ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
დეკ/2129

საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო რელიგიური ორგანიზაციების კიდევ ერთი სარჩელი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო რელიგიური ორგანიზაციების კიდევ ერთი სარჩელი, რომელიც რელიგიური ნაგებობების პრივატიზებას ეხება. ამის შესახებ საოქმო ჩანაწერი სასამართლომ 2021 წლის 28 დეკემბერს გამოაქვეყნა. მოსარჩელე რელიგიური გაერთიანებების ინტერესებს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) იცავს. 

მოსარჩელე შვიდი რელიგიური ორგანიზაციაა. ისინი კონსტიტუციური სარჩელით ითხოვენ “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში არსებული ჩანაწერის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებს უკრძალავს, სახელმწიფოსგან საკუთრებაში მიიღონ რელიგიური და საკულტო ნაგებობები როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლოდ. კერძოდ, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად: 

“პრივატიზებას არ ექვემდებარება … რელიგიური და საკულტო ნაგებობები (მოქმედი და უმოქმედო), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ისინია განთავსებული.”

აღნიშნული აკრძალვა რელიგიური დანიშნულების ნაგებობის პრივატიზებას უკრძალავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, მათ შორის, იმ რელიგიურ ორგანიზაციებს, რომელთაც წარსულში ეკუთვნოდათ ესა თუ ის რელიგიური ნაგებობა და ჩამოერთვათ საბჭოთა რეპრესიების შედეგად. 

სახელმწიფო ქონების შესახებ კანონით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე. სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული კონსტიტუციური შეთანხმებით (მე-7 მუხლის პირველი პუნქტი), ეკლესიას უფლება აქვს გახდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეკლესია-მონასტრების მესაკუთრე. ამრიგად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი აკრძალვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საკულტო ნაგებობის პრივატიზების შესახებ, ვრცელდება ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე, გარდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, რაც დისკრიმინაციის საფუძველს ქმნის. სწორედ ამიტომ, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ქონების კანონის ჩანაწერი რელიგიური ნაგებობების პრივატიზების აკრძალვის შესახებ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას. 

ამავდროულად, ამავე საოქმო ჩანაწერით, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ საქმესთან გააერთიანა სასამართლოს წარმოებაში უკვე არსებული რელიგიური ორგანიზაციების ორი სარჩელი, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის დისკრიმინაციულ ნორმებს შეეხება:

პირველი მათგანი უკავშირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებს არ ათავისუფლებს მიწაზე ქონების გადასახადისგან, მიწის არაეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევაში, განსხვავებით საქართველოს საპატრიარქოსგან, რომელიც გათავისუფლებულია გადასახადისგან საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით; 

მეორე სარჩელი კი შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის  159-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის და 195-ე მუხლის იმ  ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებს აკისრებს იმპორტის გადასახადის და იმპორტის დროს დღგ-ს გადასახადის ვალდებულებას რელიგიური დანიშნულების პროდუქციის საქართველოში იმპორტირებისას, განსხვავებით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიისგან.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 3 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე  დააკმაყოფილა რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ის ნორმები, რომლებიც ასევე დისკრიმინაციულ პირობებს აწესებდა არადომინანტი რელიგიური ორგანიზაციებისთვის.

დღეის მდგომარეობით, TDI-ს წარმომადგენლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაშია რელიგიური ორგანიზაციების ოთხი სარჩელი. 

2016-2021 წლებში TDI იურიდიულ დახმარებასა და სტრატეგიულ სამართალწარმოებას ახორციელებდა USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით. მიმდინარე სტრატეგიულ სამართალწარმოებას TDI ახორციელებს EED-ს ფინანსური მხარდაჭერით.