორედ იმ დროს, როცა იდევნებოდა განსხვავებული აზროვნება და რწმენა, კრიშნას ცნობიერებას საბჭოთა და ქართველი ახალგაზრდებისთვის ერთგვარი დისიტენტური მუხტი ჰქონდა.
ოთარ ნაჭყებია, სულიერი სახელით ამბარიშ პრაბჰუ, იყო პირველი ქართველი, რომელმაც საქართველოში ვაიშნავიზმის სკოლა დააფუძნა.
ისევე როგორც სხვა რელიგიურ ჯგუფებს, საბჭოთა ხელისუფლება ვაიშნავებსაც დევნიდა. მოძრაობის სათავეებთან მყოფი ახალგაზრდები საპატიმროში ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გამოამწყვდიეს, ნაწილმა სიცოცხლე იქვე დაასრულა.
ვაიშნავების რიცხვი საქართველოში საგრძნობლად შემცირდა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. რელიგიური თემი პროზელიტიზმს არ ეწევა, და მეორე მხრივ, ზედმეტ საჯაროობასაც ერიდებიან. ამის მიღმა კი, რელიგიურ მოტივების გარდა, ობიექტური მიზეზები და მოსალოდნელი სირთულეებია.
ანთიმოზ ნაცვლიშვილი: „ქართველი არ არის ბუნებით აგრესიული და მტრული. მაგრამ... ქვეყნის ისტორიას რომ გადახედო, საქართველო სულ თავდასხმის ობიექტი იყო და განადგურების საფრთხეს ელოდა. ალბათ ამიტომ, თითქოს გენეტიკურად გაგვიჯდა უცხოსგან მტრობის მოლოდინი. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ მთავარი ინსტიტუტებისთვის კონკურენტად აღიქმები და პირდაპირი მოწოდებებიც ჟღერდება, რომ სძულდე ხალხს. 90-იანების არეულ წლებში შეიარაღებული ხალხი თავს დაგვსხმია, იყო გაუთავებელი დაკითხვები უშიშროების სამსახურიდან. რაც უფრო უმეცარია ადამიანი, მით უფრო აგრესიული და დაუნდობელია განსხვავებულისადმი.
ერთი, რაც დასავლური ცნობიერებიდან უნდა გავითავისოთ, ისაა, რომ განსხვავებულს პატივს უნდა ვცემდეთ. ეს ყველას გვეხება. მე ვერ ვიტყვი, რომ კრიშნას ცნობიერება რომ იყოს გაბატონებული რელიგია, მისი მიმდევრები არ შეუქმნიდნენ დანარჩენებს იმ სირთულეებს, რასაც ახლა სხვები ქმნიან.
ქართული კულტურა, როგორც მას მე ვხედავ, ახლა კი გაუფასურებულია, მაგრამ თავისი არსით ამაღლებული და უნიკალურია. ის საწყისი და ღირებულებები, რაც დევს ქართულ კულტურაში, წარმოდგენები სიკეთესა და ბოროტებაზე, პატიოსნებასა და წესიერებაზე, ადამიანობაზე, საერთოა ვაიშნავიზმთანაც. რაც მეტი ცოდნა გაქვს, მით მეტი სინათლის მფლობელი ხარ, მით მეტად შეგიძლია მატერიალური სამყაროს ჭირ-ვარამს, ხიფათს და საცდურებს გაუმკლავდე. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ ცხოვრობ და არა როგორ ლაპარაკობ.“